ველოდებით მორიგ მსხვერპლს! - კვირის პალიტრა

ველოდებით მორიგ მსხვერპლს!

წელს, მარტში მუშების სიკვდილის სტატისტიკას კიდევ რამდენიმე ფაქტი რომ შეემატა, შეგნებულად არაფერი ვთქვი და დავწერე, რადგან ვიცოდი, ეს "ხმაური" პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების მხრიდან მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა და მერე, მუშების მომავალ სიკვდილამდე არავის გაახსენდებოდა ტრაგიკულად დაღუპული ადამიანები.

კანონის აღსრულებაზე ფიქრიც ხომ მხოლოდ ამ პერიოდში იწყება და მუშის დაკრძალვისთანავე დავიწყებას ეძლევა. არანაირი კანონი დღემდე არ არსებობდა და არც აქვს მნიშვნელობა იარსებებს თუ არა, რადგან ცხოვრებაში დანერგვა გვიჭირს.

ყოველ წელს აპრილის ბოლოს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა დღე აღინიშნება. სამწუხაროა, რომ ეს დღეც, დღის აღნიშვნად რჩება და ისევ, არაფერი იცვლება. ველოდებით მორიგ მსხვერპლს!

დღეს პროტესტის ნიშნად არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, მშენებლობის სფერო ერთ-ერთი ყველაზე უკონტროლო, დაურეგულირებული სფერო იყო და გამოირჩეოდა სპეკულაციური ბიზნესითა და ფინანსური პირამიდებით.

არაფერს ვამბობ, რომ მშენებლობის სფერო, რომელიც პირველია სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე შეუსწავლელი დარგია.

დღეს, თითქმის ყველა სამშენებლო ობიექტზე ადამიანის ბეწვზე დაკიდებული სიცოცხლე, არ არსებული ღირსება და უფლება ინვესტორების მოზიდვის საფუძველია. აქ ხომ არაფერს ვამბობ ახალს! ეს ხომ ისედაც ყველამ ვიცით!

რეალურად პრობლემა ის არის, რომ დღესაც 2018 წელს სახელმწიფოს არ აქვს გათვლილი, რა უჯდება მხოლოდ მძიმე და საშიშპირობებიანი საწარმოების კონტროლი და რა დაუჯდებოდა, თუ დასაქმების ყველა სფეროს მოიცავდა.

დღეს, ისევ თავს ვიქცევთ იმ ფაქტით თუ ვინ წავა და მოვა პოლიტიკაში. ვინ დარჩება თუ გაირიცხება მთავარი გუნდიდან და ისევ არ გვინდა გავიგოთ, რომ ნორმალური ქვეყანა დგას ადამიანის უფლებებზე, სამართალსა და კანონზე.

დღეს, პროტესტის ნიშნად არ ვწერ კრიტიკას, ანალიზს თუ სხვა. აქ დავდებ მხოლოდ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე რა ითქვა და შეიცვალა ამ კუთხით. განსჯა თქვენთვის მომინდვია.

2012 წელს დაშავდა 118, ხოლო გარდაიცვალა 29 ადამიანი. პოლიტიკოსების კომენტარებიდან:

"შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით დავიწყებთ მუშაობას გარკვეულ რეგულაციებზე..." - გარკვეული რეგულაციები მართლაც შეიქმნა, მაგრამ ამ წელს არსებითად მდგომარეობა არ შეცვლილა.

2013 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 30 ადამიანი დაიღუპა, 42 კი - დაშავდა. ამონარიდი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებიდან: "დაშავებისა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი უნდა შევცვალოთ. მუშაობა მიდის შრომის უსაფრთხოების პირობებზე"

2014 წელს 31 ადამიანი დაიღუპა, 66 კი - დაშავდა. კომენტარებიდან: "იმისათვის, რომ ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოება დაცული იყოს, აუცილებელია, კანონის აღსრულებაზე კონტროლი განხორციელდეს. ვწუხვართ მომხდარის შესახებ"

2015 წელს სამუშაო ადგილებზე 42 ადამიანი დაიღუპა, 80 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. კომენტარიდან: "მთავარი პრობლემა ის არის, რომ სათანადო უსაფრთხოების სტანდარტები არ არსებობს, ხოლო რაც არსებობს მოძველებულია. გვესმის, ძალიან მძიმეა ამ ტრაგედიაზე საუბარი, მაგრამ ერთი ხელის მოსმით ვერაფერს შევძლებთ. მუშაობა ამ კუთხით დაწყებულია"

2016 წელს დაიღუპა 58, ხოლო მძიმედ დაშავდა 84 ადამიანი. კომენტარებიდან: "......................................................................."

2017 წელს მშენებლობებზე გარდაიცვალა 40, ხოლო მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი

"........................................................................"

ანუ ერთი და იგივე! ერთი და იგივე! კომენტარები და "შეშფოთება" ძალიან ჰგავს ერთმანეთს!

2018 წელს, პირველ სამ თვეში უკვე 9 გარდაცვლილი და 3 დაშავებული გვყავს.

აქ მოყვანილი სტატისტიკა შესაძლოა არაზუსტი იყოს, რადგან ნაწილი პროფკავშირების მონაცემია, ნაწილი შს სამინისტროსი, რომელიც ერთმანეთს არ ემთხვევა. ასევე, გამორიცხული არ არის გაცილებით მეტი იყოს მსხვერპლი, ვიდრე ოფიციალური მონაცემებია.

მაგრამ აქ ციფრებში არ არის საქმე. აქ, დამოკიდებულებებზეა საუბარი. გვინდა თუ არა შევცვალოთ რამე ჩვენს ქვეყანაში. ეს ქრონოლოგია ამაზე მიანიშნებს!

ტრაგიკული ამ ციფრებში კი ის არის, რომ დღემდე წარმოებაში მომხდარი 90 შემთხვევის 72% საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.

2018 წელს 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. რამდენიმე საკანონმდებლო აქტიც არსებობს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მიდგომები მოძველებულია და თუნდაც ამ ფორმის რეგულაციების ცხოვრებაში დანერგვა არ ხდება.

ასე, რომ "ველოდებით" შემდეგ მსხვერპლს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს