მიშელ უელბეკი ბევრჯერ დარჩა მარტო და მეც... ალბათ ამიტომ შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში - კვირის პალიტრა

მიშელ უელბეკი ბევრჯერ დარჩა მარტო და მეც... ალბათ ამიტომ შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში

"არ შეიძლება სიმართლეც გიყვარდეთ და სამყაროც"

"რამდენი წელია, მძაგს ეს ხორცი, რომელიც გარს ეკვრის ჩემს ძვლებს. კანი გაქონილი, ტკივილისადმი მგრძნობიარე, მსუბუქად ფორებიანი. ცოტა ქვემოთ კი ორგანო, რომელიც იბრიქება..."

მას უცნაური ბიოგრაფია ჰქონდა. ან, უბრალოდ, არც... ზუსტად არ მახსოვს, როგორ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ხანდახან მხვდებოდა სადღაც-სადღაც ფრაზები, რომლებიც მამახსოვრდებოდა, ანაც მაბრაზებდა. "მორჩილება", რომელიც პარიზში მოდელირებულ "არაბულ გაზაფხულს" ასახავს, მაღაზიების თაროებზე 2015 წლის 7 იანვარს გამოჩნდა. იმავე დილით სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს" ნომერში რამდენიმე სტრიქონი მიშელ უელბეკს მიეძღვნა და მისი კარიკატურაც კი დაიბეჭდა.

ეს მოგვიანებით გავიგე. იმ დღეს ვიღას ახსოვდა უელბეკი, ყველაფერი "შარლი ებდოზე" მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ გადაფარა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა. მეორე დღეს, მეც გავეშურე ტრაფალგარის მოედანზე ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად და ტერორიზმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად.

იმ დროს მას, როგორც მწერალს, ჯერ კიდევ არ ვიცნობდი. უბრალოდ, ერთ-ერთ ინგლისურენოვან გაზეთში ამოვიკითხე: " როგორც ნაპოლეონი ამბობდა, ომი არის de nature, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ისლამთან შერიგების დრო დადგა" გავბრაზდი. არ ვიცოდი რას გულისხმობდა...

ზოგჯერ ხდება, რომ წიგნი ან მწერალი თავად "გეძებს". ასე, გაუაზრებლად იკვეთება თქვენი გზები და ისე, რომ ვერ ხვდები ის შენიანი ხდება.

იმ დღეს რა მოხდა, არ ვიცი. მისი ერთ-ერთი პერსონაჟის შეკითხვა ამოვიკითხე: "რამდენ ხანს იარსებებს დასავლური საზოგადოება რელიგიის გარეშე? ვეღარ იარსებებს!" ასეთია მიშელ უელბეკის პასუხი 2015 წელს:  "დასავლეთევროპელმა ადამიანმა, რომელიც რამდენიმე ათწლეული ღმერთისა და მბრძანებლის გარეშე ცხოვრობდა, თავისუფლება ვერ მოიპოვა. ამის ნაცვლად უფლება აქვს, მიიღოს მორჩილება უკიდურესი ფორმით - როგორც განკურნების საშუალება და ასევე, როგორც სასჯელი".

ამ ფრაზამ ჩემზე გავლენა მოახდინა. გამახსენდა, რომ ადრეც გადავიკვეთეთ რამდენჯერმე. ეხლა უკვე მე ვიწყებ მის ძებნას... მოგვიანებით აღმოვაჩენ, რომ ის არ ერიდება დასავლეთის სისუსტეების კრიტიკას. იმ სისუსტეების, რომლის შესახებაც საუბარს არა მარტო დასავლეთში, მის ფარგლებს გარეთაც ყველა ერიდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰომოფობად შესაძლოა მოგნათლონ. ყოველ შემთხვევაში ჩემს ქვეყანაში მაინც.

არადა, დღეს თუ ხარ დასავლეთევროპელი, შეუძლებელია იყო ქრისტიანიც. დასავლეთევროპელობა ერთგვარ რელიგიად ჩამოყალიბდა. მოკლედ, ეს არის მწერალი, რომელიც მტკივნეული თემებით მანიპულირებას და ღია ჭრილობებზე მარილის დაყრას არ ერიდება. მას ფრანგულ პრესაში "ფხიზელი დამკვირვებელი" მოგვიანებით კი "ჩვენი სამყაროს მთავარი მოწმე" უწოდეს.

"დასავლეთში ღმერთის სიკვდილი იმ გრანდიოზული მეტაფიზიკური სერიალის პრელუდიად იქცა, რომელიც დღემდე გრძელდება. დღეს, უცნაურად მოწესრიგებულ-ცივილიზებული და ამავე დროს, პირქუში გვეჩვენება - აბსოლუტურ ყოფიერებაში მარადიული მონაწილეობის დაპირებით.

როგორც კი ეს ოცნება გაფერმკრთალდა, ათასი რამ მოიგონეს, რათა კაცის გულში ყოფიერების მინიმალური იმედი მაინც ჩაესახათ. დღემდე ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და უბედურებაც ყველა მიმართულებით გავრცელდა..." - ამ სიტყვების გამო მიშელ უელბეკი კარგა ხანს სიძულვილსა და წყევლას იღებდა მკითხველისგან.

მისმა კოლეგა ჟურნალისტმა ოდ ლანსლენმა ისიც კი დაწერა, რომ გაუმართლებელია უელბეკისგან ლანძღვა მთავარი პრინციპებისა... მიშელი კი უდრტვინველად განაგრძობდა თქმას, რომ სამყაროში "ზე-მეს" გამოზრდა დაიწყო. ეს არის ბევრად უფრო შეუბრალებელი, ვიდრე ნებისმიერი იმპერატივი, რომელიც ოდესმე არსებობდა...

ეს არის რეკლამა მარადიულობის ცნების პირწმინდად უარყოფა და საკუთარი თავის, როგორც მუდმივი განახლების პროცესის განსაზღვრა. " სინამდვილეში კი ეს ე.წ რეკლამა დასავლეთის დაღუპვისაკენ და სუბიექტის სრულ გაქრობას ან თვინიერ დამყოლ აჩრდილად გადაქცევას ისახავს მიზნად".

მას აქვს ფარული, არცთუ ისე იოლად ამოსაცნობი და ასახსნელი იუმორი, თუმცა რიგ შემთხვევებში უფრო ხისტი ჩანს. "ადამიანების უმეტესობა ისე ცხოვრობს, რომ არასოდეს აწუხებს საკუთარი არსებობის გამართლების პრობლემა. ცხოვრობენ იმიტომ, რომ ცხოვრობენ, ეს არის და ეს, ასეთია მათი არგუმენტი; მერე იხოცებიან იმიტომ, რომ უნდა დაიხოცონ და ცხოვრების ანალიზი ამით სრულდება",- ამბობს ის.

ის ზოგადად ადამიანებზე წერდა და დღეს მთელ მსოფლიოში ასეა ალბათ, ერთნაირი პროცესები მიდის, მაგრამ თუკი ვინმეს თავისი ცხოვრების გარკვეული წლები ევროპაში უცხოვრია, მიშელის ეს ნათქვამი დალაი ლამას ფრაზას გაახსენებდა: "თანამედროვე დასავლელი ადამიანი ისე ცხოვრობს, თითქოს სიკვდილი არ არსებობს და ისე კვდება თითქოს არც უცხოვრია".

"დასავლეთევროპელები თანამედროვე მკითხველებად დარჩენას ვეღარ ახერხებენ. მათ აღარ შესწევთ იმის უნარი, რომ თვალწინ გადაშლილი წიგნის მოკრძალებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ: იყვნენ უბრალოდ ადამიანები, დამოუკიდებელი აზროვნებითა და საკუთარი შეგრძნებებით".

დღეს, თანამდეროვე ლიტერატურაში შემოსული სტილი, ყოველდღიური ცხოვრების რუტინული აღწერა, ალბათ მოსაწყენი იქნებოდა, რომ არა ის ნაპერწკალი და სიმართლის პირში მიხლა საზოგადოებისთვის, რასაც დღეს ქვეყანაში ვხვდებით. მიშელ უელბეკი ამ პროცესს არ ერიდება. არასოდეს წერს გაფეტიშებულ, დამკვიდრებულ შეხედულებებზე და დოგმებზე მოკრძალებით, აღიარებით! ეს ადამიანი ხშირად კონტურებს იმისთვის ამუქებს, რომ სიმართლე იოლად აღსაქმელი იყოს.

თან გვაფრთხილებს: "არ შეიძლება სიმართლეც გიყვარდეთ და სამყაროც, თუმცა თქვენ ხომ უკვე ამოირჩიეთ... რაც უფრო უახლოვდებით ჭეშმარიტებას, მით უფრო იზრდება თქვენი მარტოობა",

არადა, სინამდვილეში ადამიანების უმრავლესობა იოლად ცხოვრებას ირჩევს, რა თქმა უნდა, სამყარო უყვარს, ის სამყარო, რომლის ღმერთიც ფულია.

მიშელ უელბეკი კი ბევრჯერ დარჩა მარტო და მეც, ალბათ ამიტომ შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში.

მე, ხშირად ვწერ ჩემს ბლოგებში თუ რა მომწონს დასავლეთში (თუმცა, ნაკლოვანებებიც მშვენივრად ვუწყი) იქაც ირღვევა კანონი, იქაც ხდება დანაშაული, მაგრამ მოქმედებს კანონი. უელბეკის ნაწერებიდან კი იგებთ, რომ თანამედროვე საფრანგეთში, სულ ახლახან, ოლანდოს არჩევნების დროს შესაძლოა საარჩევნო ყუთიც კი გაეტაცათ...

მოკლედ, ძალიან შორს წავალ თუ არ გავჩერდი. უბრალოდ, ისედაც ვაპირებდი დამეწერა მასზე ერთ დღეს და აღმოჩნდა, რომ ის საქართველოშია... აი, გლობალიზაციის ერთი-ერთი დადებითი ნიშანი.

დასასრული კი მისი სიტყვებით: "თუკი შეიყვარებთ სიმართლეს, თქვენ მდიდარი ხართ. იცით, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. უარს ნუ იტყვით მათ გამიჯვნაზე, ნუ ჩაგითრევთ შემწყნარებლობა, ხანდაზმულობის ეს საცოდავი ნიშანი. მწერალს იმის ძალა შესწევს, რომ უცვლელი მორალური ჭეშმარიტებები დაადგინოს. სხვა თავისუფლება მთელი არსებით შეიძულეთ".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს