"ნუშის დღესასწაული", "მეხვეწური" ქალები და... - როგორ აღნიშნავდნენ ბრწყინვალე შვიდეულს ძველ თბილისში - კვირის პალიტრა

"ნუშის დღესასწაული", "მეხვეწური" ქალები და... - როგორ აღნიშნავდნენ ბრწყინვალე შვიდეულს ძველ თბილისში

აღვნიშნეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ორშაბათიდან დაიწყო ბრწყინვალე შვიდეული, როდესაც აღდგომის სიხარული და საზეიმო განწყობა გრძელდება. ამ დღეების აღნიშვნა მთელ საქართველოში მრავალფეროვანი იყო. ამჯერად თვალი გადავავლოთ ძველ თბილისს, როგორ აღნიშნავდნენ ბრწყინვალე შვიდეულს.

ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში წესად ჰქონდათ აყვავებულ, მწვანეში ჩაფლულ ბაღებში გასვლა და მოლხენა. ჩვენს ცნობიერებაში გაზაფხული ხომ სრულყოფილების მადლმოსილი პერიოდია, სახეა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა. ნამდვილი გაზაფხულიც სწორედ აღდგომიდან დგებოდა.

ძველ თბილისში იშლებოდა "ლურჯი სუფრები", დგამდნენ "ფოთლის კარვებს", თუმცა თავისი პოეტურობით მაინც "ნუშის დღესასწაული" გამოირჩეოდა. ნუში, როგორც ადრე მოყვავილე ხე, ქალაქელთათვის გაზაფხულის სიმბოლო იყო.

ყველგან, მორწმუნეთა ბანებზე, დუქნებსა თუ გარეუბნის ბაღებში, ზურნა-დუდუკით ლხინი იყო გაჩაღებული.

როგორც ამბობდნენ: "მარხვა-სინანულისა, აღდგომა- სიხარულისა". აყვავებული ნუშის ტოტებითა და იებით მოფენილი იყო აზარფეშები, ყანწები, ხალიჩები, ღვინის ტიკჭორები. ქუჩებში გუნდ-გუნდად დადიოდნენ თეთრი ჩიხტი-კოპებით მოკაზმული ქალები და მოზეიმე მამაკაცები.

ბრწყინვალე შვიდეულში ზოგიერთ უბანში ერთი თავისებური ჩვეულებაც ჰქონდათ. მაგალითად, ავლაბარში, მტკვრის ციცაბო ნაპირზე, ერთ გამოქვაბულში, სამშაბათს ივერიის ღვთისმშობლის ხატს დაასვენებდნენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში "მეხვეწური" ქალების ნაკადი არ წყდებოდა. ლოცვის ბოლოს წესად ჰქონდათ შაქრის ნატეხების დატოვება ე.წ "ჯოჯოებისათვის", რომლებიც ამ ადგილებში მათი გადმოცემით მრავლად იყვნენ. თუ ჯოჯო შაქარს შეჭამდა ამას ქალები კეთილის ნიშნად აღიქვამდნენ.

გადმოცემით ამ გამოქვაბულში გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა წმინდა მამა დოდო, დავით გარეჯელის მოწაფე და თანამოღვაწე.

განთქმული იყო ასევე სააღდგომო ყაბახი, ჯირითები, ფალავანთა ჭიდაობები, ბურთაობა, თუ სხვა თამაშები, რომელიც ძველად ახლანდელ საბურთალოს ტერიტორიაზე, ე.წ "საბურთალოს მინდორზე" იმართებოდა. ღვინო-ზედაშე სახალხოდ ისმეოდა. ხალხი ერთმანეთს მასპინძლობდა ზოგიც მტკვარზე ტივით გადიოდა.

ვახუშტი ბატონიშვილის წყაროების თანახმად, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს მეფე, თავადები და აზნაურები დღევანდელი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრით სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

გამარჯვებულს აჯილდოვებდნენ ოქროს ან ვერცხლის თასით. სწორედ აღნიშნული თასის ჩამოგდება გახლდათ შეჯიბრების შინაარსი და მისი მონაწილეობის მიზანი.

სააღდგომო წითელ კვერცხებსაც "აჭიდებდნენ" და ეს ყველაფერი საერთო თბილისურური ზეიმის სახეს იღებდა.

რაც შეეხება სააღდგომო პასკას, რომელიც მთელი კვირის მანძილზე ერთ-ერთი საზეიმო ატრიბუტი იყო, გადმოცემის თანახმად პასკის შემოსვლამდე თბილისში აცხობდნენ ე.წ. სააღდგომო ქადებს.

თანამედროვე აღდგომის განუყოფელ ნაწილად ქცეული პასკები კი ჩვენს ქვეყანაში მე-19 საუკუნის მეორე ნაწილიდან შემოვიდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს