სუნთქვის გარეშე სიცოცხლეს ვსწავლობ! - კვირის პალიტრა

სუნთქვის გარეშე სიცოცხლეს ვსწავლობ!

მე ვეღარ ვსუნთქავ! ღრმად მინდა ჰაერი ჩავისუნთქო და არ გამომდის. ფილტვები მეკუმშება და სუნთქვა მიჭირს. ვფიქრობ, სად შეიძლება დედაქალაქში ისუნთქო ან, დღის რომელ მონაკვეთში? გზისპირას ვცხოვრობ და დილას ადრე ვაღებ ფანჯრებს, იქნებ ჟანგბადის ნასახი ვიგრძნო ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია პირველად ცხვირში გამონაბოლქვის სუნი მცემს.

გარეთ გავდივარ და სახეზე შარფს ვიხვევ, რომ შავი ბოლი არ ვისუნთქო, რომელიც ყოველ მეორე მანქანას მიჰყვება. ზაფხულშიც ასე ვიქცეოდი. 40 გრადუს სიცხეში სახეზე ვიფარებდი, რომ შავი ბოლისგან სული არ შემკვროდა. მაშინაც და ახლაც მანქანის ფანჯრიდან მომზირალი გაოცებული სახეები მაყოლებენ თვალს.

მე კი ვფიქრობ, ალბათ ხშირად სვამს ეს მძღოლი ჩვენი ქვეყნის სადღეგრძელოს. ან მღერის ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოს და არასოდეს ფიქრობს, რომ აი, ახლა მე "მომკლა!" ხველა დიდხანს მიმყვება და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ასეთი მანქანის მძღოლები კარგზე ფიქრობდნენ, როცა მათ ასეთი დაბალი ეკოლოგიური შეგნება აქვთ? ან, რას ფიქრობენ ის მშენებლები, რომლებიც ადამიანის ფილტვების "მკვლელებად" მოიაზრებიან.

მაგრამ რას იზამ, მოქალაქეებს თავისთავად არაფრის შეცვლა შეუძლიათ. ყველა განვითარებული ქვეყანა მორალზე კი არა კანონსა და სისტემაზე დგას. ეხლა უკვე გაბრაზებული მივაბიჯებ ქუჩაში და ვფიქრობ, რაღა უნდა მოხდეს, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მე უფრო ხელისუფლების მიკვირს, სათავეში რომ ხარ და გაქვს შესაძლებლობა ხალხს განუმარტო, რომ ეკოლოგიური ეთიკა ჰუმანიზმის უმაღლესი საფეხურია, რადგან უსასრულოდ ზრდის ადამიანის პასუხისმგებლობის არეალს და ამას არ აკეთებ!

როცა გაქვს შესაძლებლობა გადადგა მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც პროცესს დაძრავს უკეთესობისკენ და ამას არ აკეთებ.

მაშ, როგორღა ვისუნთქო? რისი იმედი მქონდეს მე და სხვა ათასებს? ვინ აგებს პასუხს ჩვენს სიცოცხლეზე?

შვეიცარიელმა გარემოს დამცველმა მითხრა: "დაძველება მარტო ღვინოს და კონიაკს უხდება და მანქანას - არა". მისი თქმით შვეიცარიაში ჟანგის პატარა წერტილიც, რომ მოედოს მანქანას და იმ მანქანით ქუჩაში გამოხვიდე, საშინლად დაჯარიმდები.

ფილტრის გარეშე ქუჩაში სიარული ხომ წარმოუდგენელიაო. მე აღარ ვუხსნი, რომ ჩვენთან ტექდათვალიერებაზე, რეკრეაციულ ზონებზე და სხვა მსგავს საკითხებზე მხოლოდ ბჭობენ, მერე კანონპროექტებს "თხზავენ", მერე ათასჯერ ცვლიან და მერე, ისევ ყველაფერს ივიწყებენ-მეთქი. რადგან ხან ერთმანეთის გაბრაზების ეშინიათ. ხან ნაცნობის ბიზნების ეშინიათ. ხან, ნორმალური გადაწყვეტილების მიღების და ვინ იცის კიდევ რის?!

ამასწინათ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა გვითხრა, რომ: "ზოგჯერ ნაბიჯების განხორციელება მოითხოვს გარკვეული მსხვერპლის გაღებას, ასევე მენტალობის შეცვლას. პოლიტიკოსებს არ ესმით, რომ გარემოს დაცვა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის დღევანდელი საქართველოსთვისო".

ამ ნათქვამს რამდენიმე ფაქტს დავამატებ: თუკი 90-იან წლებში, საქართველოში რაიმეს შეიძლებოდა დარქმეოდა "ეროვნული მოძრაობა" ეს მწვანეთა მოძრაობა იყო, რომელიც მაშინ ზურაბ ჟვანიამ დააფუძნა. სწორედ ამ მოძრაობამ უთხრა პირველად საზოგადოებას, რომ "მწვანეთა მსოფლმხედველობა" რაღაც ფუფუნება კი არ არის, არამედ ერთადერთი მსოფლმხედველობაა, რომელსაც ყველა ქვეყნის, მთელი დედამიწის განვითარების კონცეფცია უნდა დაეფუძნოს, თუ გვინდა, რომ სიცოცხლე გადარჩეს".

მერე, სხვაგვარად განვითარდა მოვლენები, ეს მოძრაობა მოკვდა და ამას ახლა არ მოვყვები. უბრალოდ ტრაგიკულია, რომ 90-იანიდან მოყოლებული დღემდე, გაპარტახდა საქართველოს ბუნება, არც ერთი ნორმალური პარკი არ გადარჩა, ამდენი ხე მოიჭრა და საკუთარი ხელით ვისწრაფავთ სიცოცხლეს დაბინძურებული ჰაერით.

ეჭვი არ მეპარება, წავალთ სახლებში მერე და დავლევთ ულევ სადღეგრძელოს, როგორ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, დავაჯერებთ ჩვენს თავს ილუზიაში, თუ როგორ გიჟდებიან სხვები ჩვენს ბუნებაზე და სხვაგან ასეთი ბუნება არსად არსებობს.

რეალობა კი სხვაგან არის. თუ სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სამყაროსთან ელემენტარული ჰარმონიის შენარჩუნება გვინდა, არა მხოლოდ ეკონომიკა, ჩვენი ცხოვრების წესიც და ჩვენი ნებისმიერი აქტივობაც ეკოლოგიას უნდა ექვემდებარებოდეს.

და, ეს პირველ რიგში პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროს აუქმებენ, შესაძლოა დაფინანსებას არ ამცირებენ, მაგრამ არანაირ პრაქტიკულ ნაბიჯს არ დგამენ. ქვეყანას მართავენ, მაგრამ ვერ შეუმეცნებიათ, რომ "ეკონომიკა ექვემდებარება ეკოლოგიას".

დღეს, ისევე როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში პოლიტიკური სიმამაცისა და ნებისყოფის დეფიციტია, რომელსაც ემატება მზარდი სიღატაკე და გულგრილობა.

და, ვიდრე ჩემს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლესა და ეკოლოგიაზე წინ, ვიღაცის ძმაკაცობა ან პირადი ბიზნესი დგას, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს ფულის კეთება უფრო მოსწონთ, ვიდრე ჩამყაყებული სისტემის ნგრევაზე ფიქრი, მანამდე სუნთქვის გარეშე სიცოცხლეს ვსწავლობ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს