მე სანდრო ვარ! - კვირის პალიტრა

მე სანდრო ვარ!

მე სანდრო ვარ! სანდრო გირგვლიანი! რომლის მკვლელობაც ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

12 წელი გასულა.

2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის სიმახინჯე გამოააშკარავა. ამავე დროს, ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად, მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.

მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე 9 წუთიანი რადიო-რეპორტაჟი, სპეციფიური ხმებითა და ფონებით გაფორმებული გააკეთა. მთელი დღე რედაქციაში ზარები არ შეწყვეტილა. 12 თებერვალს ტელე-იმედის "დროებაში" მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურდა.

მკვლელობიდან ერთი წლისთავზე, თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებთან ერთად, ქუჩის აქციაზე სასამართლო სისტემას ვაპროტესტებდი.

ისტორიულ ქრონოლოგიას დღეს არანაირი მნიშვნელობა, ალბათ, აღარ აქვს.

მე სანდრო ვარ! 12 წლის შემდეგაც, 2018 წლის იანვარს, მართლმსაჯულების დღევანდელ მდგომარეობასა და მაშინდელს შორის, სამწუხაროდ, ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ.

არასოდეს მავიწყდება, 28 თებერვალს გამართულ საპარლამენტო მოსმენებზე მერაბიშვილმა რომ განაცხადა, გამოძიებას ჯერ არ ჰქონდა რაიმე ფაქტობრივი მტკიცება, რომელიც "იმედის" ვერსიაში დასახელებული შს სამინისტროს თანამშრომლების გათავისუფლების საბაბი შეიძლება გამხდარიყო.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ თანამშრომელთა დაკავშირება საქმესთან იყო "პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა და მეტი არაფერი..." არ გენიშნათ? ეს სიტყვები ხომ წლიდან წლამდე, ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე არ იცვლება ჩვენს ქვეყანაში.

ყველა ხელისუფლება "რაღაც" რეფორმას ახორციელებს "დემოკრატიის" სახელით და სინამდვილეში მახინჯი სისტემა, რომელიც ჩვენს ტვინებშია ჩაკირული არ ვცლით.

და მე, სანდრო ვარ! გმირი ირინა ენუქიძის შვილი.

მე სანდრო ვარ, ვიდრე სამართალდამცავი დანაშაულს დანაშაულითვე პასუხობს!

ვედრე, პატრონიანთა და უპატრონოთა მიხედვით მუშაობს მართლმსაჯულება!

ვიდრე სისტემა ჩაგრავს პატიმრებს!

მე, სანდრო ვარ! ვიდრე მურუსიძის დონეზე რჩება სასამართლო! ვიდრე სამართლის აღსრულება ჯერ კიდევ არ ხდება.

ვიდრე ვიღაც მეტია ჩემზე, როგორც პრივილეგირებული ჯგუფის წევრი!

ვიდრე მართლმსაჯულების მიმართ კითხვები არსებობს და ის ლპობის პროცესშია!

რადგან ხელისუფლება თავზე გვახვევს 90-იანი წლების ქუჩის დღის წესრიგს. რადგან ჩამპალი სისტემა ყოველდღე გვანადგურებს და ხელისუფლება მას ხელს აფარებს!

და მკლავენ სანდროსავით ყოველდღე, უსამართლობისა და ძალადობის ქვეყანაში, სადაც "ჩადება" ისევ მოდაშია და მთელი ქვეყანა საბჭოთა მენტალიტეტით ცხოვრობს.

ვიდრე, პოლიციელი რეპუტაციის გარეშეა! მოქალაქის ღირსება კი ფეხქვეშგათელილი!

მე, დღეს სანდრო ვარ....

უსამართლობის მსხვერპლი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს