ჩვენი სტუმართმასპინძლობა 21-ე საუკუნის სამყაროს მოთხოვნებს აცდენილია, ანუ "ბედისწერად" ქცეული ტურიზმი - კვირის პალიტრა

ჩვენი სტუმართმასპინძლობა 21-ე საუკუნის სამყაროს მოთხოვნებს აცდენილია, ანუ "ბედისწერად" ქცეული ტურიზმი

ერთი უცხოელი ბიჭი აჩერებს იმ სამარშრუტო ტაქსის, რომლითაც მე ვმგზავრობ და ღიმილიანი სახით მძღოლს უმარცვლავს: ვა-ჟა ფშა-ვე-ლა... მძღოლი აგრესიულად თავს აქნევს და ისეთი სისწრაფით ძრავს მანქანას, ლამის უცხოელი "მარშრუტკის" ბორბლებში მოაყოლოს. მიუხედავად სისწრაფისა, უცხოელის გაოგნებული სახისთვის თვალის მოკვრას მაინც ვასწრებ. მძღოლს შენიშვნას ვაძლევ: "გთხოვთ, გააჩერეთ მე ავუხსნი, გთხოვთ" ის ახლა მე მაყენებს შეურაცხყოფას და რაღაცას ბურტყუნებს.

შეპასუხებას აზრი არ აქვს, ისევე როგორც ამ ერთი ისტორიის გაგრძელებას და დასკვნების კეთებას. უბრალოდ ვფიქრობ, რომელი ერთი მოვყვე ან დავწერო?

ჩვენს "განვითარებულ" ტურიზმზე ვწუხვარ.

სულ ახლახან გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ძალიან კარგი. ისიც მიხარია მერამდენე შემოსულ მილიონ ლარს თუ ადამიანს ვზეიმობთ, მაგრამ მიჩნდება კითხვა: ეს შემოსული თანხები სად მიდის და რას ხმარდება? ხომ შეიძლება დღეს ერთ ჯგუფს ვასწავლოთ, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი მომსახურება ფაქტობრივად აღარსად არსებობს და ხვალ სხვას. წლების შემდეგ კი რაღაც შედეგი დავდოთ.

არის თუ არა ჩვენთვის უფრო მთავარი რა ხარისხის ტურისტი გვეყოლება და არა რამდენი? გვაინტერესებს თუ არა ჩვენი მზაობა ტურისტების მიღების თვალსაზრისით? უნდა ვიცოდეთ თუ არა სად მიდის და რას ხმარდება ტურიზმიდან შემოსული თანხები?

ბოლო დროს უცხოელი ხან იკარგება, ხან დაბრუნება უჭირს, ხან იღუპება. ეს იმათი ბრალი კი არ არის, არამედ იმ ქვეყნის ხელისუფლების ვინც არ აკეთებს ან, არც ცდილობს გააკეთოს შესაბამისი ნიშნები სად შეგიძლია ახვიდე და სად არა. როცა არ ავითარებს სერვისს და გიდების მომსახურებას და ასე შემდეგ.

თუ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ადგილი შესწავლილი არ არის, სადმე ტრაფარეტს მაინც წააწყდები, - "ამ შემთხვევაში არ გარისკოთ, რადგან პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ". ეს ხომ იმათ კულტურაზე მიანიშნებს და იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლე მართლა მთავარი ღირებულებაა.

ჩვენი ისტორიული ძეგლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებია. ხომ შეიძლება ეტაპობრივად მოწესრიგდეს იქამდე მისასვლელი ბილიკები. რა დიდი ისტორიული ღირებულებაც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ძეგლს მიუვალი, ტალახიანი გზებით უცხოელები იშვიათად ინტერესდებიან. მერწმუნეთ!

ეკოლოგია და არქიტექტურა, ხომ ვიცით, მოუწესრიგებელია. აღარას ვამბობ რეგიონებში საავადმყოფოების სავალალო მდგომარეობაზე. რამე რომ მოხდეს პირველადი დახმარების პრობლემა რატომ უნდა იდგეს?!

მართლა არ ვიცი ვინმე ზრუნავს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს? თუ ჩვენ არ მოვუვლით ჩვენს ქვეყანას, უცხოტომელი როგორღა დაგვაფასებს?

იცით რა მაგიჟებს? პერიოდულად ხომ მსოფლიოში არაერთი ცნობილი მწერალი თუ მომღერალი ჩამოგვყავს. 2 საათის წინ ჩამოფრენილ, გამოუძინებელ ადამიანს ჟურნალისტები ეკითხებიან: "რა გსმენიათ ჩვენი ქვეყნის შესახებ?" "მოხიბლული ხართ თუ არა საქართველოთი?" "რას იტყვით ხაჭაპურსა და ხინკალზე?" არ ვხუმრობ ამგვარი შეკითხვაც მომისმენია და ამასთანავე, რიგ შემთხვევაში არც ერთი კითხვა მისი შემოქმედების შესახებ.

რატომ ვთვლით, რომ რადგან ჩამოსვლაზე დაგვთანხმდა მაინცდამაინც ჩვენით გაგიჟებული უნდა იყოს? რატომ არ ვფიქრობთ, რომ მთავარია როგორი განწყობით და შთაბეჭდილებით წავა აქედან? შემთხვევით, ნაკლები ცნობადობით გამოწვეული კომპლექსები ხომ არ გვაწუხებს?

ჰო, კიდევ ერთი "გამორჩეული" შეკითხვა, აღფრთოვანებულია თუ არა ჩვენი ბუნებით. საერთოდ ვფიქრობ, რომ სხვა განზომილებაში დავრჩით და იმ განზომილების წარმოსახვით ვცხოვრობთ.

ეს ჩვენი სტუმართმასპინძლობაც 21-ე საუკუნის სამყაროს მოთხოვნებს აცდენილია. ვგულისხმობ: შეუძლებელია უფასოდ "ატენო" უცხოელს საჭმელ-სასმელი, თან არა უშუალოდ შენი ოჯახის სტუმარს, "ქართულად გადაჰყვე" და სხვა ნებისმიერ ადგილას დამცირებულად გრძნობდეს თავს.

საერთოდ, რას ნიშნავს ჩვენ ლამაზი ბუნება გვაქვს და ყველა გაგიჟებულია ჩვენით?! ლამაზი ბუნება მსოფლიოს უამრავ კუთხეშია და ლამაზი ქვეყნებიც უამრავია. და, ჩვენ თუ არ გაგვიჩნდა სურვილი მოვუაროთ მას, ელემენტარული განვავითაროთ არაფერი გამოვა.

ასევე, არ მინდა ჩემს ქვეყანას მხოლოდ ხაჭაპურით და ხინკლით იცნობდნენ. რა უბედურებაა მუდმივად საჭმელზე აპელირება და მერე იმათი იძულება, რომ "გადარეულები" იყვნენ?! მარტო დედაქალაქში ყველა ხიდს და ქუჩას თავისი ისტორია აქვს. როგორ მშურს იმ ქალაქების სადაც პატარ-პატარა წარწერები ამშვენებს მინიმუმ ორ ენაზე და იგებ უფრო მეტს იმ ქალაქის ისტორიის შესახებ.

არ მაქვს იმედი, რომ აქ ჩამოსული ტურისტი კიდევ ერთხელ, აქ დაბრუნებაზე ფიქრობს (თუ მას საქმიანი ან სხვა ურთიერთობები არ აქვს). არ მაქვს იმედი, რომ აქ მას ფულის დახარჯვა უღირს.

როგორ მინდა ვუვლიდეთ ჩვენს ქვეყანას. როგორ მინდა ეს არაფრისმთქმელი დამოკიდებულებები და წარმოდგენები შევცვალოთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს