მცდარი აქცენტები, ანუ რა ცუდია ერთი რუსთაველის გამზირი რომ გვაქვს! - კვირის პალიტრა

მცდარი აქცენტები, ანუ რა ცუდია ერთი რუსთაველის გამზირი რომ გვაქვს!

აქციების შემდეგ ბევრი განიხილავდა საკითხს: რა შეიძლება იყოს გამოსავალი, როცა ერთი ჯგუფი აწყობს აქციას და მეორე ჯგუფი მიდის მასთან აგრესიულად... სოციოლოგები თუ პოლიტოლოგები ერთფეროვნად პასუხობდნენ, რომ ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხია ან ხან ერთ მხარეს აბრალებდნენ დაძაბულობას, ხან მეორეს. ჩემდა სამწუხაროდ, არავის უთქვამს -  არ ვიცი, იქნებ დავსხდეთ გავაანალიზოთ და სხვა ქვეყნის გამოცდილება გავიზიაროთო.

შეთქმულების თეორიების თითქოს არ მწამს, მაგრამ როცა ყველა კვალს ურევს, ყველა აგრესიულად იქცევა და გადამწყვეტ მომენტში ყველაფერს მოქალაქეებს აბრალებს, უკვე ეჭვი მიჩნდება კომპეტენტურობის ბრალია ეს თუ შეთქმულების? მოკლედ, დღეს ცრუ ლიბერალებზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ აქციების შეწყვეტის მიუხედავად, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ საკითხი მოგვარებულია. პირიქით მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა ორ ან, რამდენიმე დაპირისპირებულ მხარედ გადაიქცა. ეს დაპირისპირება მწვავდება. ყველა ყველას წინააღმდეგ იმ დროს, როცა ადამიანთა უმრავლესობას არანაირი ღირებულებები აღარ აქვს! ერთმანეთს სიტყვის თავისუფლების სახელით შეურაცხყოფენ, ერთმანეთის მხრიდან აღიარებას ითხოვენ და თუ აქციებია საჭირო ყველას ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილას უნდება მისვლა. შუაში კი იჭყლიტება ჩემნაირი მოქალაქე, რომელსაც არც ერთ მხარესთან თანაზიარება არ სურს და უნდა მშვიდი ცხოვრება, სულ სხვა ღირებულებებით! მოკლედ, მინდა ვთქვა, ჩვენი ხელისუფლება სწორად, რომ მოქმედებდეს ორი მტრულად განწყობილი ჯგუფი ერთმანეთს არასოდეს გადაკვეთდა.

ერთი კონკრეტული მაგალითი უნდა მოვიყვანო თუ როგორ არის ევროპულ ქვეყნებში აქციების საკითხი დარეგულირებული. ჯერ ერთი, იქ, წარმოუდგენელია ნებისმიერი აქცია ქალაქის მუნიციპალიტეტის ნებართვის გარეშე დაიგეგმოს. ამ ნებართვაში აღნიშნულია თუ რომელ დღეს და რომელ საათზე აქვს საშუალება მოაწყოს აქცია ამა თუ იმ ჯგუფს. თუკი, სხვა ჯგუფსაც უნდება მაინცდამაინც იმ დღეს აქცია, სხვა ადგილს სთავაზობენ და სხვა საათს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ორი სხვადასხვა მიზნებისთვის გამოსული ჯგუფი ერთმანეთს არ ემთხვევა. თუ აგრესიულად მივა ამა თუ იმ აქციაზე ვინმე, მას პოლიცია, ერთი სარჩულით, რომ კანონს არღვევს, დაშლის.

შეგნებულად მივსულვარ, თუნდაც ლგბტ პირების გამოსვლისას. ტყუილია, რომ მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს მათ ევროპაში ან სხვა რომელიმე ჯგუფს და არ აქვთ არანაირი პრობლემები! ლგბტ პირების მიმართ აგრესია ბევრჯერ მინახავს, მაგრამ პოლიცია და ხელისუფლება არის გარანტი დაიცვას მეორე ადამიანი აგრესიისგან და ყველამ ერთად დაიცვას კანონი. რომელ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მელაპარაკებით?! მორალურად ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი ცხოვრობს, დანარჩენს განსაზღვრავს სწორად აწყობილი სისტემა და მკაცრი კანონი. გაიხსენეთ, როდესაც აქციები იგეგმებოდა, არც ერთ მხარეს არ უთქვამს მოსახლეობისთვის თავისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ, ყველა იმ მეორე ჯგუფს განიკითხავდა. ამას მოჰყვა მუქარები და საკუთარი ინიციატივით ერთმანეთთან მივარდნები. ეს ჩანასახშივე იკრძალება ევროპულ ქვეყნებში.

ხვალ რაიმე სახის "სექტა", რომ ჩამოვაყალიბო, რა აუცილებელია ვაიძულო 5 მილიონი პატივს მცემდეს, მაღიარებდეს, მეთაყვანებოდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში მთელს სამოქალაქო საზოგადოებას ბნელად ვაცხადებდე. მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს (თუკი ეს სახელმწიფო ინტერესებს არ ეწინააღმდეგება) გამოვხატო ჩემი მოსაზრებები იქ და იმგვარად, როგორც მოვისურვებ. ოპოზიციის მიკვირს, ზოგიერთმა მაინც, რომელმაც საზღვარგარეთ იცხოვრა და იცის როგორ არის მოწყობილი ეს ყველაფერი, ყველა პრობლემას მაინც მოქალაქეებს აბრალებს. მოკლედ, შესაძლოა სიბრიყვეა ჩემგან ასეთი მარტივი საკითხების განმარტება და მართლაც ოპოზიცია, ხელისუფლება და ანტაგონისტური ჯგუფები ერთ თამაშს თამაშობენ, მაგრამ მე, ჩემი გულწრფელობით შევახსენებდი მათ, ვიდრე სრულ ქაოსამდე მივალთ, იქნებ ქვეყანაზე გეფიქრათ და არა საკუთარ ხელფასსა და თანამდებობაზე? ყველაფერს ანტიევროპულ ნაბიჯად რომ ნათლავთ, ეს ქმედებები პირველ რიგში ანტიეროვნულია. ჯერ ჩვენ შიგნით, ჩვენივე ქვეყნისა და ხალხისთვის უნდა გვინდოდეს მოვაწესრიგოთ და დავამშვიდოთ ეს ქვეყანა და მერე, დავიწყოთ თავმოწონება და თანამშრომლობა ევროპელებთან. აქვე არ დავიზარებ და შეგახსენებთ: ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, სამართალსა და კანონზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე", სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს