"სავანტყოფო", "შეცთომა" "ხთება" "გავმეორდები" და ა.შ. - როგორ შეურაცხვყოფთ და ვაღარიბებთ ქართულ ენას
"სავანტყოფო", "შეცთომა" "ხთება" "გავმეორდები" და ა.შ. - როგორ შეურაცხვყოფთ და ვაღარიბებთ ქართულ ენას
მე, ვამაყობ ჩემი მშობლიური ქართული ენით!

ვამაყობ, რომ მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთი ქართულია. ვამაყობ, რომ მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მესამე ადგილზეა. ვამაყობ, რომ არ არის სამყაროში ისეთი რამ, რაც ქართულ ენაზე არ გამოითქმის. ქართული ერთადერთი ენაა მსოფლიოში, რომელშიც ბგერა და ასო ერთმანეთს ემთხვევა, ანუ რასაც ვწერთ, იმას ვამბობთ და მნიშვნელობა არა აქვს ასოების კომბინაციას. მეამაყება, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დედაენას ძეგლი აუგეს.

ქართულ ენაში 3
მილიონ სიტყვას ითვლიან, მაგრამ რა სამწუხაროა, რომ ის დღეს საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ქართული ენის მთავარი ღირებულებები, სიმარტივე და სასიამოვნო ჟღერადობა იკარგება რუსულ და ინგლისურ ბარბარიზმებს შორის.

როდესაც შეცდომების გამოააშკარავებაზე მიდგება საქმე, ეგრევე ჟურნალისტები ახსენდებათ. სინამდვილეში კი, პოლიტიკოსებიც ძალიან ცუდად მეტყველებენ. ხშირად დამიცავს ჩემი კოლეგები და
მითქვამს: პირდაპირ ეთერში, თან ექსტრემალურ სიტუაციაში, ძალიან რთულია იშვიათად მაინც არ წაიბორძიკო და შესატყვისი სიტყვა ზუსტად მოძებნო,
მაგრამ ერთი და იმავე ადამიანის მიერ, ერთი და იმავე სიტყვის არასწორად გამოთქმა მიანიშნებს იმაზე, რომ მას ასე აქვს ეს სიტყვა ნასწავლი და სულ არ არის მექანიკური შეცდომა.

ამასთანავე, მოდად გადაიქცა პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების მიერ ინგლისური სიტყვების გადმოქართულებულად გამოყენება, რითაც ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიან განათლებულობას. სინამდვილეში კი, ამახინჯებენ მშობლიურ ენას და პარალელურად, იგივე ადამიანები გრამატიკულ შეცდომებს უშვებენ.

ხშირად მაქვს განცდა, რომ მოქალაქე იქნება, ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი, ლექსიკის მარაგი ძალიან მწირი აქვთ. აღარ მინდა პოლიტიკოსებისგან მესმოდეს "შეეწირენ", ნაცვლად "შეეწირნენ". "უთქვია" ნაცვლად "უთქვამს", რაც ყურს ჭრის.

აღარ მინდა ვისმენდე ცნობილი ჟურნალისტების პოპულარულ გადაცემებში "ხვთები?" ნაცვალად "ხვდები" ან "რა ხთება?" ნაცვლად "რა ხდება?"

ასევე "დასვავს", "ბოდიშით", "გამარჯობათ" და ა. შ.

აღარ მინდა ვისმენდე ჩვენი მოქალაქეების მეტყველებაში აქცენტებს და "ლასებს", "სალამით", "თქვენთაგანი" "ყველამ თქვეს" და სხვა უამრავი სიტყვაა, რომელიც დამახინჯებულად მკვიდრდება ჩვენს მეტყველებაში.

მთავარი პრობლემა: ჩვენთან დემოკრატია ის ჰგონიათ, ვისაც რა უნდა ის თქვას და აკეთოს და როგორც კი წუხილს გამოთქვამ, ამას თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

მაპატიეთ, განვითარებული ქვეყნების მაგალითი უნდა მოვიყვანო. მიგრაციული პროცესები რაიონებიდან მეგაპოლისებისკენ ყველა ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ თუ შენ საუბრობ ისეთი დარღვევებით და გრამატიკული შეცდომებით, როგორც ეს ჩვენთან ყოველდღიურობაში შეინიშნება, BBC-ის თანამშრომელი კი არა, ერთ რიგით უწყებაში ასისტენტად არ მიგიღებენ. შეცდომებზე პირდაპირ მიგითითებენ და პრაქტიკის გავლას გთხოვენ.

იქ ადამიანებს ეს არ სწყინთ, რადგან განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. მათთან ყველა სფეროში დადგენილია სტანდარტი. თუ ამ სტანდარტს ვერ ერგები, ვერც ვითარდები და ხარ ერთ ადგილას.

ჩვენთან არანაირი სტანდარტი არ არსებობს. არც განვითარების და გამოსწორების სურვილი არსებობს. ბოლო დროს დამკვიდრდა ლოიალური დამოკიდებულება რბილი და მაგარი "ლ-ს" მიმართ. გეუბნებიან: "რა მნიშვნელობა აქვს როგორ "ლ-ს" ამბობს, არა უშავს თუ ამბობს "წყინთ" ნაცვლად "სწყინთ", "შეცთომით" ნაცვლად "შეცდომით" და ა.შ., კარგი გოგოა და იმუშაოს ჩვენთან. შენ გაცხადებენ "მტრად", ზემოდან გიყურებენ და შენ ჩუმდები, რადგან მათი სიტყვა ისმის საკანონმდებლო ორგანოდან და სატელევიზიო ეკრანიდან...

და, მეორე დღესვე იმეორებენ: "საავანტყოფო", "შეცთომა" "ხთება" "შეურაწყოფა" და ა.შ.

კიდევ ვიმეორებ, მექანიკური შეცდომა ყველამ შეიძლება დავუშვათ, მაგრამ როდესაც ერთი და იმავე სიტყვას შეცდომით წერ და გამოთქვამ, ეს მიუთითებს შენს გულგრილ დამოკიდებულებზე მშობლიური ენის მიმართ.

ენა ცოცხალი ორგანიზმია. იგი მუდმივად ვითარდება და ივსება. ღია საინფორმაციო სივრცე და ინტენსიური გარე ურთიერთობები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ენის ფორმირებაზე, მაგრამ გული მწყდება, რომ ნაძალადევად ვამკვიდრებთ სიტყვას "კრეატიულობა", როდესაც გვაქვს "შემოქმედებითი" და ეს სიტყვა ძალიან მიყვარს.

ამასთანავე, ენა თავად გვკარნახობს, როდის იმსგავსებს შიშინა ბგერა სისინას. როდის თვლის, რომ რომელიმე ბგერა სიტყვაში ზედმეტია ან ფორმირებას საჭიროებს. ეს ენათმეცნიერების საქმეა და არა (როგორც გამოთქვამენ მოსაზრებებს), რადგან ვიღაც ამახინჯებს ენას, ვერ გამოთქვამს და არც სწავლობს, მის მეტყველებას მოვარგოთ ენის სტრუქტურა.

"ქართველი მხოლოდ ისაა, ვინც "ქართულ ენაში ცხოვრობს". რად გინდა გამოთქვამ გულისტკივილს და გაიძულებენ შემგუებელი იყო და მშვიდად უცქირო პროცესს.

წელს, ზუსტად 40 წელი სრულდება 1978 წლის 14 აპრილიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა ჩამოერთვათ.
საბჭოთა ქვეყნებისთვის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა. ამ განზრახვას წინ აღუდგა საქართველოს მთელი მოსახლეობა. ისე ნუ ვიზამთ, რომ დღეს ყოველგვარი მტრისა და ბრძოლის გარეშე, ჩვენთვითონვე შეურაცხვყოთ და გავაღარიბოთ ჩვენი უნიკალური ქართული ენა.

ნინო ცხვარაშვილის ბლოგი


გია ცქიტიშვილი
28 აგვისტო 2018 06:31
ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე კაციშვილი არ საუბრობს. ესაა ისეთი სიტყვები, როგორიცაა "რომანტიული", "სპეციფიური", "ლირიული" და ა. შ. რა თქმა უნდა, სწორია "რომანტიკული", "სპეციფიკური", "ლირიკული"... ანუ, თუ ფუძე- სიტყვაში გვაქვს ბგერა "კ", წარმოებულშიც გვექნება "კ", თუ არა და - არა. ფუძე-სიტყვები კი არის "რომანტიკა", " სპეციფიკა", "ლირიკა". ამიტომაც სწორია "რომანტიკული", "სპეციფიკური", "ლირიკული", ნუთუ ეს უმარტივესი წესი ასე ძნელი გასაგებია? არადა, ამ უხეშ შეცდომას უშვებს ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და, საერთოდ, ორატორების დიდი უმეტესობა, ანუ, ის ხალხი, ვინც სწორად მეტყველების მაგალითს უნდა იძლეოდეს. მათი მეტყველების დონეზე მიგვანიშნებს ასევე სიტყვა "თუმცას" წამდაუწუმ და უადგილოდ ხმარება. ხშირად, ამ სიტყვას ",მაგრამ"-ის. ნაცვლად ხმარობენ, არადა, ამ ორ სიტყვას, სემანტიკური მსგავსების მიუხედავად, განსხვავებული დანიშნულება აქვს. და განა მარტო ცალკეულ სიტყვებშია საქმე - წაიკითხეთ, რა დონეზე იწერება დღეს სტატიები ბეჭდურ თუ ინტერნეტ სივრცეში - არც სტილი, არც კომპოზიცია, არც ქართული ენისთვის დამახასიათებელი სიღრმე და ხატოვნება. თუმცა, რომელ სტილზეა საუბარი, როცა ელემენტარული გრამატიკული და პუნქტუაციური წესებიც კი უგულვებელყოფილია. არადა, ხმის ამომღებიც არავინაა. ეს მაშინ, როცა ფილოლოგების რაოდენობით, მგონი, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. თუმცა, რატომ, ხომ ამოიღო ხმა ამას წინათ ერთმა "ჟურნალისტმა", რომელმაც გვამცნო, რომ თურმე სწორი ფორმა "შეურაცხყოფა" კი არა, "შეურაწყოფა" ყოფილა... აი, ასეთი ოროსნები ჯეჯილობენ დღეს საქართველოში - ამათ დარჩათ ბურთიც და მოედანიც. კომუნისტური ხანა როგორ უნდა ინატრო კაცმა, მაგრამ შეადარეთ მაშინდელი და დღევანდელი პრესის ენობრივი დონე. იმისთვის გვინდოდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რომ მშობლიური ენა, განვითარების ნაცვლად, ასე დაგვეკნინებინა და მისი ბედი, პროფესიონალების ნაცვლად, გაუნათლებელი თუ ნახევრადგანათლებული (რაც კიდეუ უფრო უარესია...) გოგო-ბიჭების ხელში ჩაგვეგდო? ქვეყანაში სამინისტრო კი არა, ერთი კანტორაც კი არ დავტოვეთ, რომელიც ენის სიწმინდეზე იზრუნებდა. 14 აპრილს კი ვენებს ვიჭრით მშობლიური ენის სიყვარულით. პატრიოტები კი არა, კლოუნები ვართ...
mmm
14 ივნისი 2018 13:26
ყველაზე ცუდი მოსასმენია დღეს სიტყვა - წყვიტავს, გადაწყვიტავს, გადავწყვიტავ.
გული მეკუმშება ამ სიტყვებს რომ ვისმენ და მითუმეტეს ე.წ. "პეროგაყრილი" პოლიტიკოსისგან, ჟურნალისტისგან, ლექტორისგანაც და რექტორისგანაც კი.
ეგრევე მახსენდება ცხონებული გივი ბერიკაშვილის გმირის გამონათქვამი ფილმიდან: "კრებაი მოვიწვევთ და გადავწყვიტამთ". ვინაიდან სიტყვა გადავწყვიტამთ კახურად ჩათვალეს დღევანდელმა პეროგაყრილებმა, "მ" ამოაგდეს და "ვ"-თი ჩაანაცვლეს.
არადა სიტყვის ფუძე არის წყვეტა და არა წყვეტვა. შესაბამისად უნდა ვთქვათ ვწყვეტ, ვგრეხ, ვჭყლეტ და არა ვწყვიტავ, ვგრიხავ, ვჭყლიტავ და ა.შ.
კიდევ მოდაში შემოვიდა სიტყვა - ქვრება, ან ჩაქვრა. არადა ჩაქრობაა და არა ჩაქვრობა.
აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა, უხვად შემოსულ და დამკვიდრებულ უცხო სიტყვებზე, როგორებიცაა კასტინგი, უიქენდი და ა.შ. მაშინ როდესაც გვაქვს შესანიშნავი ქართული შესატყვისები - შერჩევა, უქმეები და ა.შ.
მოკლედ ჩვენ ქართველები თავად არ ვცემთ პატივს ჩვენს ენას და ამას ისიც ემატება რომ სკოლებში მასწავლებლებიც იძახიან უკვე - გადავწყვიტავ.
რამე გვეშველება?
ჯერ არაფერი და მერე ვნახოთ.
აკაკი
30 აპრილი 2018 00:41
პრეცენდენტი-პრეცედენტის ნავლად, აბსოლიტური-აბსოლუტურის ნაცვლად, ხშირად წამიკითხავს ვაშკაცი ვაჟკაცის ნაცვლად. ბარბარიზმებს ხომ ნუღარ იტყვით: კოლაბორაცია, სენსიტიური, ლიდერშიპი, აქტორი, ბულინგი, ნარატივი, სტიგმა....
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები