რასისტულ განწყობას ავლენენ ის ადამიანები, რომელთაც დაბალი თვითშეფასება აქვთ - კვირის პალიტრა

რასისტულ განწყობას ავლენენ ის ადამიანები, რომელთაც დაბალი თვითშეფასება აქვთ

რასიზმი იმდენივე წლისაა, რამდენისაც კაცობრიობა. მთავარი კი ის არის, რომ რასისტულ განწყობას ავლენენ ის ადამიანები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ. მაპატიეთ, გენიშნათ ალბათ ზოგიერთებს, ისე თავგამოდებით ლანძღავდით სხვის პირად ცხოვრებას ამ ცოტა ხნის წინ.

რასიზმზე უნდა დავწერო, მაგრამ არ ვაპირებ ძალიან პრიმიტიულად მთელ ერს რასისტი ვეძახო ან პირიქით, სრულიად გავამართლო.

მე პირადად ცოტა დამაბნია იმ ორმა ფაქტმა, რომელიც ბოლო დროს მოხდა. ჯერ იყო ნიგერიელების ჩხუბი ადგილობრივ მოსახლეობასთან, როდესაც ამ ამბის ამსახველი კადრები გავრცელდა, სოცქსელში დაიწყო გაბრაზება და რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა ერის სახელით უკიდურესი აღშფოთება. "ჩვენი ერი, როგორც რასისტი..." "ვაიმე, როგორ მრცხვენია ამ ფაქტის", "მცხვენია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ..." და ა.შ.

მაშინ ვთქვი, რომ ქართველი ერი კომპლექსებისგან უნდა განთავისუფლდეს. აქ არ ვგულისხმობდი იმას, რომ ვინმემ თავისუფლად გამოხატოს რასისზმი! უბრალოდ, რა შუაშია სრულიად ერის ლანძღვა. მსგავსი ფაქტები განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება და სრულიად ერი სირცხვილს არ გრძნობს და არც ბოდიშს იხდის-მეთქი.

მაშინ, კახა კალაძის ინიციტივა ერთობ კეთილსასურველი მომეჩვენა. თითქოს, ერთი ხელის მოსმით განაახლა საზოგადოებაში მიჩქმალული თვისებები, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ სტუმართმოყვარეები, არარასისტები და ტოლერანტები.

ამ სიტყვების შემდეგ რამდენიმე დღეში ერთი თეთრკანიანი გოგო ფერადკანიანზე დაქორწინდა და ისეთი ამბავი ატყდა... უბრალოდ, უხერხულია, უხერხულია, ადამიანებო, ზიზღით ცხოვრება. მასა ზედმეტად ერევა სხვის ცხოვრებაში და ხშირად უხეშადაც. ან, მეორე უკიდურესობა, მთელ ერს ლანძღავენ. ჩემთვის ერთიც და მეორეც მიუღებელია.

მე, როგორც ყოველთვის მიდგომებში ვხედავ ხარვეზებს და დღესაც იგივეს დავწერ. მსგავს შემთხვევებში მნიშვნელოვანია, რამდენად სამართლიანი და მოქმედი სისტემა აქვს სახელმწიფოს, რამდენად სწორად მუშაობს პოლიცია და რა პოზიცია უჭირავს მას. ჩვენ გვინდა მთელი ხალხი გარდავქმნათ და მთელ ერს ვეძახოთ რასისტი. ეს შეცდომაა.

რამდენიმე მაგალითი უნდა დავწერო:

მე, პირადად შუაგულ ინგლისში, ადგილობრივი ინგლისელისგან დისკრიმინაცია და კანონდარღვევა მიგვრძნია, მაგრამ მთელი ერი ამაზე არ შეწუხებულა. სამაგიეროდ, მარტივად დამიმტკიცებია ჩემი სიმართლე.

შუაგულ საფრანგეთში ფერადკანიანები თვითონ მოდიან პროვოკაციაზე, მაგრამ სრულიად ერი არ წუხდება ამის გამო.

ერაყელი თითებგადაჭრილი ბიჭი იყო ჩემი ჯგუფელი ინგლისში, რომელმაც ოჯახის ყველა წევრი დაკარგა ომში და სიკვდილს გადარჩენილი 14 წლის ასაკში მარტო ჩავიდა ინგლისში - თავშესაფრის მოთხოვნით. მას, ყოველკვირა უხდებოდა ჩხუბი ადგილობრივებთან. ისინი პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ მუსულმანებმა უნდა "დაახვიონ" ამ ქვეყნიდან. ეს ამბავი პრესაშიც გახმაურდა, მაგრამ სრულიად ერს არ შერცხვენია. მოკლედ, ფაქტები ჩამოთვლა შორს წამიყვანს, აღარას ვამბობ ზესახელმწიფო ამერიკაზე, სადაც ფერადკანიანების მიმართ რაც ხდება, ყველამ ვიცით.

ევროპაში დღემდე მიაჩნიათ, რომ ნამდვილი ადამიანი ის არის, ვინც ცხოვრობს ევროპაში, ვინც არა დაბალი დონისაა.

მთელ ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რამდენად სამართლიანი სისტემა აქვს სახელმწიფოს და რამდენად მოქმედია ის. განვითარებული ქვეყნები განვითარებადი ქვეყნებისგან იცით რითი განსხვავდება? კარგად ჩამოყალიბებული სამართლებრივი სისტემით. გახმაურდა ასეთი ამბავი, მოკვლევა იწყება იმ წამს და ობიექტურად. რა შუაშია მთელი ერი?!

ეხლა საქართველოს დავუბრუნდეთ: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რასისა და იდენტობის შემადგენელი სხვა ნიშნების საფუძველზე. კონსტიტუციით დაცულია ადამიანის ღირსებაც.

დისკრიმინაციისა და ადამიანის ღირსების შემლახავი ფაქტების სიხშირის მიუხედავად, ამ მუხლების დარღვევის საფუძველზე საქართველოში ჯერ არც ერთი ადამიანი არ გასამართლებულა.

ჩვენ დღესაც არ ვიცით რა სამართლებრივი შედეგი დადო პოლიციამ ნიგერიელების ჩხუბთან დაკავშირებით. იქნებ ისინი მართლა ტყუოდნენ ან პირიქით. ან როგორ შეიძლება დაიცვას ახალგაზრდა ქალმა თავი, რომელსაც ფერადკანიანი შეუყვარდა და მთელი მასა ადამიანებისა აგინებს ამის გამო? მან ეს არ იცის.

ნებისმიერი ფაქტი შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ამის გამო ერი კი არ ილანძღება, არამედ სამართალდამცავების ჯგუფი მომხდარს ცივილურად იძიებს. კანონი გიცავს. როცა კანონი მოქმედია მსგავსი ფაქტები მცირდება.

იმედს ვიტოვებ, კანონების პრაქტიკაში გატარებას ისწავლის ჩვენი ხელისუფლება. მანამდე კი, იმათ ვინც სხვისი ცხოვრებით არის დაკავებული შევახსენებდი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ნელსონ მანდელას სიტყვებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რასიზმის წინააღმდეგ იბრძოდა: "არავინ იბადება იმისთვის, რომ ადამიანი განსხვავებული კანის ფერის, რელიგიის, ან წარმომავლობის გამო სძულდეს. ხალხმა უნდა ისწავლოს სიძულვილი და თუ ამას შეძლებენ, ისინი სიყვარულსაც ისწავლიან, რადგან სიყვარული უფრო ახლოსაა ადამიანის გულთან, ვიდრე სიძულვილი"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს