რა ეშველება მედიას საქართველოში? - კვირის პალიტრა

რა ეშველება მედიას საქართველოში?

არანაირი არჩევანი აღარ მაქვს. ჩარჩოებს ვეღარ ვიტან... ყოველშემთხვევაში ასეთი განცდა მაქვს, რომ არჩევანი მედიაში არ არის. უფრო სწორად, არჩევანის არეალი უფრო და უფრო ვიწროვდება.

თითზე ჩამოსათვლელი ტელევიზიები გვაქვს და ყველა მათგანი უკიდურესად რადიკალურია. ვგულისხმობ იმას, რომ ერთნი ხელისუფლების ჯიბრზე ორჯერ მეტად უარყოფითად აშუქებენ მოვლენებს. მეორენი, ხელისუფლების გულის მოსაფონად, მსუბუქად.

როცა ამ ბლოგის წერა დავიწყე მაშინ წამოიჭრა "ტვ-1"-ის პრობლემა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა მედია გადანაწილების სქემა, ბუნდოვანი ბიზნეს კონტროლი, მეათიათასჯერ დაგვასმევინა შეკითხვა: არის თუ არა მედია თავისუფალი და მიუკერძოებელი?

პოსტშევარდნაძის პერიოდი გაგვახსენა, დამოუკიდებელი მედია ხორცს, რომ ისხამდა. ისევ იქ ვართ. არსად არ წავსულვართ.

ამ ფაქტის განხილვას არ ვაპირებ კონკრეტულად. მინდა, სხვადასხვა კუთხით დანახულ მედია პრობლემებზე დავწერო.

ხშირად ვფიქრობ, რა იგულისხმება მიუკერძოებელ მედიაში? მე, პირადად მინახავს ჟურნალისტები, რომლებსაც არანაირი მითითება, მით უფრო ზეწოლა, არ განუცდიათ დამფუძნებლის მხრიდან, მაგრამ მენეჯმენტის შეცვლის პარალელურად, შინაგანი ცენზის გამოყენებით, თავად ცვლიდნენ დამოკიდებულებას მოვლენების გაშუქების მიმართ. ეს ყოველთვის მაოცებდა.

შემდეგ, ისევ ეს ჟურნალისტები საუბრობდნენ თავისუფალ მედიაზე. ალბათ, ასეთი ადამიანების მოგონილია ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი, რომელიც ტიპური რუსული კალკია.

პატიოსანი ჟურნალისტის ფიგურა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჩართულია ცხოვრების უწყვეტ ნაკადში, ანუ ის ან არსებობს ან -  არ. ხოლო თუ არ არის, მას ქადაგებით ან ფორმულირებებით ვერ დაარსებ, ვერ გამოიგონებ.

ეს სხვა საუბრის თემაა, მაგრამ, აქვე გამახსენდნენ ჟურნალისტები, რომელებისთვისაც კოლეგიალობის გრძნობა უფრო მთავარია, ვიდრე მართალი პასუხის მიღება რესპონდენტისგან ან სიმართლის გარკვევა. ესეც საბჭოური მენტალიტეტის ნაწილია... ო, ეს დაუსრულებელი კოლეგიალობის გრძნობა, ტყუილის შემთხვევაში კი, რომელიც შთანთქავს სიმართლეს... მაპატიეთ, მაგრამ ასეა.

მსგავსი ფაქტები მედიამფლობელებზეც შეიძლება ითქვას, რომლებიც დემოკრატიის სახელით ხალხს აბრუებენ და საკუთარ რედაქციებში, აბსოლუტური ექსპლუატაციურ-მონური პირობები აქვთ.

და, ვიდრე ფულზე მოთამაშე ხელისუფალნი და ბიზნესმენები მედიის ბედისწერას, ისევ სასწორზე დებენ, მე ასე დავსვამდი შეკითხვას ჩემი მკითხველისთვის: სათანადოდ აშუქებს თუ არა მედია დღეს მიმდინარე მოვლენებს?

მე, პირადად რამდენიმე არხის ყურება მჭირდება, რათა გავიგო სწორი ინფორმაცია რა ხდება ამა თუ იმ მოვლენის გარშემო.

ქართული საზოგადოება საინფორმაციო გადაცემებს ძირითადად ისე უყურებს, როგორც ერთ დროს პოპულარულ ლათინურ ამერიკულ სერიალებს. ახალი ამბები თითქმის მთლიანად "პოლიტიკას" ეძღვნება. პოლიტიკა კი წარმოდგენილია, როგორც დავა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. თუ ინტერესდება საზოგადოება ასეთი ჩხუბით, მაშინ უფრო აგრესიული და ცხარე ხდება კამათი...

მერე, რთავ ტელევიზორს და ხვდები, რომ არაფერი არ გრჩება. არ იცი, რეალურად რა ხდება? შეიძლება არც არაფერი ხდება. სამწუხაროდ, მხოლოდ სანახაობის დონეზეა ყველაფერი დასული, აქ ამ ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველა სფერო "ასაწყობია", გამოდიხარ გარეთ და ხვდები, რომ გარეთ სულ სხვა რეალობაა. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, რატომ უყურებს ამას საზოგადოება? შეიძლება ხალხმა უკვე დაიჯერა, რომ ეს არის, რასაც საინფორმაციო გადაცემები უნდა შეიცავდეს. რა სამწუხაროა, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე მოთხოვნა საერთოდ არ ჩანს.

ამ ყველა პრობლემის გამო ეჭვი ხელისუფლებაზე მიმაქვს. მას რეალობის დანახვა არ სურს, რადგან მისთვის მიღებულია ადამიანების ორ კატეგორიად - მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად - დაყოფა. არავინ ფიქრობს რა სჭირდება ქვეყანას...

ის, რაც დღეს მედიაში ხდება, რა დამოუკიდებელ ჟურნალისტს ჩამოაყალიბებს ასეთი ტენდენცია? მთავრობა ცდილობს გასცეს რაც შეიძლება ცოტა ინფორმაცია და ისიც მხოლოდ ერთგულებზე. ასეთი დამოკიდებულება ნამდვილი კოშმარია ჟურნალისტებისათვის.

საერთოდ, გრძნობთ, რომ ხელისუფლებას არანაირი არსებითი პასუხი აღარ აქვს მთავარ ფაქტებზე? ეს იმას ნიშნავს, რომ მას მოქალაქეები საერთოდ არ აინტერესებს. არ მიაჩნია თავი ანგარიშვალდებულად მის წინაშე! ამით მან შექმნა გაუთავებელი კრიზისის განწყობა..

კერძო საუბარში თავად მაქვს მოსმენილი მთავრობის წევრთა პოზიცია, რომელნიც აცხადებენ, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და პოლარიზაციას იწვევსო.

არადა, სწორედ, რომ პირიქითაა, ხელისუფალნო! დამოუკიდბელი ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლით და დირექტივების გაცემით, სწორედ მთავრობა ახდენს ქვეყნის დესტაბილიზაციასა და პოლარიზაციას.

დროა ამას ბოლო მოეღოს!

ხელისუფლებას ვეტყოდი: თავისუფალი მედია დემოკრატიის მთავარი დედაბოძია, ისინი ან ერთად არსებობენ ან საერთოდ არ არსებობენ ცალ-ცალკე.

ვისაც გსურთ მეკამათეთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დემოკრატია იდეოლოგია არ არის. დემოკრატია არის პროცედურა, სადაც პროცედურა ირღვევა, იქ ყველაფერი დასრულებულია.

ბოლოს კი გეტყოდით, შეუძლებელია, დემოკრატიასა და განვითარებაზე ვსაუბრობდეთ და ბეჭდური მედია სულს ღაფავდეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს