რას იზამ, როცა მასწავლებელს "შატალოზე" წასვლა თავად უნდა... - კვირის პალიტრა

რას იზამ, როცა მასწავლებელს "შატალოზე" წასვლა თავად უნდა...

უპირველესად: მითია შეხედულება იმის შესახებ, რომ განათლება ხელს უწყობს ადამიანის მოქალაქეობრივ განვითარებას. ისიც მითია დავიწყოთ სამოქალაქო თვითშეგნების მქონე ადამიანების აღზრდა სკოლის ასაკიდან, რომ იქნებ 5 მილიონმა მორალურად და ზნეობრივად იცხოვროს ზრდასრულობის ასაკში.

მითია და მცდარია აქცენტები.

ამ მითებში წლებია სკოლას ვანგრევთ და არ ვავითარებთ. დაახლოებით მსგავსი რამ ამერიკამ და ევროპამ საუკუნის წინ გაიარეს და მიხვდნენ, რომ მითებით კი არა, რეალური ცხოვრებით უნდა იცხოვრონ. ისინი სწრაფადვე მიხვდნენ, არც ერთი და არც ნახევარი საუკუნე არ დასჭირვებიათ, რადგან ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდნენ. რადგან სინდისმა და კანონმა სძლია გავლენებს. ჩვენ კი, ვერ ვაბიჯებთ მოძველებულ მენტალობას. საშუალო განათლების ცუდად მომუშავე სისტემა დღემდე მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ემსახურება ძალაუფლების მქონე ჯგუფების ინტერესებს.

პერიოდულად, რაღაც ეტაპებზე ვაცხადებთ, რომ სკოლის რეფორმაა საჭირო და ეს გამოცხადებული რეფორმა ერთი მინისტრის მეორეთი ჩანაცვლებით სრულდება.

მერე ხან ბავშვს ვაბრალებთ პრობლემას, რომელიც ისედაც ყველაზე დიდი მსხვერპლია ამ სისტემის, ხან მშობელებს და არ ვიმჩნევთ, რომ ბოლო დროს არც ერთ მასწავლებელს არ შეუძლია მცირე პასუხისმგებლობის აღებაც კი. ყველა თავის მართლებაზეა გადასული.

"ჩხუბის დროს, ჩვენ ადგილზე არ ვიყავით", " კარგი ბავშვი იყო, ჩვენ არაფერი შეგვიმჩნევია", "ეს, რომ მოხდა უკვე სკოლის გარეთ იყვნენ, ჩვენ რა შუაში ვართ"... მხოლოდ ეს კომენტარებიც კი აბსოლუტურ გულგრილობას ავლენს. ვერაფერს იტყვი, კანონი არ გიცავს, ქაოტური სისტემა კი შენს წინააღმდეგაა.

ბოლო დროს კიდევ ერთ მახინჯ ფორმაზე, მშობლების სკოლაში მასიურ ჩართულობაზე კეთდება აქცენტი. დიახ, ვფიქრობ, რომ მახინჯი ფორმაა, რადგან ეს კიდევ მეტ ქაოსს და გაუგებრობას შეიტანს სკოლებში.

განვითარებულ ქვეყნებში მშობლები პედაგოგებს, ფაქტობრივად, არ იცნობენ. გაანალიზებულია რა ტიპის სასკოლო სისტემა სჭირდება მათ ქვეყანას და მოსწავლეც ერგება ამ სისტემას. გარდა საჯარო და კერძო სკოლებისა არის სხვადასხვა ტიპის სკოლა, რომელთა ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ, ბავშვის შესაძლებლობამ და მდგომარეობამ უნდა გიკარნახოს სად შეიყვანო ის, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი, თორემ შემდეგ მშობლის აქტიურობა სკოლაში გამორიცხულია.

ჩვენთან ჯერ კიდევ მოდაშია "მიეჭრა" პედაგოგს. თან რაც უფრო "კლაოზნიკია" მშობელი მით მეტად სცემენ პატივს. რაც უფრო მოძალადეა ბავშვი, მით მეტად მუშაობს სისტემა მის სასარგებლოდ. ახლა ამას დაუმატეთ, თითოეული მშობლის მითითება ეს საზეპირო არ მისცეთ, უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ჩემს შვილს, მე ასე არ მაწყობს და ასე შემდეგ, აბსოლუტური ქაოსისა და სიმახინჯის გაღრმავებას უწყობს ხელს ჩვენს სკოლებში.

მახსოვს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში, ერთი ემიგრანტი ქალბატონი, რომელმაც ჩათვალა, რომ მის გოგონას ლიტერატურაში მასწავლებელმა ქულა დააკლო, როგორ ლამობდა მის პედაგოგთან შეხვედრას და ჩხუბს. სისტემამ არ მიუშვა პედაგოგამდე. გვერდიგვერდ, რომ ემგზავრათ მუნიციპალურ ტრანსპორტში სახეზეც ვერ ცნობდა. სამაგიეროდ, ევროპის ქვეყნებში პარალელურ რეჟიმში მუშაობენ ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ პედაგოგების სანდოობას, კვალიფიკაციას და მათ დამოკიდებულებას მოსწავლეების მიმართ.

მოკლედ, გული მწყდება, რომ დროს ვფლანგავთ და სერიოზულს არაფერს ვაკეთებს. ეხლა ვცდილობთ მშობლებს დავაკისროთ პასუხისმგებლობა, მან უნდა იფიქროს სკოლის პრობლემებზე. წარმოგიდგენიათ რამდენი მშობელია და ყველას არაპროფესიული აზრი გაითვალისწინო ან გაანალიზო? მშობლების, რომელთა უმეტესობასაც ისიც კი ვერ გაუანალიზებიათ, რომ სამსახურის შემდეგ ჰკითხონ ბავშვს: როგორ ჩაიარა დღემ? რა გამოწვევებია მის ცხოვრებაში? ვინ არის მისი მეგობარი? და ასე შემდეგ.

წლიდან წლამდე იმდენად ცვალებადია განათლების სისტემა ჩვენში, მით უფრო ბოლო დროს იმდენად ბევრი ხარვეზი, ჭუჭყი და ქაოსი გამოჩნდა სკოლებში, რომ წარმოუდგენელია ერთხელ მაინც არ გაგვიჩნდეს სურვილი გავჩერდეთ ცოტა ხანს, დავსხდეთ და გავაანალიზოთ, რა გვსურს მომავალში? ვანგრევთ სკოლას ბოლომდე თუ მართლა გვსურს რაიმეს კეთება?

ბოლო წლების განმავლობაში, ვფიქრობ, ელემენტარული და არსებითი კითხვებიც არ დასმულა. როდის გავაანალიზეთ განათლების დაფინანსებასთან ერთად გვაქვს თუ არა განათლების თანმიმდევრული პოლიტიკა? რა გვიშლიდა ხელს წინა სისტემიდან და რის შეცვლა გვსურდა? რას ეფუძნება განათლების პოლიტიკა?

მე დღესაც არ ვიცი რას ეფუძნება ის და რა შედეგზეა გათვლილი. რომელ ქვეყანაშია ერთი მინისტრის მოსვლა-წასვლაზე დამოკიდებული სისტემა?

ბოლოს ერთი ამბავი უნდა გაგიზიაროთ და ამით ვასრულებ. ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც თავისუფლების მოედნის მიმდებარედ ცხოვრობს, ამავე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეს კერძოდ ამზადებს. სკოლას შეგნებულად არ ვასახელებ და ეს ამბავიც ამ ქალბატონის მონაყოლით ვიცი.

ქალბატონი მიყვება, მოვიდა ჩემი კარგი მოსწავლე ძალიან გულჩათხრობილიო. ვკითხე მიზეზი და მითხრა, რომ სკოლაში მასწავლებელს უთქვამს მომავალი კვირა სწავლის დასრულების ბოლო კვირაა და სადაც გინდათ წადით, ოღონდ სკოლაში არ მოხვიდეთო.

ეს მე არ ვიცოდი და ორშაბათს ჩვეულებრივ მომზადებული გამოვცხადდიო. მასწავლებელმა კი სხვების თანდასწრებით აგდებულად მითხრა: " შენ ერტყობა უპატრონო ხარ, რომ ბოლო კვირას მშობელი სკოლაში გიშვებსო"

შესაძლოა არაფერი განსაკუთრებული მაგალითია, იმ აგრესიისა და ძალადობის ფონზე, რაც ბოლო დროს სკოლებში ხდება. შესაძლოა, შეფასებებიც ზედმეტია, მიუხედავად იმისა, რომ ამის მოსმენისას მეც გული ჩამწყდა და კიდევ ერთელ დავფიქრდი, რა ეშველება სკოლას საქართველოში?! ხომ შეიძლება ამ ერთი კვირის მანძილზე "უსაქმურ" მოსწავლეებში რამე მოხდეს და მერე, ხომ თავის მართლების რეჟიმში გადავიდოდა მასწავლებელი. როდემდე ვისაუბროთ პრესტიჟულ სკოლებზე, რომელიც ციფრების გარდა არაფერს გვეუბნება? როდემდე არ ვიტყვით მოძველებულ სტერეოტიპებზე უარს? როდემდე დავტოვოთ ბავშვები ბედის ანაბარა?

და საერთოდ, რა შეუძლია მოსწავლემ ქნას, როცა მასწავლებელი თავდაცვაზეა გადასული და "შატალოზე წასვლა" თავად უნდა?!

მეგობრებო, დაფიქრების დროა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს