ყალბი ბოდიში თქვენთვის შეინახეთ, ბატონო პრემიერო! - კვირის პალიტრა

ყალბი ბოდიში თქვენთვის შეინახეთ, ბატონო პრემიერო!

ჩემმა "ფეისბუკელმა" მეგობარმა გიორგიმ ერთი ამბავი ჩამიგდო, ნახე ისევ რა ხდება სკოლებშიო. ამბავში აღწერილია ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც თავს იმართლებს, რომ პირველკლასელი მოსწავლე სრულიად შემთხვევით დაასისხლიანა. გული ამიჩქარდა, ისევ ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ჩემს პირველკლასელ დას მასწავლებელმა ყური, რომ აახია და მერე, როგორი თავდაჯერებითა და აგრესიით ელაპარაკა დედაჩემს, მასწავლებელი ვარ და ხან ისე დამემართება, ხან ასეო. ანუ, თავი გაიმართლა. მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. არც არასოდეს მახსოვს ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე წახალისებული არ ყოფილიყო "კლაოზნიკი" მშობელი, უზრდელი მოსწავლე, მოძალადე მასწავლებელი.

წლების განმავლობაში ვითარება არ შეცვლილა და არც ვფიქრობთ მის შეცვლაზე. სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ სკოლის თანამშრომელთა 17% ცემას ძალადობად არ მიიჩნევს. 37% წამორტყმას ძალადობად არ თვლის. 42% კი ყურის აწევას ძალადობად არ მიიჩნევს. ეს მცირე მონაცემებიც კი ცხადყოფს, რომ არამარტო დაჭაობებული სისტემა გვაქვს, არამედ მძიმე მენტალიტეტი საბჭოთა დროიდან მოყოლებული ჩაკირულია ჩვენს ტვინებში და ეს, საერთოდ არ გვანაღვლებს.

როგორ ფიქრობთ, როგორი პიროვნება გამოვა ის პირველკლასელი, რომელიც უყურებს, რომ პედაგოგისთვის პასუხი არავის მოუთხოვია მისი დასისხლიანებისთვის?

რუსთავის სკოლაში ერთმა მოსწავლემ მეორე ელექტროშოკის აპარატით გათიშა. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე დაისაჯოს და მასწავლებელმა პასუხი აგოს, დირექტორის ჩათვლით ყველა თავის მართლებაზეა გადასული.

მე არ მაქვს იმედი, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარს სამართლიანად გამოიძიებენ, რადგან ჩემს ქვეყანაში "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" ყოველთვის მოგებულები რჩებიან. რადგან ძალადობა ჩვენი ყოველდღიური ყოფის ნაწილად ვაქციეთ. ჩვენ ხომ აღარ აღვიქვამთ ძალადობად აგრესიას, რომელიც ყოველდღე გვხვდება, უზრდელობას, თავხედ მძღოლებს, ძალიან ცუდ სერვისს, ერთმანეთის შეურაცხყოფას......?

ა, ბატონო პრემიერიც "გაიქაჩა" და შეიგინა. მე შემრცხვა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. მერე, ეგრევე ბოდიში მოიხადა. რაც ამ დროს მისი მოსმენისას აღმომხდა, ეს იყო: ყალბი ბოდიში თქვენთვის შეინახეთ ბატონო პრემიერო! არც შევმცდარვარ. მეორე დღესვე, თავადვე ხაზი გადაუსვა საკუთარ ბოდიშს და ქუჩის ბიჭების ტერმინით პარლამენტში საქმე გაარჩია: "ხელი არ დაადოთ ბიჭებო.."

თქვენ, ვინც ამ ბლოგს კითხულობთ, არ გეცინებათ, რომ ეს ხალხი ქვეყნის მშენებლობაზე საუბრობს? არ გეცინებათ, რომ სკოლებში შსს გააძლიერეს? არ გეცინებათ, როცა ადამიანის უფლებებს ახსენებენ? შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, მაგრამ შემდეგ ამ შეცდომის თავდაუზოგავი გამართლება და არაფრის

გამოსწორება შოკში არ გაგდებთ? აფექტის წუთმა ხომ გაიარა? რა საჭიროა ძალადობის მხარდამჭერთა ამხელა არმია?

21-ე საუკუნეში მაოცებს ჩვენს ქვეყანაში არსებული დამოკიდებულება წარმატების მიმართ, განათლებული კაცის, პატიოსანი და წესიერი ადამიანების მიმართ.

ტელევიზიის საშუალებით ყოველდღე ვუყურებ უკიდურესად უღირს ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წარმატებულ ტიპებს საქართველოში. ძალადობით, ბოზობით, ბილწსიტყვაობით, სხვების დაჩაგვრით, კორუმპირებულობით, რომ "მიაღწიეს" რაღაცას. ამას ემატება მოლაქუცეთა არმია და ამ ყველაფერს ჩვენი შვილები უყურებენ. შემდეგ კი მათგან მორალურ ცხოვრებას ვითხოვთ.

მე, ბევრის ბრიყვულ მოსაზრებას არ ვიზიარებ, რომ ქვეყნის პირველ პირს შემთხვევით შეეშალა, ან ნერვებმა უმტყუნა. ჩემი აზრით ეს იყო გამიზნული ქმედება, რათა მას თავისი "სიძლიერე" და მის გუნდს "ერთსულოვნება," საზოგადოებისთვის ამ გზით დაენახებინა. თუ რატომ, ძნელი მისახვედრი არ არის.

მიუხედავად აბსოლუტურად პესიმისტური გარემოსი, მე ჯერ კიდევ იმედი არ დამიკარგავს.

ბატონო პრემიერო, ჩემს ქვეყანაში, არ მინდა, თქვენნაირები" პალაჟენიეს" ამყარებდნენ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს