დაფიქრდით, რა ელის სამშობლოში ევროპიდან გამოძევებულ 4 შვილის დედას - არ ვთვლი, რომ თავშესაფრის მაძიებლები ქვეყნის იმიჯს ლახავენ
დაფიქრდით, რა ელის სამშობლოში ევროპიდან გამოძევებულ 4 შვილის დედას - არ ვთვლი, რომ თავშესაფრის მაძიებლები ქვეყნის იმიჯს ლახავენ
ხელისუფლების სამარცხვინო ინიციატივა!

დღეს სულ სხვა საკითხზე მინდოდა ბლოგი დამეწერა, მაგრამ გვერდს ვერ ვუვლი ჩემთვის უცნობი ქალბატონის, ოთხი შვილის დედის ლანძღვას, რომელიც ცოტა ხნის წინ თუ არ ვცდები, ავსტრიიდან გამოაძევეს. საერთოდ, ვერ ვიგებ ემიგრანტებს ან საქართველოდან წასულ ნებისმიერ პირს, აქ დარჩენილები ჯგუფად რატომ ესხმიან თავს და ლანძღავენ.

კი არ აკრიტიკებენ ან საღ პოზიციას გამოხატავენ, არამედ პირდაპირ ლანძღავენ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ბატონებო. თქვენ რა იცით, თუნდაც ეს ქალბატონი ვინ არის?
როგორ შვილებს ზრდის?

აღშფოთება, ჩვენი მოქალაქეების თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდამ გამოიწვია. ეს ქალბატონი ერთ-ერთი მათგანი იყო.

ღიად ვაცხადებ: არ ვუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ თითქოს რიგითი მოქალაქეები ქვეყნის იმიჯს ლახავენ, მერე კი ლამის სასოწარკვეთაში ვარდებიან, იქნებ, ადრეა ჩვენნაირი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციაო და
ასე შემდეგ.

დღეში რამდენჯერ ლახავს ქვეყნის იმიჯს ჩვენი ხელისუფლება სჯობს ის დათვალოთ. ადამიანები, იმისთვის კი არ ბარდებიან უცხო ქვეყნის მთავრობას, რომ, როგორც თქვენ გგონიათ, უსაქმურნი იყვნენ და მთელი ცხოვრება თვიური შემწეობით იცხოვრონ, არამედ ამ გზით ეძლევათ შანსი, არ ეშინოდეთ ქუჩაში გამოსვლის, ლეგალურად იშოვონ სამსახური და მიიღონ განათლება. ერთი სიტყვით განვითარდნენ.

უამრავ ცნობილ ადამიანს დავასახელებდი, ქართველებსაც და უცხოელებსაც, რომლებმაც სხვა ქვეყანაში დევნილობით დაიწყეს სულ სხვა ცხოვრება და მოგვიანებით, უდიდესი როლი შეიტანეს თავისი თუ იმ ქვეყნის მეცნიერებაში, კულტურასა თუ სხვა დარგებში.

ჩემთვის ერთობ სამარცხვინოა მთავრობის ინიციატივა: რეადმისიის თანხების გადახდა თავად რეადმისირებულებს დააკისროს. ეს გაძვალტყავებული მოსახლეობა იძულებით გარბის ქვეყნიდან, რადგან აქ საარსებო მინიმუმიც კი არ აქვს. თქვენ, ასევე იძულებით აბრუნებთ და თან ათასობით ლარის გადახდას აკისრებთ. შეგახსენებთ, რომ თვითმკვლელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, ხელისუფლება კი დუმილს ამჯობინებს, სჯობს ამას მიხედოთ.

სჯობს თქვენს ელიტურ კორუფციას მიხედოთ. თქვენ, წინა ხელისუფლების მსგავსად ეს ქვეყანა საკუთარ შპს-დ რომ გადააქციეთ, ამას მიხედოთ და შეეშვათ ხალხზე ზეწოლასა და დევნას.

დაასახელეთ რა ტიპის პასუხისმგებლობას იღებთ პარალელურად თქვენ, ჩვენი ხელისუფლება, როცა ევროპულ ქვეყნებს ეუბნებით, რომ მასიურად გამოყარონ საქართველოს მოქალაქეები? - სამწუხაროდ, არანაირს! კარგად ვიცნობ ევროპელების ფსიქოლოგიას, როცა დამნაშავეა, მაშინაც კი თავდაჯერებული გელაპარაკება და უკან არ იხევს. ამას ითხოვს შენგანაც თუ გინდა, რომ დაგიმეგობრდეს. შენ თუ მორიდებით ესაუბრები, მით უფრო, როცა არაფერი დაგიშავებია, ის არასოდეს ჩაგთვლის თანასწორუფლებიანად. ჩვენს მთავრობას კი აშკარად არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს.

ყურადღებით ვუსმენ მას და ერთხელაც არ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები.

ორი მაგალითი უნდა მოვიყვანო: რუმინეთს პირველად გზა, რომ გაეხსნა ევროპისკენ, პირველივე დღეს 963 ადამიანი მიაწყდა საზღვრებს და რაღაც მიზეზებით 963 უკან გამოაბრუნეს. ამ დროს რუმინეთის მთავრობამ საკუთარი მოქალაქეები დაიცვა მტკიცედ და არა ევროკავშირი.

პოლონეთმა, როცა ვიზალიბერალიზაცია მიიღო, პოლონელები არღვევდნენ წესებს. პოლონეთის ხელისუფლებამ ეს სათავისოდ გამოიყენა, ჯიბრში ჩაუდა ევროკავშირს, არც თქვენი ასოცირების ხელშეკრულება გვინდა და არც არაფერი რაც შეიძლება სწრაფად მიგვიღეთ წევრ-ქვეყნადო და ზუსტად ერთ წელიწადში პოლონეთმა მიაღწია შედეგს.

მოგვიანებით ევროპის ქვეყნები პოლონელებმა წალეკეს, მაშინ იმდროინდელმა პრეზიდენტმა თქვა, ვინც დაბრუნდებით სამშობლოში ბიზნესს დიდი ხელშეწყობით აგაწყობინებთო, ცხოვრების პირობებს გაგიადვილებთო და თუ ვინმე დათანხმდა და დაბრუნდა, სიტყვისთვის არ უღალატია.

ჩვენი ხელისფლება რა პასუხისმგებლობას იღებს, გამაგებინეთ!?
ღატაკთა რიცხვი იზრდება ჩვენს ქვეყანაში და როგორც კი ჩინოვნიკს ხელფასი მოემატება ეკონომიკა იზრდებაო გაჰყვირის, ქვეყნის ეკონომიკას საკუთარი ჯიბის ფულიდან გამომდინარე აფასებს და ხალხს რცხვენოდეს თუ უკეთეს ცხოვრებას ეძებს?

ნუ დაგავიწყდებათ, სასამართლო ჩვენთან არ არსებობს! ყოველ დღე მუშები გვეღუპენიან. მოქალაქეებს ქუჩაში ხოცავენ.
ასოცირების ხელშეკრულებასაც კი ისე ზანტად და ხარვეზებით ასრულებს მთავრობა გეგონება მტრის გეგმაა და არა ქვეყნის განვითარების გეგმა.

რა გვიშლის ხელს რაც შეიძლება ხშირად და მტკიცედ დავაყენოთ საკითხი ევროკავშირში გაწევრებაზე?! რას ველოდებით?! ან ვინ გვიშლის ხელს დაველაპარაკოთ ევროკავშირს მუშაობის უფლებებზე?

აქვე ინფორმაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ არ იცით: ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ გვაქვს უფლება ქმედითი გავხადოთ ცირკულარული მუშაობის წესები. (ძალიან ვრცელი ბლოგი გამომივა, თორემ განვმარტავდი რას გულისხმობს ეს). გაგიგიათ ასეთი პიროვნება გიორგი ჯაში? - სამთავრობო სექტორში ის კურირებს ამ საკითხს. ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია შევთავაზოთ რიგ ქვეყნებს ჩვენი მოქალაქეები რიგ ვაკანსიებზე. საუბარია გარკვეულ კვოტებზე ინდივიდუალურად და ცალკეულ ქვეყნებთან.


წელიწადზე მეტია ამ ადამიანს დავდევ ინტერვიუსთვის და აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი "გასაიდუმლოებულია". პროცესი აბსოლუტურად გაყინულია, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის ან ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბრისას უფრო და უფრო გააქტიურდეს ამ საკითხის წამოწევა. ასეთი უფლებით სარგებლობს არაერთი, არაწევრი ქვეყანა...

მაშ, რაღა გინდათ გაქცეული მოქალაქეებისგან? რისი შანსიც გვაქვს იმასაც ვჩქმალავთ და რა დარღვევებზე ვსაუბრობთ? მოინდომეთ და არ გამოვიდა რამე? სასაცილოა, მოქალაქეებს მორალი ვუკითხოთ, იმის ნაცვლად, რომ პირველივე ჯერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აეღო.

ვინმეს აინტერესებს სამშობლოში ცხოვრების რა პირობები ექნება ევროპიდან გამოძევებულ ოთხი შვილის დედას, ვისზეც ზემოთ ვსაუბრობდი?!
მთელი ცხოვრება შემწეობაზე ყოფნა მოუწევს ან 400 ლარიან ხელფასზე, რომელიც საარსებო მინიმუმის ტოლიც არ არის და რომელიც ამ ქვეყანაში არასოდეს იცვლება, რადგან ქვეყანა არ ვითარდება.

რომ ვითარდებოდეს, შეუძლებელია ერთი ადამიანი, რომელიც 400 ლარით იწყებს 20 წლის შემდეგ იგივე ადგილზე იყოს, ხელფასი თავისთავად არ ემატებოდეს და ცხოვრობდეს შიშით, რომ სრულიად ულუკმაპუროდ არ დარჩეს.

მაპატიეთ, ვრცელი ბლოგი გამომდის, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზეც უნდა ვთქვა ორი სიტყვა. ღმერთმა დაგვიფაროს და დღის წესრიგში დადგა მსგავსი საკითხი, 6 წელი სჭირდება შეჩერების პროცედურას. ამ ხნის განმავლობაში, თუკი საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობას აიღებს გააუმჯობესოს პირობები საკუთარ ქვეყანაში (რისი იმედიც არ მაქვს), პროცესი გადავადდება. ამასთანავე, თუკი რომელიმე ქვეყანა გამოთქვამს ეჭვს ან მხარს არ დაუჭერს, პროცესი კვლავ გადავადდება და ასე შემდეგ. თუმცა შეჩერების პრეცენდენტი სხვა ქვეყნების ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში ჯერ არ ყოფილა. ჭკუის სწავლა და თითის ქნევა კი ევროპას ძალიან უყვარს.

პ.ს გარკვევით ვწერ, მე ვარ ძალიან კანონმორჩილი ადამიანი. არ ვამართლებ არანაირ დარღვევას არსად და მით უფრო ქურდობის ამბებს უცხო ქვეყნებში. (ამ საკითხზე სხვა დროს დავწერ საინტერესო ფაქტებს და გთხოვთ დღევანდელ თემასთან ნუ გააიგივებთ). დღეს ვწერ ადამიანებზე, ვისაც ცხოვრების შეცვლა, განვითარება და ლეგალური შრომა უნდათ და ერთი სიტყვა არ დასცდა საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის დასაცავად!

მე გული მწყდება, რომ ვერ ვგრძნობ მყავს თუ არა ხელისუფლება და რომ ეს საკითხი ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების ზეწოლისთვის გამოიყენა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

gio
16 აპრილი 2018 13:43
მთავრობა ჩვენ არ გვყავს, ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. კორუფცია კრიმინალი ყვავის, ხალხი მასიურად გარბის ევროპაში ფიზიკურად რომ მოახერხონ გადარჩენა
ნატა
13 მარტი 2018 12:54
ეს ფაქტი მასიურად, რომ იცოდეს ხალხმა, შესაძლოა მასიური ემიგრაცია ვერ შეემცირებინა, მაგრამ რაღაც ნაწილისთვის მაინც კარგი ყოფილიყო, რომ ოფილიალურად ემუშავათ საზღვარგარეთ და მერე ქვეყანას გამოსდგომოდნენ.
მეც ვიფქრობ მეტი აქტიურობაა საჭირო ამ კუთხით
რატი
13 მარტი 2018 11:53
მადლობა ავტორს.რეადმისიის ხარჯებზე არის საუბარი, სულ ხომ არ გააფრინა ჩვენმა მთავრობამ. ელემეტარული საკუთარი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ ცოტაოდენი წარმოდგენა მაინც ხომ შეიძლება ჰქონდეთ .
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?