ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლე 8.60 ლარი ღირს?! - კვირის პალიტრა

ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლე 8.60 ლარი ღირს?!

მინდა გარეთ გამოვიდე და განწირული ხმით ვიყვირო: ეს არ არის პოლიტიკა! ეს არ არის ქვეყნის მართვა! ლამის გული გამისკდეს, საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება და უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს ზოგადი სავალდებულო ფრაზებით ელაპარაკება: "აი, შენ, რომ ასე გააკეთე.." "შენ რა გაქვს სათქმელი, 9 წელი დაგავიწყდა?" "თქვენს მთავრობას არაფერი გაუკეთებია..." ამასობაში კი, კიდევ ერთ, ძალიან ახალგაზრდა კაცს ასაფლავებენ.

პოლიტიკოსებს არ ჰყოფნით სინდისი, თუნდაც ამ ურთულესი პრობლემის დროს, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ეხება, აიღონ პასუხისმგებლობა. მათ, ვერაფრით ვერ ათქმევინებ: დიახ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ.

გულწრფელად უნდა გკითხოთ, ქვეყნის ხელისუფალნო, რომელ ევროკავშირში გაერთიანებაზე საუბრობთ ან ნატოს წევრობის სურვილს გამოთქვამთ, როცა მონური ფსიქოლოგიით მართავთ ქვეყანას?

იქნებ, დადოთ კონკრეტული მონაცემები, რომელ სამშენებლო კომპანიას ვერ ერევით? რომელი მათგანის გამო ღირს დაიღუპოს 170 მუშა, ოღონდ ეს კომპანია არ დისკვალიფიცირდეს ან დაჯარიმდეს? რა გაუკეთებია ასეთ კომპანიებს ჩვენი ქვეყნისთვის?

ერთი დამჭერი-ბაგირი 8.60 ლარი ღირს თურმე. ამ ფასად გიღირთ ახალგაზრდების სიცოცხლე?! გთხოვთ, დათვალეთ რამდენი მუშაა და რამდენი აღჭურვილობა სჭირდება? ნუთუ ეს თანხა თქვენს მილიონებს აღემატება? რატომ არ ხდება ციფრების გამოქვეყნება?

ის, რაც კალაძემ თქვა, ცოტა ირონიას ჰგავს! შთაბეჭდილების შექმნას, რომ ცდილობ, ვითომ რაღაცას ფაფხურობ, - ხალხს დაანახო.

ბატონო კახა, სინამდვილეში მომღიმარი სახით კი არ უნდა გამოაცხადოთ, რომ პასუხისმგებლობა კომპანიის ხელმძღვანელობას ეკისრება, არამედ სითამამე გამოიჩინოთ და მიმართოთ ხელისუფლებას იფიქროს თანამედროვედ, რათა ყველანაირი სტანდარტის დაწესება სწორედ მას ევალება. თქვენ ხომ მაინც იცით ეს!

განვითარებულ ქვეყნებში ხელისუფლება ავალდებულებს ყველა კომპანიას ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა, ჰქონდეს შესაბამისი სტანდარტი, უსაფრთხოების ზომები და ამასთანავე ვალდებულება, რომ ეს მოთხოვნები არ დაირღვეს. მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი რაღაც მიზეზით ირღვევა სტანდარტები, მით უფრო თუ საქმე შეეხო ადამიანის სიცოცხლეს, ჯარიმის შემდეგ, უდგინდება დისკვალიფიკაცია.

ეგ თქვენი შრომის ინსპექცია კორუმპირებულია! ისევე, როგორც ამ კუთხით მომუშავე ყველა ორგანიზაცია. ამიტომ, როგორც ერთხელ მოგმართეთ, იმავე სიტყვებით მოგმართავთ დღესაც: ბატონო პრემიერო, ჩვენ არ ვართ მონები! ქვეყნის მშენებლობა არასოდეს იწყება ქვემოდან. ეს საბჭოთა აზროვნების ნარჩენია. საზოგადოების ლანძღვა ადვილია. გთხოვთ, აიღეთ პასუხისმგებლობა! წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ გიკვირთ, რომ ჩვენი მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. ნუ გიკვირთ, რომ წლებია ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით.

და თუ ასე გაგრძელდება, საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ თქვენა ხართ ხელისუფლება, რომელსაც თითო ადამიანის სიცოცხლე 8.60 ლარი უღირს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს