წლების განმავლობაში "გაყინული" ხელფასი და არანაირი დანაზოგი - საქართველოში განვითარება შეუძლებელია! - კვირის პალიტრა

წლების განმავლობაში "გაყინული" ხელფასი და არანაირი დანაზოგი - საქართველოში განვითარება შეუძლებელია!

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ადამიანი, როდესაც ადრეული ასაკიდან იწყებს მუშაობას, როგორ ფიქრობთ, რა პირობებში შეიძლება იყოს დაახლოებით 20 წლის შემდეგ? რა თქმა უნდა, ბევრად წინ წასული სამსახურეობრივი პოზიციით, მთავარია, რომ უკვე აქვს საკუთარი დანაზოგი და აქვს გეგმა, როგორ და რა კუთხით სურს განავითაროს საკუთარი ცხოვრება.

ვერცერთ ჩემს უცხოელ მეგობარს ვერ დააჯერებთ, რომ ოცწლიანი მუშაობის შემდეგ იგივე ხელფასზე და თვიდან თვემდე თავის გატანის შესაძლებლობით შეიძლება ცხოვრობდე. მაშინ უცხოელები ფიქრობენ, რომ ან ხარ კრიმინალი, ან სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გამოგდებული, ან უპასუხისმგებლო და ასე შემდეგ. თუკი მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა თქვენს ცხოვრებაში, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა გაძლევს განვითარების საშუალებას ზედმეტი ნათესავისა თუ ზურგის გარეშე.

საქართველოში კი განვითარება შეუძლებელია.

მოკლედ, დღეს ვწერ ისეთ პრობლემაზე, საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების იმ კუთხით შედარებაზე, რაც ძალიან თვალში მეჩოთირება კარგა ხანია და არავინ არაფერს ამბობს.

ავიღოთ ევროპის რომელიმე ქვეყანა, ვთქვათ, ახალგაზრდა იწყებს ერთ-ერთი კომპანიის დამლაგებლად მუშაობას. თუ ის რჩება იმავე პოზიციაზე მინიმუმ 3-6 თვე, მინიმალური ხელფასი, რომელიც ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობის დასაწყისში ინიშნება, ავტომატურად მცირედით მაინც ეზრდება. თუ სამსახურს არ იცვლის და გარკვეული მიზეზების გამო იგივე პოზიციაზე რჩება ერთი ან ორი წელი, ხდება Team manager, ანუ ჯგუფის ხელმძღვანელი. უკვე ის კურირებს და ასწავლის ახალმოსულებს გარკვეულ დეტალებს, რომელიც 2-წლიანმა გამოცდილებამ შესძინა. ასევე ავტომატურად ეზრდება ხელფასი და ა.შ

დამლაგებლის პოზიცია აქ პირობითად მოვიყვანე. მსგავსი სქემა მოქმედებს ნებისმიერი პროფესიის ადამიანებისთვის იქნება ეს: მშენებელი, მუშა, ჟურნალისტი თუ ექიმი, ნებისმიერ უწყებაში. რა ასაკში და სადაც არ უნდა დაიწყო მუშაობა, 5 წლის შემდეგ გიჩნდება დანაზოგი, გაქვს შანსი პოზიციის ცვლილების, დაწინაურების, სწავლის გაგრძელების და ასე შემდეგ.

ახლა, რა ხდება საქართველოში? თუ ვინმეს გაუმართლა და კოლეჯის, პროფესიული სასწავლებლის ან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რაიმე სახის სამსახური მიიღო რომელიმე ორგანიზაციაში, წლების განმავლობაში არის "კბილებით ჩაფრენილი" საკუთარ შტატს. ადამიანები ცხოვრობენ შიშით წლიდან წლამდე შემცირებაში არ მოყვნენ, ან რაიმე მიზეზით ვინმემ არ გაათავისუფლოს. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კონკურენცია, ზღვარი გამოცდილ და დამწყებ თანამშრომელს შორის წაშლილია. არ ფიქრობენ განვითარებაზე, რა თქმა უნდა, თუ ზურგი არ აქვთ, არც არავინ უმატებს ხელფასს, არ აქვთ დანაზოგი, გინდა 100 წელი მუშაობდე ერთი და იგივე ადგილას და არ აქვთ ხედვა, როგორ განავითარონ საკუთარი ცხოვრება მომავალში!

ხვდებით, რამხელა განსხვავებაა!?

აიღეთ ნებისმიერი ჰოლდინგი, საწარმო თუ ორგანიზაცია, რომელიც 90-იან ან თუნდაც გვიან, 2000-იან წლებში შეიქმნა. 18-20 წლის შემდეგ წარმოუდგენელია, როგორი ეკონომიკური სვლაც არ უნდა ჰქონდეს ქვეყანას, დღეს იგივე შემოსავლებზე იყვნენ ისინი. ახლა, შებრძანდით ნებისმიერ ზემოთ ნახსენებ დაწესებულებაში და მოიკითხეთ თანამშრომელთა ბედი. აღმოჩნდება, რომ ბევრი ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობს იგივე ხელფასზე 300, 400 ან 500 ლარზე. ვიცი, ბევრი ფიქრობს: სულ უმუშევრობას და შიმშილს ეს მირჩევნია, ჩემი პროფესიით მაინც ვმუშაობო. გადის წლები და არანაირი დანაზოგი, არანაირი განვითარების გეგმა.

ხვდებით რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის?! ჩვენთან აქცენტს აკეთებენ: თუ არ მოგწონს მიბრძანდი (რაც მონური ფსიქოლოგიაა) და ასევე, ირჩევენ "მონებს" არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ.

ვამბობ იმას, რომ ჩვენთან ხომ ერთს უმართლებს, იწყებს ბიზნესს, ხსნის საწარმოს ან ორგანიზაციას და პირობითად 20 კაცის დახმარებით წლების შემდეგ მისი ქონება ათმაგდება და ეს თუნდაც ერთგული პროფესიონალები იგივე პირობებით ცხოვრობენ წლების განმავლობაში.

რამდენი კომპანია, ცნობილი ჰოლდინგი ან მსხვილი ორგანიზაცია გაგახსენდათ, რომელთა დამფუძნებლების ან მენეჯერების თვიური ხელფასი 10 ათასიდან 21 ათასამდე მერყეობს. ამ დაწესებულებების ყველაზე გამოცდილი თანამშრომლების ხელფასები კი წლების განმავლობაში მინიმალურზე ფიქსირებულია.

ჩემი მეგობარი 19 წელია პედაგოგია, წელს 40 ბავშვამდე ცდილობდა მის ჯგუფში მოხვედრას, რადგან გვითხრეს კარგი პედაგოგი ხართო. 19 წელია 470 ლარი აქვს ხელფასი. მეცხრამეტე წლის დასასრულსაც კი არანაირი დანაზოგი ან განვითარება. ის მაინც ბედნიერია და ვერ იგებს, რას ვეუბნები. ჩემი მეგობრის მაგალითი პირობითად მოვიყვანე, ვიცი მსგავს სიტუაციაში ბევრი ხართ.

თუკი ყელში ამოგდის ამ ერთი და იგივეს ტკეპნა მთელი ცხოვრება, მაშინ სისტემა გსვრის და გყლაპავს. უნდა "შეუძვრე" უფროსს. იქნებ რამე გამოსტყუო ან "იჩალიჩო", ან "ლევად" იმოქმედო, ან ზურგი მოძებნო ოდნავ კარგი სამსახურისთვის. აი, ქართული დანაზოგი, აი ქართული განვითარება.

ხვდებით რისი თქმა მინდა? სახელმწიფო გიყენებს მთელი ცხოვრება და შედეგად არაფერი გრჩება. მე ეკონომისტი არ ვარ, პროფესიული ხედვით ვერ დავაკავშირებ ამ პროცესს, რატომ გვყავს 41 მდიდარი პირობითად და დანარჩენი უღარიბესი მოსახლეობა. ჩვენ და ისინი რატომ ვიხდით ერთნაირად გადასახადებს, რატომ აქვთ ჩვენთან მენეჯერებს ან საწარმოს დამფუძნებლებს ასეთი მენტალიტეტი, სულ რომ მილიონერი გახდეს, მის დაწესებულებაში პირობები არ იცვლება?!

ხშირად მიფიქრია, რომ აქაური საქმოსნები, ვერასოდეს მოიქცეოდნენ მსგავსად საზღვარგარეთ. ვგულისხმობ იმას, რომ ევროპულ ქვეყნებში სახელმწიფო არ აძლევს ამის საშუალებას. ერთი სისტემით და პრინციპით მუშაობს ყველა. კომპანია, რომელსაც აქვს მოგება, ეს მოგება აისახება დამლაგებლიდან დაწყებული მენეჯერის ასისტენტამდე დამთავრებული თუნდაც ერთი ფუნტის ან დოლარის მატებით.

არც ერთი უცხოური კომპანია არ დაუშვებს, რომ მხოლოდ ახალმოსულ, გამოუცდელ თანამშრომლებზე აგებდეს იმედებს, რომ ცუდად თუ კარგად რამეს გაუკეთებენ და სხვა ფეხებზე ეკიდოს.

უცხოეთში არაერთი ცნობილი მსახიობი ვიცი, ვისი სპექტაკლებიც ანშლაგით მიდის და პროფესიული განვითარება რესტორნის დალაგებით დაიწყო. და საერთოდ, იქ არაერთს ნახავთ მინისტრის პორტფელი რომ აბარია და მისი უახლოესი მეგობარი მუშაა, რადგან ადამიანები ერთმანეთს ირჩევენ სულიერი თანხვედრის კუთხით და არა თანამდებობების მიხედვით, რასაც ვერ ვიტყვი ე.წ ქრისტიანულ საქართველოზე. აქ მინისტრი რომ ხდება ვინმე, ლამის საკუთარი ოჯახის წევრს არ ელაპარაკება.

ამიტომ, ნუ გიკვირთ, რომ აქ წლების განმავლობაში ე.წ პრესტიჟულ სამსახურს ადამიანებს საზღვარგარეთ თუნდაც დამლაგებლის პოზიცია ურჩევნიათ და გარბიან.

აი, ისე ჩემი მეგობარი, რომ გაიქცა, კაფეს ალაგებდა, 2-3 წელიწადში ფული გადადო და იმ სპეციალობით გაიარა გადამზადება, რომელიც აქ მიიღო უნივერსიტეტში. დღეს ცხოვრობს მშვიდად, გეგმავს შვებულებას როგორც სურს, შეუძლია ნებისმიერი მსოფლიოში ცნობილი ადამიანის კონცერტზე აღმოჩნდეს და მუშაობს თავგამოდებით...

მე კი, ვერასოდეს ვუხსნი ჩემს უცხოელ მეგობრებს, რატომ არ ვარ მდიდარი, რატომ არ მაქვს დანაზოგიც კი, რადგან ვარ პატიოსანი, თანაც ჟურნალისტი და თანაც "Hardworker" და 2 ათეულ წელზე მეტია გულწრფელად ვემსახურები მართალ სიტყვას. ვერაფრით ვუხსნი, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში წამგებიანია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს