უგემოვნობის, პროვინციალიზმისა და უსახურობის დედაქალაქი - კვირის პალიტრა

უგემოვნობის, პროვინციალიზმისა და უსახურობის დედაქალაქი

ა, ბატონო, ისმინეთ კარგად, ბატონმა მერმა თქვა თბილისის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობების ფერის შეცვლა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობითო, ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდებაო.

კარგი ინიციატივაა, ბატონო კახი, უდავოდ გამეხარდა. რაღაც კარგი ხომ უნდა დავწერო. მაგრამ, ჩემი სიხარული ერთ წუთში გაქარწყლდა და რეალობა გამახსენდა: ბატონო კახი, ჩვენს დედაქალაქს უკვე, რომ დედა აქვს მოტ.....ლი, ამაზე ჯარიმა როდის იქნება ნეტავ?

საშინელი დრო დაგვიდგა, დღეს შეიძლება ინვესტორმა სახელმწიფოსგან კანონიერად იყიდოს უფლება, რომ გადაუხვიოს დადგენილ ნორმას. გამოდის, რომ მდიდარი მენაშენე ყოვლისშემძლეა. ამიტომ ჩემი და ჩემნაირების ნუ შეგეშინდებათ, ვერც ორმოს ამოვთხრით და ვერც შენობის ფასადს შევცვლით თვითნებურად.

არა, თქვენი რა ბრალია, ვიცი, რომ მძიმე მემკვიდრეობა გერგოთ. თქვენი წინამორბედიც ასე ამბობდა, თქვენს შემდეგ მომავალიც ასე იტყვის, იმის შემდეგიც და ასე მარადჟამს. ჩვენ ხომ, ჩვენი ცხოვრების სტილს ვერ ვღალატობთ.

ხვალ, რომ აღარ იყოთ მერი, ნეტავ ისევ დარჩება ძალაში თუ არა თუნდაც, ჯარიმების გამკაცრება? ჰოდა, ზუსტად ამაშია საქმე. როდის შეიძლება დაიწყოს ფიქრი სისტემურ ცვლილებებსა და მიდგომებზე?

იმის გამო, რომ აქ ყველაფერი ქაოტურად კეთდებოდა და არ ყოფილა თანმიმდევრული, პროფესიულად გამართული პოლიტიკა - დღეს მძიმე პრობლემების წინაშე დგას დედაქალაქი. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე, ქალაქური პრობლემატიკა დახურდავებული იყო პოპულისტურ ხერხებად (ყველა ხელმძღვანელს ვგულისხმობ, მათ შორის ოპოზიციასაც) და ამიტომ ყველა ხელისუფლებას აქვს სათქმელი: "მე ცუდი მემკვიდრეობა დამხვდა, ვცდილობ გამოვასწორო" და გამოსწორება შეუძლებელია, ვიდრე ჩემი ქალაქი მავანთა საცდელი ობიექტი და პოპულიზმის საგანი იქნება. ბოლო წლების განმავლობაში ადამიანები ქუჩაში გამოდიოდნენ, ვითომ სიმართლეს ამბობდნენ, როგორც კი ხელს მოითბობდნენ, მერე ჩუმდებოდნენ.

სისტემური ცვლილებების გარეშე რაიმეს გამოსწორებაზე ზედმეტია ლაპარაკი.

არ ფიქრობთ, რომ თბილისს ესაჭიროება ერთიანი რებილიტაციის გეგმა? მართლა ვერ ვხვდები, საბოლოოდ რა ტიპის ქალაქს ვიღებთ. ჩემი ქალაქი ვეღარ აკმაყოფილებს ყველა ახალგამომცხვარი თუ ფულიანი ტიპის მადას.

თბილისის ქუჩებში ხეტიალი აღარ მიზიდავს, ვეღარ ვიტან ამ დახუთულ, დანგრეულ ქუჩებს, გაურკვეველი უბნებით.

განსაკუთრებით უსუსური, დანგრეული და გასაცოდავებული მეჩვენა ჩემი ქალაქი, როცა საქართველოში  დავბრუნდი.

გარეთ გამოსვლა არ მინდოდა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სიცარიელეა ყველგან და რაც მეტი შენობის მშენებლობის შესახებ ვიგებდი ან ვხედავდი, მით მეტად ვგრძნობდი, რომ რაღაც კიდევ დაინგრა.

დაახლოებით 2 წელიწადში მარტო ჩემს უბანში ორი უზარმაზარი კორპუსი ააშენეს. შე, დალოცვილო ინვესტორო, მაინც ხომ მოგებას ქალაქის იერსახის ხარჯზე იღებ, მოიყვანე მაინც თუნდაც უცხოელი არქიტექტორი, რომ განსხვავებული დიზაინის კორპუსები ააგო. ვეღარ ვიტან ამ საბჭოთა სტილის ერთმანეთზე დატყეპებულ, ნაცრისფერ ბეტონებს.

ან უბნებს ჰქონდეს განსხვავებული სტილი, რაღაცით გამორჩეული ანაც ვინ ყიდულობს ამდენ კორპუსებს? ღამით თუ გადავაწყდები მათ, ეს ჩაბნელებული სიმახინჯეები გამოქვაბულები მგონია.

კიდევ ერთი რამ მტკივა, თბილისი ყოველთვის ფასეულობათა კომპლექსი იყო და ამ სახეს თითქოს კარგავს. მას ჰქონდა უნარი სწრაფად გადაემუშავებინა და გაეთავისებინა გარედან შემოსული კულტურა თუ ინფორმაცია და დღეს ეს თითქოს აღარ აქვს.

ასეა ყველა მეგაპოლისი, მას აქვს ერთიანი სტანდარტი ყველა სფეროში მშენებლობებიდან დაწყებული, ის არ ერგება ერთი მმართველის გემოვნებას. მას არ აინტერესებს ვინ წავა ან მოვა სათავეში. მისი სტანდარტი ხელშეუხებელია და წინააღმდეგ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ამიტომაც განიტვირთავს და იტანს ხალხმრავლობასაც, მრავალეროვნულობასაც, სიახლესაც და სხვადასხვა კულტურას...

ჩვენ ეს სტანდარტი არ გვაქვს, ჩვენ ვცხოვრობთ სპონტანურად, ვიღაცის კეთილგანწყობაზე, ამიტომ ჩემი ქალაქი, ჩემი თბილისი დაუძლურდა, მოიშალა, უგემოვნობამ, პროვინციალიზმმა და უსახურობამ წალეკა.

მხოლოდ ფოტოებზე შემორჩენილი მწვანე თბილისი (ფოტოგალერეა)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს