"სავანტყოფო", "შეცთომა" "ხთება" "გავმეორდები" და ა.შ. - როგორ შეურაცხვყოფთ და ვაღარიბებთ ქართულ ენას - კვირის პალიტრა

"სავანტყოფო", "შეცთომა" "ხთება" "გავმეორდები" და ა.შ. - როგორ შეურაცხვყოფთ და ვაღარიბებთ ქართულ ენას

მე, ვამაყობ ჩემი მშობლიური ქართული ენით!

ვამაყობ, რომ მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთი ქართულია. ვამაყობ, რომ მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მესამე ადგილზეა. ვამაყობ, რომ არ არის სამყაროში ისეთი რამ, რაც ქართულ ენაზე არ გამოითქმის. ქართული ერთადერთი ენაა მსოფლიოში, რომელშიც ბგერა და ასო ერთმანეთს ემთხვევა, ანუ რასაც ვწერთ, იმას ვამბობთ და მნიშვნელობა არა აქვს ასოების კომბინაციას. მეამაყება, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დედაენას ძეგლი აუგეს.

ქართულ ენაში 3 მილიონ სიტყვას ითვლიან, მაგრამ რა სამწუხაროა, რომ ის დღეს საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ქართული ენის მთავარი ღირებულებები, სიმარტივე და სასიამოვნო ჟღერადობა იკარგება რუსულ და ინგლისურ ბარბარიზმებს შორის.

როდესაც შეცდომების გამოააშკარავებაზე მიდგება საქმე, ეგრევე ჟურნალისტები ახსენდებათ. სინამდვილეში კი, პოლიტიკოსებიც ძალიან ცუდად მეტყველებენ. ხშირად დამიცავს ჩემი კოლეგები და მითქვამს: პირდაპირ ეთერში, თან ექსტრემალურ სიტუაციაში, ძალიან რთულია იშვიათად მაინც არ წაიბორძიკო და შესატყვისი სიტყვა ზუსტად მოძებნო,

მაგრამ ერთი და იმავე ადამიანის მიერ, ერთი და იმავე სიტყვის არასწორად გამოთქმა მიანიშნებს იმაზე, რომ მას ასე აქვს ეს სიტყვა ნასწავლი და სულ არ არის მექანიკური შეცდომა.

ამასთანავე, მოდად გადაიქცა პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების მიერ ინგლისური სიტყვების გადმოქართულებულად გამოყენება, რითაც ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიან განათლებულობას. სინამდვილეში კი, ამახინჯებენ მშობლიურ ენას და პარალელურად, იგივე ადამიანები გრამატიკულ შეცდომებს უშვებენ.

ხშირად მაქვს განცდა, რომ მოქალაქე იქნება, ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი, ლექსიკის მარაგი ძალიან მწირი აქვთ. აღარ მინდა პოლიტიკოსებისგან მესმოდეს "შეეწირენ", ნაცვლად "შეეწირნენ". "უთქვია" ნაცვლად "უთქვამს", რაც ყურს ჭრის.

აღარ მინდა ვისმენდე ცნობილი ჟურნალისტების პოპულარულ გადაცემებში "ხვთები?" ნაცვალად "ხვდები" ან "რა ხთება?" ნაცვლად "რა ხდება?"

ასევე "დასვავს", "ბოდიშით", "გამარჯობათ" და ა. შ.

აღარ მინდა ვისმენდე ჩვენი მოქალაქეების მეტყველებაში აქცენტებს და "ლასებს", "სალამით", "თქვენთაგანი" "ყველამ თქვეს" და სხვა უამრავი სიტყვაა, რომელიც დამახინჯებულად მკვიდრდება ჩვენს მეტყველებაში.

მთავარი პრობლემა: ჩვენთან დემოკრატია ის ჰგონიათ, ვისაც რა უნდა ის თქვას და აკეთოს და როგორც კი წუხილს გამოთქვამ, ამას თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

მაპატიეთ, განვითარებული ქვეყნების მაგალითი უნდა მოვიყვანო. მიგრაციული პროცესები რაიონებიდან მეგაპოლისებისკენ ყველა ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ თუ შენ საუბრობ ისეთი დარღვევებით და გრამატიკული შეცდომებით, როგორც ეს ჩვენთან ყოველდღიურობაში შეინიშნება, BBC-ის თანამშრომელი კი არა, ერთ რიგით უწყებაში ასისტენტად არ მიგიღებენ. შეცდომებზე პირდაპირ მიგითითებენ და პრაქტიკის გავლას გთხოვენ.

იქ ადამიანებს ეს არ სწყინთ, რადგან განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. მათთან ყველა სფეროში დადგენილია სტანდარტი. თუ ამ სტანდარტს ვერ ერგები, ვერც ვითარდები და ხარ ერთ ადგილას.

ჩვენთან არანაირი სტანდარტი არ არსებობს. არც განვითარების და გამოსწორების სურვილი არსებობს. ბოლო დროს დამკვიდრდა ლოიალური დამოკიდებულება რბილი და მაგარი "ლ-ს" მიმართ. გეუბნებიან: "რა მნიშვნელობა აქვს როგორ "ლ-ს" ამბობს, არა უშავს თუ ამბობს "წყინთ" ნაცვლად "სწყინთ", "შეცთომით" ნაცვლად "შეცდომით" და ა.შ., კარგი გოგოა და იმუშაოს ჩვენთან. შენ გაცხადებენ "მტრად", ზემოდან გიყურებენ და შენ ჩუმდები, რადგან მათი სიტყვა ისმის საკანონმდებლო ორგანოდან და სატელევიზიო ეკრანიდან...

და, მეორე დღესვე იმეორებენ: "საავანტყოფო", "შეცთომა" "ხთება" "შეურაწყოფა" და ა.შ.

კიდევ ვიმეორებ, მექანიკური შეცდომა ყველამ შეიძლება დავუშვათ, მაგრამ როდესაც ერთი და იმავე სიტყვას შეცდომით წერ და გამოთქვამ, ეს მიუთითებს შენს გულგრილ დამოკიდებულებზე მშობლიური ენის მიმართ.

ენა ცოცხალი ორგანიზმია. იგი მუდმივად ვითარდება და ივსება. ღია საინფორმაციო სივრცე და ინტენსიური გარე ურთიერთობები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ენის ფორმირებაზე, მაგრამ გული მწყდება, რომ ნაძალადევად ვამკვიდრებთ სიტყვას "კრეატიულობა", როდესაც გვაქვს "შემოქმედებითი" და ეს სიტყვა ძალიან მიყვარს.

ამასთანავე, ენა თავად გვკარნახობს, როდის იმსგავსებს შიშინა ბგერა სისინას. როდის თვლის, რომ რომელიმე ბგერა სიტყვაში ზედმეტია ან ფორმირებას საჭიროებს. ეს ენათმეცნიერების საქმეა და არა (როგორც გამოთქვამენ მოსაზრებებს), რადგან ვიღაც ამახინჯებს ენას, ვერ გამოთქვამს და არც სწავლობს, მის მეტყველებას მოვარგოთ ენის სტრუქტურა.

"ქართველი მხოლოდ ისაა, ვინც "ქართულ ენაში ცხოვრობს". რად გინდა გამოთქვამ გულისტკივილს და გაიძულებენ შემგუებელი იყო და მშვიდად უცქირო პროცესს.

წელს, ზუსტად 40 წელი სრულდება 1978 წლის 14 აპრილიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა ჩამოერთვათ.

საბჭოთა ქვეყნებისთვის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა. ამ განზრახვას წინ აღუდგა საქართველოს მთელი მოსახლეობა. ისე ნუ ვიზამთ, რომ დღეს ყოველგვარი მტრისა და ბრძოლის გარეშე, ჩვენთვითონვე შეურაცხვყოთ და გავაღარიბოთ ჩვენი უნიკალური ქართული ენა.

ნინო ცხვარაშვილის ბლოგი