ერთობ დაბურული ფანჯრებიდან უყურებთ ქვეყანას, პარლამენტარებო! - კვირის პალიტრა

ერთობ დაბურული ფანჯრებიდან უყურებთ ქვეყანას, პარლამენტარებო!

მე, არ ვამბობ, რომ პრემია-დანამატების ხელფასებთან შერწყმით და მათი ზრდის ფონზე გაღატაკდა მოსახლეობა, მაგრამ პარლამენტარებო უხერხულია, თქვენი მხრიდან იმის თქმა, რომ ცხოვრება გაუმჯობესდა. სინამდვილეში ცალკეულმა ტიპებმა გაიუმჯობესეთ ხელფასები და სირცხვილია, როცა თქვენი პრემია-ხელფასის თვალთახედვის ჭრილში აფასებთ ქვეყნის ეკომონიკურ მდგომარეობას.

სენსაცია აღმოვაჩინე! მედიით გავიგე, რომ ჩვენს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1000-დან 1500 ლარამდე ყოფილა. ჰო, გამიკვირდა, რადგან ადამიანთა უმეტესობა ამ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის მეოთხედსაც ვერ ვიმსახურებთ წლიდან წლამდე. ჩვენ, უბრალოდ პროფესიონალი-პატიოსნები ვართ და ასეთები ამ ქვეყანაში ვერ ვცხოვრობთ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებიდანაც ცხადად გამოჩნდა, რომ მთავარი ეროვნული პრობლემა სამუშაო ადგილები და ხელფასებია. როცა გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ მათი მთელი ოჯახის შემოსავალი 500 ლარს არ აღემატება, რომელ საშუალო ხელფასზე მსჯელობთ ან რა უფლება გაქვთ ეკონომიკურ წინსვლაზე ისაუბროთ?

მეორე შოკი იყო, როცა ერთ-ერთმა პარლამენტარმა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, მტრები ისედაც ბევრი მყავს) ზემოთ მოცემული ციფრის საპასუხოდ რადიო-გადაცემაში განაცხადა: "ალბათ ჩვენ მოსახლეობასთან უნდა ვიმუშაოთ. ვერ გავიგე რატომაა ასეთი დამოკიდებულება მათი მხრიდან? სავარაუდოდ, წელს დავფიქრდებით ამ ფაქტზეო" და აქვე დასაქმების ზრდის ტემპებზეც ჩართო ორი წინადადება.

საქართველოს პარლამენტარებს გულწრფელად გეკითხებით: ჩემი გაჭირვების გამო ქუჩაში, რომ გავიდე და ხელგამოწვდილი დავჯდე, ჩავითვლები დასაქმებულად?

ქუჩაში ძალიან ბევრი დახმარების მთხოვნელია. ასევე, ძალიან ბევრი ტაქსის მძღოლი. ბევრი ქუჩის გამყიდველი (სპონტანურად მომუშავე, რათა თავი გადაირჩინოს). მარტო გუშინ, სამარშრუტო ტაქსიში 3-ჯერ შემხვდა სხვადასხვა ტიპის ადამიანი, რომელმაც ვერ გადაიხადა მგზავრობის თანხა.

სახელფასო ბიუჯეტი ადგილობრივი მთავრობისთვის კი, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა თანხით იზრდება. მაგალითად: გურჯაანის სახელფასო ფონდი 145 000 ლარითაა გაზრდილი, რასაც გურჯაანის მერიაში პრემია-დანამატის გაუქმებით ხსნიან. 250 000 ლარითაა გაზრდილი ქუთაისის მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდი და ის 3,5 მილიონი ლარი გახდა. სახელფასო ფონდი გაიზარდა საკრებულოშიც. 54 000 ლარით იზრდება დედაქალაქის მთავრობაში და ასე შემდეგ...

"ქართული ოცნების" პარლამენტის ერთ-ერთი წევრის (აქაც გვარს შეგნებულად არ ვამბობ, მაგრამ ვციტირებ) თქმით: "ხელფასები იზრდება იმის გამო, რომ პრემია-დანამატი უქმდება და არ მივიჩნევ სწორად, რომ ამას ხელფასების მატება დაერქვას"

ეს ხდება მაშინ, როცა 2018 წლის ბიუჯეტიდან 5 ლარიც კი, ვერ გაიმეტეთ პენსიის გასაზრდელად და მინიმალური ხელფასების მიზერული ზრდაც არ ხერხდება.

ამ ფონზე, მტკიცებით ფორმაში ეუბნებით მოქალაქეებს, რომ პრემია-დანამატები აღარ იქნებაო.

ჩვენ კი არ გვშურს თქვენი, არამედ, უბრალოდ გეუბნებით,- ქვეყანას რეალობის შეგრძნებადაკარგულები მართავთ.

და, არ გადავიწყდეთ ეს ხდება იმ დროს, როცა 14 მილიარდიანი საგარეო ვალი გვაწევს ზურგზე და მოსახელობის 90% ბანკდამოკიდებულია.

იმ დროს, როცა მოქალაქეებს განვითარების საშუალება არ აქვთ. როცა, წლიდან წლამდე მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ არ დაიხოცონ. და, ჩვენს ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს.

ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთ დიფერენცირებას ხალხსა და ხელისუფლებას შორის, მოქალაქეები ქუჩაში გამოსვლითა და შენობების გადაწვით აპროტესტებენ. აქ მოსახლეობა ვერ ბედავს პროტესტს, რადგან ადამიანის უფლებები დაცული არ არის. შრომითი უფლება დაცული არ არის.

თქვენ კი, ვერ ამჩნევთ ამ ვითარებას პარლამენტარებო. ძალიან დაბურული მანქანის მინებიდან ხომ არ იმზირებით?

ხომ არ გაქვთ სურვილი ერთხელ ქუჩაში გამოხვიდეთ და შეხედოთ რეალობას: რა მდგომარეობაშია ჩვენი მოსახლეობა?

რას ჰგავს დღეს ჩვენი ქვეყანა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს