ქაოსი არ არის დემოკრატია! არც ზნედაცემულობაა თავისუფლება!
14-05-2018
ქაოსი არ არის დემოკრატია! არც ზნედაცემულობაა თავისუფლება!
შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლება!

საიდან დავიწყო აღარ ვიცი. გაოგნებული ვარ ყალბი ფსევდოღირებულებების ტირაჟირებით, თან ევროპის (ანუ, ვითომ განვითარებულობის) სახელით, იმ ადამიანებისგან ვისაც ფეხი არ დაუდგამს მსგავს ქვეყანაში და არ იცის რა არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება!

საერთოდ, დიდი ხანია სურვილი მაქვს პარლამენტარებიდან დამეწყო და აქციაზე "მოძიგძიგე", დაბოლილი ადამიანებით დამესრულებინა და მეკითხა: ყურს, რომ მიჭედავთ ყოველ დღე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით - იცით ამ ტერმინების განმარტება? საერთოდ, რას გულისხმობთ?


როგორ
შეიძლება არასამთავრობოების უმრავლესობა ასეთ ცრუ ინფორმაციას აწვდიდეს ხალხს და მით უფრო ახალგაზრდებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ცნების შესახებ? მე ისინი ქვეყნის მტრები მგონია.

და ვისაც სურს თავი თანამედროვედ წარმოაჩინოს, სხვის ყოველ შეურაცხყოფაზე, ყოველ კანონდარღვევაზე, ყოველ უზნეობაზე გაჰყვირის ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა და ნუ შემზღუდავთო.

ვიდრე
"დაბოლილების" აქციები დაიწყებოდა ( ამ აქციას მოგვიანებით შევეხები) ინტერნეტში ამომიგდო ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემა. გადაცემის ე.წ წამყვანი ნიკა ქავთარაძე "აფრქვევს" აზრს: ანანიას (ეს ის ვიღაცაა წმინდანები პრეზერვატივებზე, რომ გამოგვიხატა და ყველას აგრესიული ტონით ებრძვის საკუთარი სიბრიყვის დასაცავად) მოკლედ, ამ ანანიას გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით უნდა იყოს დაცულიო, ისევე როგორც თქვენიო (მაყურებელს მიმართა, რომელმაც ანანიას შეფასებისას გადააჭარბა) მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეთო.

გესმით სადამდე მივდივართ?! ამას ამბობს ვინმე ნიკა ქავთარაძე, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს რა არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

ნუთუ არავინა ხართ ამ ქვეყანაში ისეთები, ვინც იცით რეალურად როგორ არის მოწყობილი ევროპული ქვეყნები? მაშ, რისკენ მივისწრაფვით წარმოდგენა არა მაქვს!

პარლამენტარებო, არასამთავრობოებო, ცრუ ლიბერალებო, ყალბო პატრიოტებო ევროპულ ქვეყნებში შეურაცხყოფა კონსტიტუციით არ არის დაცული!


შეურაცხყოფა - საერთოდ არ არის გამოხატვის თავისუფლება!

სირცხვილია!

ევროპული ღირებულებები იმიტომ არის მისაბაძი, რომ როცა ეტყვი: "მე, ამ საქმეს არ გავაკეთებ, რელიგია მიკრძალავსო" პატივს სცემენ შენს გრძნობებს.

ჩვენთან კი პირიქით გასწავლიან. ხელისუფლება გეუბნება ევროპისკენ მივდივართო და კანონი არ გიცავს. ან, გიცავს მხოლოდ იქამდე, ვიდრე ვინმე ვინმეს "დაკრიშავს". აქ ბევრი მაქვს სათქმელი და ამ ფაქტს კიდევ მივუბრუნდები.

რაც შეეხება აქციას - რომელიც კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო. ჯერ ერთი: ვემხრობი ნარკოპოლიტიკის გადახედვას და შეცვლას უდავოდ, მაგრამ ყველა ნარკოგამსაღებელი ციხეში უნდა იჯდეს, ნებისმიერ დროს.


ვემხრობი პოლიცია არ "კრიშავდეს" ბარიგებს.

ვემხრობი სამართალდამცავების ღირსების აღდგენას!

ვემხრობი ადამიანები იცავდნენ კანონს და ქვეყნის ღირსებას!

და აქვე განვმარტავ, ევროპის ნებისმიერი ქვეყნაში პოლიციელმა შემთხვევით, რომ გაგაჩეროს ან დაგაკავოს  და შენ დაუწყო "კაჩაობა" (რაც უპირობოდ საბჭოთა მენტალიტეტის ბრალია) " ხელი გამიშვი, ბიჭო", "ვის უბედავ, ხელი არ დამადო", "რატომ მიჭერ" და სხვა ( აქ კიდევ კულტურული ფორმები ჩამოვთვალე) ბოდიშს კი არ მოგიხდიან და გამოგიშვებენ, არამედ "კაჩაობისთვის" "გახეხინებენ" ციხეს!

გესმით არასამთავრობოებო?! გესმით, ე.წ პროევროპულო ლიბერალებო?! ლიბერალებზე აუცილებლად დავწერ ერთ დღეს, მაგრამ ეს ტიპები ვინც ცრუ ევროპულ ფასეულობებს იარლიყად იკრავენ, ქაოსს ქმნიან ქვეყანაში. ან არაკომპეტენტურები არიან, ან შეგნებულად მიდიან ამაზე.

კარგად წაიკითხეთ: ვერ გაბედავ ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ნებართვის გარეშე აქცია მოაწყო იქ და იმ ტერიტორიაზე, სადაც "ხოში" გაქვს. აქ არ მინდოდა ამ მაგალითის მოყვანა, მაგრამ ძალიან მოკლედ ვიტყვი. არ დაიზაროთ წაიკითხეთ: ერთხელ, ერთი ახალგაზრდა ბიჭი უკრავდა საფეხმავლო ხიდზე ლონდონში, პოლიციელი მივიდა და ჰკითხა ნებართვა მაჩვენეო. ბიჭმა გიტარა გვერდით დადო და ჯიბიდან ნებართვა ამოიღო. პოლიციელმა თავი გააქნია. ანიშნა წამომყევითო და უჩუმრად მეც გავყევი. ზუსტად 3-4 მეტრით ქვემოთ ჩაიყვანა იგევე ხიდზე და უთხრა თქვენ ნებართვა აქ გაქვთ და გთხოვთ სხვა დროს კანონს ნუ დაარღვევთ, თორემ ქუჩაში დაკვრის ნებართვას ვეღარ მიიღებთო.

აღარ არის საუბარი ოფიციალურ აქციებზე. თუ ნებართვა გაქვს, სიტყვაზე, ტროტუარის სამმეოთხედზე გამართო აქცია და მერე მოგინდა ქუჩაც გადაკეტო, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვაგან პოლიცია მას აუცილებლად დაარბევს.
შეურაცხყოფისთვის კანონით ისჯები.

პოლიციასთან "კაჩაობისთვის" კანონით ისჯები.

ქაოსი არ არის - დემოკრატია!

ზნედაცემულობა არ არის - თავისუფლება!

შეურაცხყოფა არ არის - სიტყვის თავისუფლება!

ადამიანის დამცირება ან მიზანმიმართული ბოროტება - არ არის გამოხატვის თავისუფლება!

ეს არის მცდარი ღირებულებები რასაც ქვეყანა დეგრადირებისკენ მიჰყავს!


იმ ზემოთნახსენებ გადაცემაში წამყვანმა ისიც თქვა, ქრისტე იმიტომ აწამეს, რომ სხვა რელიგიები შეურაცხყოო. ღმერთო, ბრმებისთვის არც ღირს განმარტება, მაგრამ ქრისტე მოვიდა რათა განერჩია ჭეშმარიტება და სიცრუე, ნათელი და ბნელი, სიკეთე და ბოროტება... რის აღრესავაც თქვენნაირები ძალიან ცდილობენ. ის ადამიანები ვისაც გულის ნაცვლად ქვა ჰქონდა ამხილა და უთხრა ტყუილად ირჯებითო. შეურაცხყოფა და მხილება ერთმანეთისგან დიიიდად განსხვავდება.

მხოლოდ ქრისტეს ქმედებაში შეურაცხყოფის დანახვა (რაც ბოლო დროს ხშირად მესმის) და სხვა ყველაფრის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად მონათვლა, სულიერი სიბნელის პიკია!

მოკლედ აღარ გავაგრძელებ. ის მეთოდები რითაც დღეს ქვეყანა იმართება კვლავ საბჭოურია და ნუ შემედავებით!
არშემდგარი ძველი ბიჭების ეპოქა უნდა დასრულდეს!
ბარიგების ქვეყანა უნდა დასრულდეს!
"კლიშეების" ქვეყანა უნდა დასრულდეს!
ფსევდოღირებულებები უნდა დასრულდეს!


უნდა გავაანალიზოთ სად ვართ? რა შეგვეშალა? რა გვინდა მომავალში და სრულიად ახალი ხედვით ქვეყანა უნდა შევცვალოთ. მთელი რიგი პასუხისმგებლობები ხელისუფლებაზე მოდის, მაგრამ რა გინდა რომ ქნა, ის მას საერთოდ არ გრძნობს. კრიტიკულ სიტუაციაში ან დუმს, ან კაბინეტში იკეტება, ან ქაოსს და კანონდარღვევას გამოხატვის თავისუფლებით ხსნის?!

ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე" სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ნინო ცხვარაშვილი
21 მაისი 2018 16:53
ზნეობისა და სულიერებისთვის ეკლესია და ვერც ვერავინ ვერ დაიცავს ძალადობით. ზუსტად ამაზე მაქვს ბლოგი, რომ არასწორად აღიქვამს ხალხი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან ასე მცადარდ აწვდიან ინფორმაციას.

იმედია გასაგებად ვწერ, სხვები ცუდები არიან და ვიღაცეები კარგები-თქო ამას არ ვამბობ. ვიღაცეებს, რომ გინდათ ზმეობა და სულიერება სხვებს არ უნდათ და მათი უფლებებიც უნდა იყოს დაცული.

სწორად, რომ მოქმედებდეს ხელისუფლება ორი მტრულად განწყობილი ხალხი ერთმანეთს ვერ გადაკვეთდა.

და ასევე ვითხოვ ჩემი უფლებების დაცვასაც ვისაც უნდა, რომ არც ერთ აქციაზე არ მივიდეს და სულ სხვა საკითხებით დაკავდეს დღის განმავლობაში.
სწორად წაიკითხეთ ხოლმე გთხოვთ, ზოგიერთებს მაინც. მადლობა
გელა
20 მაისი 2018 20:36
გეთანხმებით ქალბატონო ნინო, უმეტესობა ასეც უნდა ფიქრობდეს, თორემ სხვა მხრივ გადარჩენა არ გვიწერია ქართველობას.
sos
20 მაისი 2018 14:25
თუ სახელმწიფო მოინდომებს,ვიმეორებ მოინდომებს ერთ საათში დამყარდება სრული წესრიგი ნარკოტიკის რეალიზაციის სრულიად მოსპობაში

რედაქტორის რჩევით