"ოკუპაციის" ამოთქმევინებაზე იმდენი ენერგია დავხარჯეთ, რომ... - მერკელის ვიზიტის უარყოფითი აქცენტები - კვირის პალიტრა

"ოკუპაციის" ამოთქმევინებაზე იმდენი ენერგია დავხარჯეთ, რომ... - მერკელის ვიზიტის უარყოფითი აქცენტები

როგორ მომბეზრდა აღტყინებული ბავშვის პოზიციაში ყოფნა. როგორ მინდა ღირსეულები ვიყოთ, თავდაჭერილები... მინდა, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები და ვიცოდეთ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შეგვტკიოდეს გული ჩვენს ქვეყანაზე და მერე ველოდებოდეთ სხვისგან მხარდაჭერას.

ამის ნაცვლად, დღეს მაქვს განცდა, - ახლა ავწევთ საჩვენებელ თითს, მივუტანთ რუსეთს ცხვირთან და დავიძახებთ: აი, ვინ ჩამოვიდა ჩვენთააან. ჩვენ ხომ მერკლის მხარდაჭერა გვაააქვს და თან სიტყვა ოკუპაცია გამოვძალეეთ. რა უბედურებაა ეს! ეკონომიკურად, რომ ვერ ვიზრდებით ხომ ვხედავ, მაგრამ პოლიტიკურადაც ვერ გავიზარდეთ?!

ეხლა მოიცა! პოლიტოლოგობას ვიწყებ. მაღალი რანგის პიროვნების ვიზიტისას უკვე მერამდენედ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს. ჯერ არ ვიცით, რატომ მოდის ჩვენს ქვეყენაში და კაცი ადამიანი არ არის ვინც საერთო კონტექსტში განიხილავს ვიზიტს. ან, ვინ უნდა განიხილოს, ჩვენთან რიგითი დეპუტატიდან დაწყებული, ასევე რიგითი ექსპერტით დამთავრებული, ყველა ოფიციალურ ვიზიტზე მსჯელობს და თან ერთმანეთის ქიშპი არ ავიწყდებათ.

ევროპის ქვეყნებში ოფიციალური პირები ჰყავთ ვისაც ეთქმის სიტყვა და იცის ანალიზი, რადგან საკითხი არა პარტიულ ჭრილში, არამედ ქვეყნის ჭრილში და გათვლებით კეთდება.

ამასთანავე, დიპლომატიური ქვეტექსტების კითხვაც აღარ ვიცით როგორც ჩანს. აქ ხომ არ ჩამოვიდოდა სამტროდ? ბუნებრივია მხარს გვიჭერს. რაღა საჭიროა 100-ჯერ ერთი და იგივე შეკითხვა: გვიჭერთ თუ არა მხარს?

არც ერთ ევროპულ ქვეყენაში ერთი და იგივე ჟურნალისტი, ასეთი შეხვედრების დროს, არ უმეორებს ოფიციალურ პირს თავისი შეკითხვის პირველ და მეორე ნაწილს, იმის მიუხედავად მიიღო თუ არა პასუხი. უბრალოდ უხერხულია! ხომ შეიძლება ელემენტარული რამ მაინც ავაწყოთ ჩვენს ქვეყანაში?!

მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ. ერთმანეთს რაღაცას ვუმტკიცებთ, ჩვენი პრემიერის არ იყოს, ისეთი ვრცელი სიტყვა წარმოთქვა ერთ-ერთი შეკითხვის დროს, რომ საარჩევნო "სფიჩს" უფრო ჰგავდა. ოჰ, ღმერთო, სულზე ვარ როდის გადავალთ განვითარების შემდეგ ეტაპზე.

უნდა ვისწავლოთ ევროპელების ფსიქოლოგია და ხასიათი. ჯერ ერთი, მათ არ უყვართ საცოდავი ადამიანები და სახელმწიფოები. ჩვენი ხასიათი და მათი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთი რიგითი ევროპელი, რომ აიღოთ, რანაირი შესაძლებლობებიც არ უნდა გქონდეთ თქვენ, თუ თავს წარმოაჩენთ მასთან, რომ საცოდავი ხარ და გჩაგრავენ, არ დაგიდგება გვერდით. მაგრამ, თუ ხარ პრინციპული და თავდაჯერებული, რანაირი პრობლემებიც არ უნდა გქონდეს, ის შენი მეგობარი ხდება.

ქართველები კი ოდითგანვე ვართ თავის მოსაწყლებასა და წუწუნს შეჩვეულები. ჩვენ ვფიქრობთ ვიღაცას შევებრალებით და ჩვენი გულისთვის ომს დაიწყებს. უფროსი ძმა გვერდით დაგვიდგება. ეს ილუზიაა. საქმეს მაინც ხომ არ გაგვიკეთებს სხვა არა? არადა, ვიწრო ჭრილში ვუყურებთ ყველაფერს, ჩვენ ეს გვინდა! რა შევცვალეთ უკეთესობისკენ ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში? -  არაფერი! და ასე "უპრაგონოდ" მიგვიღონ სადღაც?

თუ გვინდა ევროსტრუქტურებში გაერთიანება, ა, ბიჭო მოგვცეს "ასოცირების ხელშეკრულება". ეს სათამაშო ხომ არ არის? სახელმძღვანელოა როგორ განვავითაროთ ქვეყანა, რომ დავემსგავსოთ ევროპულ ქვეყანას და არ გვინდა! ერთი საკითხი დამისახელეთ ასოცირების ხელშეკრულებიდან, რომელიც არ გაჯანჯლებულა, ვადებში გაკეთებულა და არ გადადებულა? ზოგმა ექსპერტმა ისიც თქვა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ხომ არ დავრჩებითო, უფრო მეტი გვინდაო. თუ გვინდა ჩვენზე არ არის დამოკიდებული?

მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ხომ არ უნდა გვერქვას და ასე გაპარტახებულად ვცხოვრობდეთ, არც ერთ სტრუქტურაში, რომ ჩამოყალიბებული სისტემა არ არსებობს. მხოლოდ იდეაფიქსი ხომ არ არის იქ გაწევრიანება? თუ, ისევ აღტყინებული ბავშვის როლში ვართ, მინდა და მორჩა!?

მერკელისათვის "ოკუპაციის" ამოთქმევინებაზე იმდენი ენერგია დავხარჯეთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე რაიმე სასიკეთო სიტყვის დაცდევინებისთვის ძალა აღარ დაგვრჩა. როგორც ჩანს, გვინდოდა აქ მოგვემწყვდია და გვეთქმევინებინა ხვალიდან ნატოსა და ევროკავშირის წევრი ხართო.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ანგელა მერკელს უფრო ადარდებს ჩვენი ეკონომიკა და ხალხის სიდუხჭირე, ვიდრე ჩვენს ხელისუფლებას.

"საქართველო უნდა ასრულებდეს თავის წინაპირობებსო!" - ხომ თქვა და წავუყრუეთ. " საქართველოს რეგიონები ჩვენი დახმარების კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდესო!" - ხომ თქვა, ამასაც წავუყრუეთ. "ადამიანებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ ბიზნესის დაწყებაო". ჩვენ ამის პარალელურად ჩვენი მოქალაქეების გერმანიაში დასაქმება შევთავაზეთ.

წელს დასავლეთისკენ ვიყავი სტუმრად, ლეჩხუმის მხარეს. გული გამისკდა, რომ ვმგზავრობდი. არავითარი ინფრასტრუქტურა, დანგრეულმა შენობებმა და გაპარტახებულმა სოფლებმა დეპრესიაში ჩამაგდო. ვფიქრობდი, ნეტავ გუბერნატორები არ გამოდიან გარეთ, მანქანებით მაინც არ მგზავრობენ, თუ გული არა აქვთ-მეთქი?

დავინახავ რას გააკეთებენ გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხით. იმედს ვიტოვებ, ერთ-ორ წელიწადში "სხვები" არ გვეტყვიან, რა ვქნათ წინა მთავრობამ არაფერი გააკეთა და ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა გვერგოო და კიდევ ერთ წრეზე არ წავალთ.

დღეს ევროპას თავისებურად უჭირს და სხვა პრობლემები აქვს. რაც მთავარია მერკელს თავისი გათვლები და გეგმები ჰქონდა, ბუნებრივია, რომელიც წინასწარვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და გაანალიზებული. ჩვენ კი სურვილი უნდა გვქონდეს უბრალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყანა კი არ გვერქვას, ადამიანის უფლებების და ცხოვრების იმ დონეს მივაღწიოთ, რაც მოსაწონია განვითარებულ ქვეყნებში.

პ.ს ჩემთვის მთავარი მაინც ის არის, რამდენად სწორად გავშიფრავთ და გამოვიყენებთ თითოეულ მის სიტყვასა და ვიზიტს, რამდენად სწორად დავინახავთ ჩვენს პრობლემებს და არ ჩავრჩებით აღტყინებული ბავშვის პოზიციაში.

იხილეთ ასევე: ახალი "რკინის ლედი" და გერმანელთა "მუთი" - ახალგაზრდა ანგელა მერკელს ღამის გათევა მცხეთის მილიციაში მოუწია?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს