მშვიდობით, მომავალ სიკვდილამდე! - კვირის პალიტრა

მშვიდობით, მომავალ სიკვდილამდე!

არკვიეთ რამდენიც გინდათ საბურავი გაუსკდა თუ დიდი სიჩქარით მოდიოდა, მნიშვნელობა არ აქვს, წინ კიდევ მრავალი სიკვდილი გველის საგზაო ავარიების სახელით. მაღალჩინოსნები საავადმყოფოებში მიდით და თავები ღრმად გადააქნიეთ მწუხარების ნიშნად. თქვენ ხომ არ გრძნობთ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკაში ამ სფეროშიც ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და შესაცვლელი. არ მითხრათ ვაკეთებთო! ერთ დღეში როდის შეცვლილა ყველაფერიო! არ მითხრათ, რადგან აღარ მჯერა, რადგან შეცვლის პროცესი არადა არ დაიწყო. ასეთი არაკომპეტენტური ადამიანების ჩართვა პროცესში, რასაც საგზაო მოძრაობის წესები, ნიშნები, ტესტები თუ მძღოლები ჰქვია თავზარს მცემს.

ჯერ ერთი, როგორც ყველა მიმართულებით აქაც ერთიანი სისტემა არ არსებობს. მეორე: ყველა პროფესიონალი მოცილებულია სიტუაციას.

აქედან გამომდინარე ვსვამ ასეთ რიტორიკულ შეკითხვას: არის თუ არა ადამიანის სიკვდილზე ვინმე პასუხისმგებელი ჩვენს ქვეყანაში?

დავიწყოთ იმით, რომ მძღოლი პროფესიად არ არის აღიარებული და პასუხისმგებელ პირებს ეს საკითხი საქილიკოდ არ ყოფნით. ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია ასე, იმ დროს როცა ლამის ყოველდღე ვაცხადებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებს გვინდა დავეწიოთო.

მთელ მსოფლიოში მძღოლობა აღიარებულია, როგორც მომეტებული საკითხის შემცველ პროფესიად და რეგულირებადი პროფესიების ნუსხაშია შეტანილი. ჩვენ კი, ასეთ სერიოზულ საკითხს ვეთამაშებით და კომპიუტერული თამაშების დონეზე დავიყვანეთ. მერე გამოდის ადამიანი გზაზე, იღუპება და ვისი და რისი ბრალეულობით მოხდა იმასაც ვერ ვადგენთ.

უცხოელები შოკში არიან ჩვენი საგზაო ნიშნებით, რადგან უმეტესი საბჭოთა დროინდელია და ხელისუფლებას პრინციპულად არ სურს პრობლემის არსებითად განხილვა. ამ საქმის ერთ-ერთი პროფესიონალი ილია მეკოკიშვილი, რომელიც სრულიად შემთხვევით გავიცანი, წლებია იბრძვის, რომ ხმა მიაწვდინოს და ვერაფერს გახდა, რადგან პროფესიონალები ამ პროცესში არ სურთ.

პირდაპირ ვამბობ, დღეს არენაზე ჩანან ის არასამთავრობოები, რომლებიც გრანტს ჭამენ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით ცდილობენ მსუბუქად წარმოაჩინონ პრობლემები.

სწორედ ილია მეუბნეოდა, პეკინის გამზირზე ველობილიკი, რომ გააკეთეს იქ საბჭოთა დროინდელი და რაც მთავარია, სრულიად შეუსაბამო ნიშანი დაარჭესო. სად არ ვირბინე ვის არ მივაკითხე და საბოლოო პასუხი ასეთი იყო, რა მნიშვნელობა აქვს, სხვა არ გვაქვს და თან მაგ ნიშანს არავინ უყურებსო.

თუ ამ საქმის ერთი პროფესიონალი მაინც დარჩა ამ ქვეყანაში დამიდასტურეთ, რომ გზებზე, მთელ რიგ შემთხვევებში საგზაო ნიშნები არასწორად დგას, ინფორმაციასაც ვერ იღებთ და არც არავინ მოქმედებს საგზაო ნიშნების მიხედვით. ე.წ მძღოლები მხოლოდ გზებზე არიან ორიენტირებულები, ვისაც იღბალმა უმტყუნა მხოლოდ იმას ადანაშაულებენ. სირცხვილი არ არის?

ან გამოდიან პერიოდულად გრანტიჭამია არასამთავრობოები, პერფორმანსულ აქციებს დგამენ და ერთი ხელის მოსმით მძღოლებს ადანაშაულებენ, მეტი ყურადღებაა საჭიროო და ამით მთავარ პრობლემებს მალავენ.

ავარიის და ადამიანის გარდაცვალების შემთხვევებში კი პასუხს არავინ არ აგებს!

გადიხარ საზღვრებს გარეთ და დგას საგზაო ნიშნები, რომელსაც შენი კანონმდენლობა საერთოდ არ ცნობს. ამ კუთხით პასუხისმგებლობა ასოცირების ხელშეკრულებითაც გვეკისრება, მაგრამ არავინ ყურს არ იბერტყავს!

ამ ბლოგის წერის დროს პროფესიონალების მიერ მოწოდებულ მასალას ვათვალიერებ და გული მისკდება. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის 17 მუხლში არის ხარვეზი და შეცდომა. თურმე ეს ადამიანები აღნიშნული შეცდომების გამოსწორებას წლებია ითხოვენ და ვერაფერს გახდნენ.

ამას დაუმატეთ კანონმდებლობაში არასწორად განმარტებული ტერმინები და ცალკეულ მუხლებში არსებული ტექნიკური ხარვეზები, გზების ინფრასტრუქტურა და შეცდომით ჩაბარებული საგამოცდო ტესტები, რაც ბაზარზე სრულ ქაოსს ქმნის.

ამ ყველაფრის შემდეგ რა საგზაო ვიდეოების დადგმაზე ან მძღოლების პასუხისმგებლობაზე მელაპარაკებით მართლა მაინტერესებს?!

მთელი ყურადღება გადატანილია ე.წ პასუხისმგებელი უწყებების შემოსავლების ზრდაზე და არა ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე. 25 წლის განმავლობაში საგზაო ნიშნების დადგმის სტანდარტი ვერ შევიმუშავეთ, ერთიანი სისტემა ვერ ჩამოვაყალიბეთ! ჩვენი დღევანდელი საგზაო მოძრაობა და სატანდარტი აცდენილია განვითარებული ქვეყნებისას და რაღაზე ვსაუბრობთ.

ვინმემ სერიოზულად დააყენა რომელიმე მტკივნეული პრობლემა? კანონი და წესი ჩამოვაყალიბეთ და ვინმემ არ დაიცვა? კრიტიკულ სიტუაციაში საგზაო პატრული, რომ სანთლით ეძებო ვერ იპოვი და რაზე ვსაუბრობთ? ვის პასუხისმგებლობას ვაყენებთ? რატომ არ ვიწყებთ დღეს, კიდევ ერთი სიკვდილის შემდეგ, რეალურ ქმედებას?

ჰოლანდია ჩვენხელა ქვეყანაა, ჩვენთან დადის 200, ხოლო იმათთან 40-50 მილიონი სატრანსპორტო საშუალება და წელიწადში 7 ადამიანია მკვდარი. იმ 7 ადამიანის სიკვდილსაც სპეციალური კომისიები იძიებს. ჩვენ 700 ადამიანი გეღუპება მინიმუმ და 10 ათასი გვისახიჩრდება წელიწადში და ყურს არავინ იბერტყავს.

ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებაც ევროპულ სტანდარტებთან გაგვათანაბრებდა, მაგრამ ჩანს არ გვინდა.

ეს საკითხი მრავალმხრივ და სხვადასხვა მიმართულებით არის განსახილველი. ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ხელუსუფლებამ უნდა აიღოს. გთხოვთ, გაგვიჩნდეს სურვილი თავი დავაღწიოთ საბჭოთა სისტემას და მიდგომებს ერთად.

გზებზე მდგომარეობა საგანგაშოა!

მშვიდობით, მომავალ სიკვდილამდე!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს