"ვართ თუ არა უზნეო ერი?!" - კვირის პალიტრა

"ვართ თუ არა უზნეო ერი?!"

არ მიყვარს სრულიად ერის დადანაშაულება რამეში, მთელი ხალხის ნეგატიურად მოხსენიება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ძალიან ყელში მაქვს ამოსული ადამიანების უზნეობა და თავხედობა და მკვეთრად უნდა ვთქვა სათქმელი. ეს ფაქტები, რაზეც აქ დავწერ, იმდენად ხშირია და საკმაოდ დიდი ხანია სხვაგვარი ადამიანი არ შემხვედრია, რომ თუ სადმე თითო-ოროლა კულტურული მოქალაქე არსებობს, ეს საერთო ფონს ვერ ცვლის.

სულ ხომ გვეჩქარება, სულ აგრესიულები დავრბივართ, სულ თავს ვიღაცას ვამეტებთ, მოთმინებადაკარგულები ვართ და ვითომ საქმეს ვაკეთებთ.

დაგინახავთ სადმე ჩვენს ქვეყანაში ადამიანები იდგნენ რიგში? საერთოდ რიგი იცით როგორი "ფორმის" არის? ერთმანეთის უკან, დისტანციურად, რომ დგანან მოქალაქეები და მორჩილად ელოდებიან საკუთარ ჯერს, აი ასეთი!

საქართველოში რიგში ყველა პირველია და დგას ბუჩქად, სიგანეზე, ერთმანეთის გვერდით რაც შეიძლება ახლოს, რომ იქნებ ვინმეს გადაასწრონ... ღმერთო, ნუთუ 21-ე საუკუნეში სადმე ასე იქცევიან?!

სადაც არ უნდა დავიჭირო რიგი, ვდგები წინ მდგომი ადამიანის უკან, დისტანციურად. რაც არ უნდა მეჩქარებოდეს, ვიცავ საზოგადოებრივ წესრიგს. ახალი მომსვლელი ისე მოდის, თითქოს იქ არ ვდგავარ და ჩემსა და იმ წინას შუაში დგება. თუ ვინმეს ეტყვი, რომ უკაცრავად აქ რიგია, გთხოვთ ჩადგეთ რიგში, ეგრევე აგრესიის ნაკადი მოდის. "თქვენ რას გიშლით? სადაც მინდა იქ დავდგები..." და ასე შემდეგ.

თუ უკვე მოლარეს ველაპარაკები ბანკში, სასურსათო მაღაზიაში, მეტროში თუ სხვაგან, ისე მოდის სხვა ადამიანი და გიდგება გვერდით ძალიან ახლოს, რომ კარგა ხანი ვერ ვარკვევდი: ხან ნაცნობი მეგონა და ვაკვირდებოდი, ხან ქურდი მეგონა და ჩანთას წინ ვაქცევდი... ახლა, როგორც კი მივანიშნებ: "გთხოვთ, მოითმინეთ რაა, უკან დადექით და დაელოდეთ თქვენს რიგს", ეგრევე ისეთი სიტყვების ნაკადი მოდის ამ აღგზნებული, არაფრისმთქმელი ადამიანებისგან გული მისკდება, რატომ ვერ ვიცავ თავს?

ჩვენთან თავის დაცვა ნიშნავს იყო ორჯერ მეტად აგრესიული, მე ეს არ მინდა! ამიტომ არის ძალადობა ყველგან. კატეგორიულად მინდა მიცავდეს სამართალი თუ სამართალდამცავი! ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია.

არადა, მარტო რიგში დგომაზე ხომ არ არის საქმე? მესმის, რომ ძალიან სივიწროვეა ე.წ მარშრუტკის სალონებში. გასაგებია, რომ ვიღაცას გვერდი, რომ აუქციო სკამზე მჯდომი ხანდახან უნდა შეაწუხო. მეც შემიწუხებია ასე ადამიანები, თუკი ფეხზე ვდგავარ, მაგრამ 1 წუთში 10-ჯერ მაინც მითქვამს ბოდიში.

ჩემთვის აბსოლუტური შოკია, როცა ვიღაც თავზე უცებ ჩანთას გადებს ან საშინლად გავიწროვებს, ლამის მხრებზე გაჯდება, მაგრამ ერთ ბოდიშს არ გეტყვის. ვალდებულად გთვლის შენ გაუგო მას, რაც აბსურდია.

საერთოდ, არა მხოლოდ ამგვარ, სხვა სიტუაციაშიც ვალდებულად გთვლიან შენ შეხვიდე სხვის მდგომარეობაში. მიხვდე რა სჭირს. ვალდებული ხარ და მორჩა! აქ რა შუაშია კულტურა!

სირცხვილია, ხალხო. მართლა სირცხვილი.

არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, მეტროპოლიტენში, ვიდრე მატარებელი არ გაჩერდება არავინ გარბის კართან, მუჯლუგუნებით. მესმის, როცა გადატვირთულია, შეიძლება წინ გადაინაცვლო, მაგრამ აქ სხვა რამეს ვამბობ. არაერთხელ მინახავს, სიხალვათეა ვაგონში და 5 კაცი გარბის და დგება კართან, მერე ცდილობენ ერთმანეთის წინ ჩადგნენ, მერე ხელით შეეხონ და წინ გადაიწიონ და ასე შემდეგ.

არ მახსოვს, ვაგონიდან გადმოსვლის შემთხვევაში, ბაქანზე მდგომი გზას გითმობდეს. ტალღასავით გეტაკებიან პირდაპირ ცხვირში და უკან გაგდებენ. შენ უნდა იძალადო, რომ დანიშნულების ადგილზე ვაგონიდან ჩამოსვლა მოახერხო.

ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს არ იმჩნევენ და პატივს არ სცემენ.

რადგან ადამიანები 21-ე საუკუნეში კულტურას ვერ სწავლობენ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. ყოველწამს გახსენებს ჩაწერილი ხმა, რომ ჯერ ხალხი უნდა გადმოვიდეს ვაგონებიდან... თუ ამ წესს არ იცავ, ბაქანზე მდგომი პოლიციელი "გაფრინდება" მხრებში და მკაცრად გაფრთხილებს, რომ შენ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევ.

იქ კი, საქართველო არ არის პოლიციელს საქმე გაურჩიო, ეგრევე აგიყვანენ, ამიტომ იხდი ბოდიშს და ემორჩილები საზოგადოებრივ წესს.

ჩვენ, განვითარებას საერთოდ არ ვექვემდებარებით. არ მოგბეზრდათ ერთმანეთის "ჯიკაობა", შეურაცხყოფა და ლანძღვა. არ მოგბეზრდათ ადამიანებო უზრდელად ცხოვრება?!

რამდენჯერ მქონია უდიდესი სურვილი ღიმილში ამეყოლიებინა ნებისმიერი გამყიდველი, მომსახურე პერსონალი და არაფერი გამომდის. რომელ ქვეყანაშია, ასეთი მოპყრობა, თითქოს ვიღაცას შენი ვალი აქვს, ისე წარბშეკრული და გაღიზიანებული გემსახურება.

ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მაინც შეგხვედრიათ კულტურულად მოლაპარაკე? სად გარბიხართ? სად გეჩქარებათ? ქუჩაში მდგომი მგზავრი თუ შეეკითხება მძღოლს აქა და აქ ხომ არ გაივლითო, იმის ნაცვლად, რომ ორი სიტყვა უთხრას, ორად ორი: "არა მანდ არ მოვხვდები" სახეები ეჯღანებათ და ისეთი სისწრაფით ძრავენ ადგილიდან "მარშრუტკას" ლამის ბორბლებში მოაყოლონ ადამიანები.

კიდევ რამდენი მაქვს სათქმელი. რამდენი მაგალითი ყველა მხრიდან შეიძლება ჩამოვთვალო. ლამის გული გამისკდეს. პატრონი გვყავს?!

უცნობი მოქალაქეები ერთმანეთს "შენობით" ელაპარაკებიან. ხომ შეიძლება შენობით ელაპარაკები, მაგრამ რაღაც ეტიკეტი დაიცვა, არ იცნობ ხომ მას? არა, ეს ზღვარი საერთოდ მოშლილია.

ალბათ, ამიტომ არის მერე, თუკი რამე არ მოეწონება, ეს უზრდელი, უკვე გაშინაურებული ადამიანი, ეგრევე შეურაცხყოფაზე გადმოდის.

ასეთი ფაქტები იმდენად მასიურად არის, რომ ორი ადამიანი კი არა, ორი პროცენტიც კი ვერანაირ ფონს ვერ ქმნის. ჩვენ ვართ უკულტუროები! უზრდელობა ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციეთ და ეს, საერთოდ არ გვაწუხებს. როცა ვინმეს ვეუბნები, რომ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ იქცევიან, ან გთხოვთ წესიერად მიპასუხოთ, მაპატიეთ, რომ გკითხეთ, იწყება ორმაგი ყვირილი და აგრესია...

მოკლედ, არ ვიცი, ჩემთვის ეს დიაგნოზია და სერიოზული საფიქრალი. ამ საკითხს ასე იოლად ვერ შევეშვები, კიდევ დავწერ სხვა ფაქტებზე.

ხელისუფლებას, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავის გამოკვება ჰგონია მთავარი საკითხი და ქვეყნის სიყვარული კი, ოპონენტის მტრად გამოცხადება, რა თქმა უნდა, ასეთი ხელისუფლება ხელაღებით გვეტყვის, რომ "ერი უნდა აღიზარდოსო." ესეც სირცხვილია, მაგრამ რას იზამ ევროინტეგრაცია მას ხომ, უპასპორტოდ და იაფად, ევროპის ქვეყნებში ფრენა ჰგონია და მეტი არაფერი.

იმედი არ მაქვს, ვინმე პარლამენტარი ჩემს ბლოგს კითხულობდეს, მაგრამ მე მათ, მაინც შევახსენებ: ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე," სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს