ვიდრე ჩვენი მწერლები სიცივეში გარდაიცვლებიან, ვიდრე ჩვენს პოეტებს პოლიციელები შეურაცხყოფენ... - კვირის პალიტრა

ვიდრე ჩვენი მწერლები სიცივეში გარდაიცვლებიან, ვიდრე ჩვენს პოეტებს პოლიციელები შეურაცხყოფენ...

დროს ვერ ვაჩერებ, მაგრამ თავისუფალი დროის გამონახვა ტანჯვად მექცა. ვგულისხმობ, შაბათ დღეს მაინც მშვიდად გავიღვიძო, მაღვიძარას გარეშე, მშვიდად მოვუსმინო მუსიკას, წავიდე ერთ კულტურულ ღონისძიებაზე მაინც.. ბოლოსდაბოლოს დავივიწყო, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის.

უკვე მერამდენე თვეა კვირის ბოლოდან ვიწყებ ცხოვრებას და არაფერი გამომდის. არ ვიცი რომელ საათზე გამეღვიძა დღეს. არ ვაპირებ საათს დავხედო. არ ვაპირებ კომპიუტერი ჩავრთო, რომლისგანაც არაფერი მრჩება და ჩემი სიცოცხლის წუთებს მართმევს.

ვინ გაცდის ფიქრებს? ჩემი უახლოესი მეგობარი ერეკლე მირეკავს და მეუბნება, რომ ძალიან დავივიწყე, არადა სულ ვფიქრობდი დამერეკა და ამ ფიქრში ერთი კვირა გასულა..

დილიდანვე ვსაყვედურობ ღმერთს, ლოცვისათვის კი არა საკუთარი თავისთვის ძლივს მრჩება დრო. როგორ შეიძლება სახლის საქმეებზეც კი ისე დავრბოდე გეგონება თვითმფრინავზე მაგვიანდება.

სწრაფად ვიცმევ და გავრბივარ გამოფენაზე. ქუჩაში ისე, მივაბიჯებ, გეგონება "დრო" ჩემს წინ მიდის და უნდა დავეწიო. ალან უოტსი წერდა: "რაც მყარად გვეჩვენება, სინამდვილეში ჩვენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე პროცესს და აქტივობას წარმოადგენს. სინამდვილეში დრო არ არსებობსო".

ჰმ, რაღა ეხლა გამახსენდა, დავუჯეროთ ალან უოტს? ვეკითხები ჩემს თავს. მაშინ დრო ენერგიისა და მოძრაობის საზომი ყოფილა,- ვფილოსოფოსობ. ასე, რომ ჩქარა თუ ვივლი, მაშინ დღეს სხვა საქმეებსაც მოვასწრებ.

ჩინელი მხატვრების გამოფენაზე შთამბეჭდავი ნამუშევრები იყო. აი, მაგალითად ასეთი. ეს სულია, ჩინელები სულს თურმე ოთხკუთხედ ფორმიად აღიქვამენ. გამახსენდა აღმოსავლური რელიგია, სადაც აღნიშნულია, რომ ოთხი, "მარადიული ბუნების წყარო და ფესვია". სხვათაშორის პლატონის თანახმად სხეული "ოთხისგან" შედგება, თავად პითაგორა სულს განსაზღვრავდა, როგორც კვადრატს...

ემოციებით სავსე ვარ და ეს ემოციები ოდნავ ფილოსოფიაში მაგდებს... მიხარია, რომ დღეს მაინც შევძელი გამოფენაზე წასვლა.

გზად წიგნების მაღაზიაში შევიარე. აქ ყოველთვის ისეთი გაოგნებული სახეებით გემსახურებიან, თითქოს წიგნის მაღაზიაში, წიგნის ნაცვლად თხილამურები ვითხოვე.

სულ ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი ადამიანი ვაჟა გიგაშვილი გარდაიცვალა. ადრე მქონდა წაკითხული მისი მოთხრობები და, როცა ეს ამბავი გავიგე გული ჩამწყდა. ახლა მის სხვა გამოცემას ვეძებ. ამასობაში, ერთი წიგნი გადავშალე და ფრაზა, რომელიც ჩემს თვალს შერჩა ამოვიკითხე: " თუ შენ განსხვავდები ჩემგან, ძმაო ჩემო, ეს, მე კი არ მაკნინებს, არამედ მამდიდრებს". სასწრაფოდ წიგნის გარეკანს დავხედე, აწერია ანტუან დე სენტ ეგზიუპერი. წიგნი თაროზე დავაბრუნე და გავიფიქრე, რამდენი სულიერებაა ჩაქსოვილი ამ მშრალი ტერმინოლოგიის მიღმა.

ის, რასაც ვეძებდი: "მოთხრობები პოეტზე...", ჰქონდათ, მაგრამ ვერ მიპოვეს. ცოტა ნაწყენი წამოვედი.

თაბუკაშვილი წერდა ოდესღაც, გიგაშვილზე: "დღეს, როცა კომფორტი და წარმატებულობა მთავარ ღირებულებად იქცა, გირჩევდით დათმოთ "თბილი ლოგინი" და ვაჟა გიგაშვილს გაჰყვეთ "ცივ ღამეში", რომელიც მწერლის უნიკალური ხატვის წყალობით, აწკრიალებს დაღლილ და გათხვრილ სულიერებას და ჭეშმარიტ რეალობაში შებიჯების შანსს გაძლევს"...

ჩემს თავს კი მივეცი პირობა არ ჩავრთო კომპიუტერი დღეს, დავისვენო ინფორმაციისაგან და უაზრო "ჩატისგან", მაგრამ ხვალ მაინც "დავპოსტავ",- გთხოვთ მეგობრებო, ვიდრე ჩვენი მწერლები სიცივეში გარდაიცვლებიან, ვიდრე ჩვენს პოეტებს პოლიციელები შეურაცხყოფენ და ცხვირ-პირს გაუერთიანებენ, მოასწარით და მანამ გაიცანით ისინი, რომ მერე არ თქვათ ესენი ვინ არიანო?

დღეს ჩემები ვერ ვნახე, მაგრამ სხვა პატარა საქმეებიც მოვასწარი. საღამოს კი, რომელიც ფეხდაფეხ წამომეწია, ვაპირებ ჩავუჯდე ო’ჰენრის. ხომ გახსოვთ ლათინური ანდაზა: "სად არ ვეძიე სიმშვიდე და ვპოვე იგი ოდენ კუთხეში, წიგნით ხელში". ალბათ, ეს საუკეთესო მდგომარეობაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც გამშვიდებს.

არ მინდა გადავამეტო, მაგრამ ეს ხომ, იმაზე მსჯელობას ჯობს 28 წელი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, სხვისი კი არა ჩვენი გამოცდილებიდანაც, რომ არაფერი ვისწავლეთ. არაერთი პრობლემა მიტრიალებს თავში, რომელიც გულს მიჩქარებს. მე, ჟურნალისტი ვარ და ვწერ. აბა, პოლიტიკურ მოძრაობას ხომ არ ჩამოვაყალიბებ? ვერასოდეს ვეგუები კომფორმისტულ საზოგადოებას. ჩვენ გვაწუხებს პრობლემები, მაგრამ მისი დანახვა და გამოსწორება არ გვინდა.

არა, მორჩა დღეს პრობლემებზეც არ ვიფიქრებ. ტელევიზორსაც "პროტესტს ვუცხადებ"... ჰოდა, ჩემ ბლოგშიც ის დავწერე, რაც დღეს გადამხდა, რაც დღეს ვიგრძენი. ეხლა წავალ და მშვიდად ჩავუჯდები "კომბოსტოს და მეფეებს"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს