ერთ წამს შეჩერდი და მიპასუხე... - კვირის პალიტრა

ერთ წამს შეჩერდი და მიპასუხე...

ცოტა ხანს შეჩერდი ადამიანო! გეგონა დღეები მხოლოდ კალენდარს აკლებდნენ ფურცლებს? ფიქრობ მხოლოდ სხვისი ტვირთია სიბერე და ის ბავშვობაც ადრე ნანახ ფილმსა თუ წაკითხულ წიგნს უფრო ჰგავს, ვიდრე საკუთარი სიცოცხლის პატარა ნაწილს.

რა ჩქარა გარბის დღეები...რა სწრაფად და ჩვენ, ადამიანები ჩვენსას არ ვეშვებით. ათას სიგიჟეში ჩაფლულებს ვეღარც კი ვამჩნევთ, რომ კიდევ ერთი წელი მიილია.

მინდა ერთ წამს შეჩერდე და მიპასუხო - რა არის სიცოცხლე? გეღიმება, თითქოს ბევრი გაქვს სათქმელი, არადა, ვერაფერს მეუბნები.

რა არის წამი სიცოცხლე?... ჩემი ბავშვობა გამახსენდა და მეღიმება. მსგავს რიტორიკულ შეკითხვებს ერთმანეთს, რომ ვაძლევდით და მერე, ერთმანეთის რვეულებში ისე ვწერდით: "სიცოცხლე წამია", - არც კი ვიაზრებდით.

ეხლა კი მთელი არსით ვგრძნობ, რომ ლამაზი წამია და ეს სილამაზე შენს ხელთაა, თუკი მას ბედის ანაბარა არ მიატოვებ.

სიცოცხლე უდიდესი სიხარულია ადამიანისა, ამიტომაც მას უნდა მსახურობდეს იგი თავისი ცხოვრებით. თითოეული ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი. იგი ჭეშმარიტად ბედნიერია თავისი ყოფიერებით, რამეთუ შემოქმედის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

შენშია სწორედ თითოეული სიკეთე. ყველაზე მდიდარი ხომ შენ ხარ ადამიანო, რადგან საგანძური ხარ ღვთისა... მაშინ, რისთვის ეძებ შენს მტრებში სიხარულს, შეწევნასა და დახმარებას? რატომ მწუხარებ დღენიადაგ ცრუ ფასეულობების შეძენისა თუ დაკარგვის გამო და უარყოფ ხატებას, რომელიც ღვთისგან გებოძა მასთან მადლიერი ერთობისათვის?

ისევ ჩქარობთ. ნეტავ, გამაგებინა რის მიღწევას ლამობ? საით გარბიხართ? იცით რა სასაცილოა ცდილობდეთ მიაღწიოთ იმას, რაც თქვენს მიღმაა? სიხარულის გარეშე, ხომ ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ წინ. სიხარული კი აქ არის, თქვენივე სხეულის შიგნით, თქვენს სულში.

სიცოცხლე ჩვენს ხელთაა და როგორც მხატვრები ისე ვალამაზებთ ან ვაფუჭებთ ფერებით ყოველ დღე.

მეც თქვენთანა ვარ. ღმერთმა ქნას ამ წელს ცოტათი მაინც შევძლოთ, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, დავამშვიდოთ ქვეყანა, მეტად მოვითმინოთ, მეტად გვიყვარდეს, უფრო დავუთმოთ, მეტი ღიმილი გავიღოთ....

თუნდაც ჩემი სიტყვა ზღვაში წვეთი იყოს სხვა სიკეთესთან, მეტი არ მინდა.

შობა- ახალ წელს გილოცავთ ადამიანებო, სიხარული და სიყვარული არ დაგვლეოდეს.

პატივისცემითა და სიყვარულით, ნინო ცხვარაშვილი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს