დედაკაცი შარვალში სძაგს უფალს?! - რატომ არ შეიძლება ზღვის სანაპიროზე საღამოს კაბით, რესტორანში კი საცურაო კოსტიუმით მისვლა? - კვირის პალიტრა

დედაკაცი შარვალში სძაგს უფალს?! - რატომ არ შეიძლება ზღვის სანაპიროზე საღამოს კაბით, რესტორანში კი საცურაო კოსტიუმით მისვლა?

ამასწინათ ჩემს მეგობარს ვეკამათე, უფრო სწორად ის ჩემი ყოფილი კოლეგაა. როგორც კი, მღვდლებზე ჩამოვარდება ლაპარაკი 10 წლის წინანდელ ფაქტს იხსენებს და ბრაზობს: "აჰ, როგორ გაბედა და მითხრა, აი, იმ მღვდელმა შარვლით ნუ შემოხვალ ტაძარშიო..." სულ ახსოვს ეს ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, მგონი, ეკლესიაში აღარ ყოფილა და არც ღმერთის ძებნა უცდია საერთოდ.

ეკლესიაში ჩაცმულობაზე უნდა დავწერო დღეს. არავის მორალს არ ვუკითხავ და ვერც ეკლესიურად განვიხილავ საკითხს, მაგრამ, რაც ჩემს კოლეგას ვუთხარი იგივე უნდა ვუთხრა სხვებსაც.

ჯერ ერთი გამოგონილი ამბავი მგონია მოძღვრების აგრესიული ტონი. მეც ვყოფილვარ ეკლესიაში შარვლით და ფრჩხილების ლაქით და არავის გამოვუგდივარ... თუმცა, ალბათ არსებობს ასეთი ფაქტებიც.

ჩემმა კოლეგამ კიდევ ერთხელ მოძღვრების კრიტიკა, რომ დაიწყო, ვუთხარი, - ოპერის თეატრში გპატიჟებ, მე ავიღებ ბილეთებს და წავიდეთ-მეთქი. გაეხარდა, აქვე ვუთხარი, ოღონდ ახალი შორტი და ზღვის მაისური მაქვს და იმით უნდა წამოვიდე-მეთქი. "ხომ არ გაგიჟდიო"- მითხრა. ჰო, რატომაც არა, აბა, გამიბედონ და რამე თქვან ჩემს არაადეკვატურ ჩაცმულობაზე - მეთქი. მიხვდა რასაც ვეუბნებოდი.

ვერ ვიგებ, რატომ არ შემიძლია ზღვის სანაპიროზე მივიდე საღამოს კაბით? ან ოპერაში შორტით, ან რესტორანში საცურაო კოსტუმით, თუკი ასეთი "ხოში" მაქვს? ვინმეს შეგიძლიათ მიპასუხოთ, რატომ? არ ირღვევა ამით ჩემი უფლება, ასე მოქცევის შემთხვევაში, რომ დამცინებთ?

თუ ქვეშეცნეულად ვიცით, სად, როგორი ჩაცმული უნდა მივიდეთ ყოველთვის და თავს არ გავიმასხარავებთ, რატომ მაინცდამაინც ეკლესიაზე გვჭირს პროტესტი? თუკი მე ვარ თავისუფალი მოქალაქე და როგორც მინდა ისე მოვიქცევი, მაშ, მე წავალ საცურაო შორტით და მაისურით თეატრში.

ხომ არ გამოდის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველას და ყველაფერს ეკლესიის გარდა. თუ ასეა, მაშ, რატომღა მივდივართ იქ, რაც არ გვჭირდება?

ეს ჩვენი ქცევები, ხომ არ ემსახურება უკვე მოდაში შემოსულ ეკლესიაზე თავდასხმებს? სპეციალურად მივალ ეკლესიაში ნახევრად შიშველი და დავაკვირდები სასულიერო პირის მიმიკას, მერე გამოვალ, ვიტყვი, რომ აგრესიულები არიან და აღარ მოვძებნი ღმერთს იმის ჯიბრზე არასდროს.

მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და რა ვქნა.

აქვე სასულიერო პირებზეც უნდა ვთქვა. ე.წ ეკლესიის დრესკოდის გასამართლებლად ძირითად არგუმენტად სასულიერო პირებს, ღანგრისა და ტრულის საეკლესიო კრებების მიერ მიღებული კანონები მოჰყავთ. მაგალითად, ღანგრის კრების მე-13 კანონი - "თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისთვის შეიცვალოს სამოსელი და ჩვეულებრივ სადედაკაცო სამოსელის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას შეჩვენებულ იყოს".

კარგი სასულიერო პირებისგან ვიცი, რომ ღანგრის კრება ევსტათიანელებს გმობდა. ევსტათე და მისი მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ მკაცრი ასკეტიზმით შეიძლება ცხონება, ამიტომ ცოლები ტოვებდნენ ქმრებს, ქმრები-ცოლებს. ევსტათეს ყველა მიმდევარს - ქალს თუ კაცს- ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდა და ერთნაირი სამოსი ეცვა. ამ კრების მე-13 კანონიც სწორედ ევსტათიანელებს ეხებოდა და არა ზოგადად შარვლის ჩაცმას ქალებისთვის.

ისტორიულად საეკლესიო კრებაზე არაერთხელ წამოიჭრა ჩაცმულობის საკითხი, მე ღრმა ეკლესიურ განხილვაში ვერ შევალ, რადგან არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს ვერ გამიგია, ერთი მხრივ ისეთი ადამიანები მიდიოდნენ ეკლესიაში, რომლებსაც მათ ჩაცმულობაზე მღვდლების რეაქცია აინტერესებდეთ და არა ღმერთი, მეორე მხრივ, სასულიერო პირები, რომლებიც არა სულიერად, არამედ ჩაცმულობით სჯიან მომლოცველებს.

ბევრი დგას მონასტრებში გრძელი კაბით, მაგრამ აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელით. ვგულისხმობ აგრესიას, მრევლისა და მღვდლების მიმართ დამოკიდებულებას, ხმაურს, რომლებსაც მილიონჯერ რომ უთხრათ შენიშვნა, მაინც იგივეს გააკეთებს.

როგორც ჩანს, სასულიერო პირებს შორისაც ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ერთ-ერთი მღვდელ-მონაზონი ამასწინათ წერდა: "ზოგიერთ ეკლესიაში მსგავსი წარწერა: "დედაკაცი შარვალში სძაგს უფალს" სასულიერო პირების პატრიარქალური ხედვა მგონია, რაც არათეოლოგიურად ჟღერს. თანამედროვე ენაზე, რომ ვთქვათ სექსისტურიაო".

შარვლის რა მოგახსენოთ და გამომწვევად ჩაცმული არაერთი მინახავს ეკლესიაში.

მგონია, რომ ღმერთი ჩვენს გულს ეძიებს, ადამიანებო. თუ გული სუფთაა, არც სასულიერო პირი გაამახვილებს ყურადღებას რა გაცვია. ასე, რომ მრევლის შინაგან კულტურაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ბოლოს კი, შეგახსენებთ: "შიშველნი იყვნენ ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ"(დაბ.2.25). სამოთხეში მყოფი პირველი ადამიანები საღვთო მადლით იყვნენ მოსილნი, მათი გული და გონება თავისუფალი იყო ვნებისგან და ბოროტებისგან.

იხილეთ ასევე" "ღმერთი გრძელი კაბის კი არა, გრძელი ენის მიხედვით უფრო განგვსჯის"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს