ხმა, სიტყვა, ბგერა და... ის, რაც ჩვენს სიცოცხლეს ანუგეშებს
ხმა, სიტყვა, ბგერა და... ის, რაც ჩვენს სიცოცხლეს ანუგეშებს
თუკი ჩვენ საკუთარ თავს შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ გულის პულსირება, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ყველაფერი რიტმში მუშაობს. სიცოცხლე მთელი სხეულის მექანიზმის რიტმულ მუშაობაზეა დამოკიდებული.

სუნთქვით მიიღება ხმა, სიტყვა, ბგერა და ეს ხმა მუდმივად გვესმის, მათ შორის, შინაგანი ხმაც. ეს პოეზიაა და ვინც ის გაიაზრა და შეიმეცნა პოეტი გახდა.

ბუნების ყველა ფორმა შექმნილია და შეფერილია სრულყოფილებაში. ნაკლებ წარმომიდგენია, რომ ადამიანი სრულყოფილი იყოს პოეზიის გარეშე.

აკი, უთქვამს კიდეც ბრძენკაცს: "ჩვენი ცხოვრება ჭრილობებიდან სისხლის დენა იქნებოდა პოეზია,
რომ არ ყოფილიყოო"
- განა, ასე არ არის?

თანამედროვე ადამიანი გატლანქდა, გაცივდა, მოუთმენელი გახდა, ბოროტება ჩაიდო გულში... პოეზიისთვის ვეღარ იცლის და იმიტომ. ასეთ დროს დათო მაღრაძე იტყოდა: "ადამიანო, ერთ წუთს შეჩერდი და მოიცალე პოეზიისთვის"

"მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.."

ჰმ, ვფიქრობდი, ათობით
ჩემი საყვარელი ლექსებიდან, რომელი გამახსენდებოდა და აი, პირველი სტროფი. თბილისში ფიროსმანის ქუჩა ისევ არსებობს, თუმცა აქ პოეტები, ანუ მხატვრები ვირტუალურადაც აღარ ცხოვრობენ და ამდენად, არც ყოველ დილით ხვდებიან ფიროსმანს.

ისე კი ხშირად მენატრება ძველი თბილისის ქუჩებსა და ეზოებში ხეტიალი, ეს ერთი ბედნიერებაა, ისევე, როგორც პოეზია მენატრება. პოეტი ალბათ ყველაა, არა? თუკი სამყაროს ბგერებს დაუგდებ ყურს. სამოწმებლად, ბესიკ ხარანაულის სიტყვებს მოვიშველიებ: "ის კი არაა პოეტი, ვინც დაწერა ერთი ლექსი ან ასი ლექსი, პოეტი ისაა, ვინც სული მოჰფინა. სამყარო მუდმივი გამოსხივებაა, გული შეუშვირე და პოეტად მოიზილები"

"...და წავალ ქარში, როგორც მოცარტი, გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით..."
ნეტავ თუ მოუხდებოდა გალაკტიონის დინჯი ნაბიჯი დღევანდელი თბილისის ქუჩებს? ძნელი იყო მისი ლექსების სულიერება დაგეკავშირებინა ერთი, რეალურად არსებული, ცოცხალი ადამიანის სახელთან.

ეი, შენ ბერიკაცო შარაგზაზე, რომ დამდგარხარ და დაღლილი სახით იხედები, რომ იცოდე, რამდენს დავწერდი იმ პოეტებზე ლექსით, რომ უბრძოლიათ, იმ მართალ სიტყვაზე ნაცისტებს ჩახმახის ფეხზე შეყენება, რომ შეეძლოთ. ჰო, ცოტასაც იმათზე ვინც, მძიმე წყობის მიმართ ლექსით ლაქუცი გამოხატა.

მაგრამ, მინდა დავივიწყო ყველა უიმედო ფიქრი, მინდა გავთავისუფლდე სინანულის აღმძვრელი შეგნებისაგან, რომ დღეს, ჩვენ ყველანი უკვე აღარ ვცხოვრობთ პოეზიით ისე და იმდენად, როგორც ჩვენი წინამორბედი თაობები ცხოვრობდნენ.

მინდა შევედავო ყველას, ვინც იტყვის, რომ პოეტის სიტყვამ საქართველოში კარგა ხანია დაკარგა თავისი ძველი წონა და ფასი. ან, უბრალოდ არ დავიჯერო.

"ცა ვარსკვლავებით ინთება, ცა -არცა რისი სადარი, მთვარე, რომ ამობრწყინდება, გული გაფრენად მზად არის..."
და საერთოდაც, დღევანდელი ადამიანი განსაკუთრებული ერთფეროვნებითაა შებორკილი - აი, პრობლემა! პოეტები და მხატვრები საკუთარი ნამუშევრების აღიარებას ვერ ახერხებენ. ისინი იძულებულნი არიან ბრბოს მიჰყვნენ კვალში, იმის მაგივრად, რომ დიად სულებს მისდიონ.

ზურაბ რთველიაშვილი
გამახსენდა. ნეტავ, როგორ ძლებს მისი ემოცია ევროპის რომელიღაც მყუდრო ქალაქში? როგორ აკლია ის ჩემს ქალაქს. პესიმიზმით გამოტენილი თავითა და ცარიელი ჯიბეებით 90-იანი წლების ბოლოს, რომ იდგა ლიტერატურული კაფეს ერთ კუთხეში და ხმამაღლა, თავდაუზოგავად კითხულობდა ლექსს:
"ვარ კრემატორი, ავსებული ხალხთა ცოდვებით,
ვარ საროსკიპო, უდღეურად ამბიციური,
თქვენნაირი ვარ, პარაზიტი, მხდალი, ხორცმეტი,
სხვების დარდი ვარ, ძვირფასი და ყოველდღიური..."

მოკლედ, თუ დათო მაღრაძეს არ უჯერებთ, იუნესკოს მაინც დაუჯერეთ, რომელმაც თქვა, რომ პოეზიას თანამედროვე ადამიანის ნუგეში შეუძლია და მას საზოგადოების ყურადღების მიქცევა სჭირდებაო და 1999 წელს, 21 მარტი პოეზიის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

აი, როდის იწყება ხოლმე ჩემი ნამდვილი გაზაფხული. პოეზიის საერთაშორისო დღესა და გაზაფხულის მოსვლას გილოცავთ, ადამიანებო.









მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები