პლაკატების ფრიალით ვუმტკიცებთ ერთმანეთს, რომ რუსეთი ოკუპანტია, სინამდვილეში ერთმანეთს ვებრძვით! - კვირის პალიტრა

პლაკატების ფრიალით ვუმტკიცებთ ერთმანეთს, რომ რუსეთი ოკუპანტია, სინამდვილეში ერთმანეთს ვებრძვით!

ამის ბევრი მაგალითი გვაქვს - ვეძებთ მტრებს ერთმანეთში. ერთმანეთს ვუმტკიცებთ, რომ ჩვენ გმირები ვართ, სხვები მოღალატეები. პროტესტს გამოვხატავთ რესტორნებში, ხინკლის ჭამის დროს, პლაკატების ფრიალით. ან ქალაქის ქუჩების "დასტიკერებით" და ვუმტკიცებთ ერთმანეთს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

სინამდვილეში ერთმანეთს ვებრძვით!

დავინახავთ თუ არა რუს ტურისტს, მისთვის პირში მიხლა, რომ ის ოკუპანტი ქვეყნიდანაა, გმირობა გვგონია.

საერთოდ, იოლი გახდა ერთმანეთისთვის მოღალატის იარლიყის მიწებება. არჩევანი ვიწროვდება. ყოველ შემთხვევაში რა სჭირდება ქართულ სახელმწიფოს არავინ საუბრობს, არც ევროპული გამოცდილება გადმოგვაქვს მაინცდამაინც. მხოლოდ ჩასაფრებული პოზიცია: რუსეთი თუ დასავლეთი? მერე პირში გაჩერდებიან, სულზე არიან მოღალატე აღმოაჩინონ შენში!

ჩვენ ხომ გმირობა გვგონია მოგება-წაგების ენით ერთმანეთთან ლაპარაკი. სულ აღშფოთებული სიარული, ქუჩაში რასაც მინდა იმას ვიზამ პრინციპით ცხოვრება.

თუ ვინმეს უბრალოდ შეეპასუხები (აქ საუბარი არ არის კამათზე ან გონივრულ განსჯაზე, სადაც ან ერთი ცდება ან მეორე) და, შენი მოსაზრება მისას არ დაემთხვა მოღალატის იარლიყი გაქვს აკრული! "შენ რუსეთუმე", "პრორუსული მენტალიტეტი", "მოღალატე"...

ასეთი გრძნობა მაქვს სხვა საქმე აღარ დაგვრჩა, ჩვენს რეალურ ყოფას და ცხოვრებას ვერ აღვიქვამთ და ერთმანეთს დავუწყეთ ბრძოლა! ხალხის მტრებს ხალხშივე ვეძებთ.

მეგობრულად ვურჩევდი ჩვენს მოქალაქეებს კარგად ჩახედონ განმარტებას "მოღალატე", ეს სისხლის სამართლის საქმეა და სიამოვნებით ვუჩივლებდი დაუსაბუთებელ წამომძახებელსაც კი.

ახლა მთავარი: პირდაპირ და თამამად გეუბნებით, - ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, დედაქალაქის ცენტრალურ შენობებზე, ახალდადგმულ ურნებზე, კედლებსა და ყველა ბოძზე სტიკერების გაკვრა დედაქალაქის უპატივცემულობის და დანაგვიანების ტოლფასი უფროა, ვიდრე გმირობის, ან პროტესტის!

როგორც გინდათ ისე მაქილიკეთ, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში, ქალაქის მთავრობა წყვეტს სად არის შესაძლებელი გამოიხატოს პროტესტი, სად გაიკრას სტიკერი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა მოქალაქესაც აქვს უკვე გამომუშავებული პასუხისმგებლობა იმისა, რომ ისტორიულ ნაგებობებზე მაინც არ გააკრას სტიკერები, რაც გინდა გაბრაზებული იყოს მეზობელი ქვეყნის ოკუპაციით.

არის შემთხვევები, რომ "გამწარებული" მოქალაქე კანონის წინააღმდეგ რაღაცას "აფუჭებს", მაგრამ როცა პოლიციელი მიგითითებს და შენ საკუთარ სამართალდამცავს მოღალატედ აცხადებ, ეს გმირობის ტოლფასი ვერ არის.

ჩემთვის სწორედ, ეს არის საბჭოთა მენტალიტეტი (რაზეც მუდმივად ვწერ) სადაც მინდა, რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ვისაც როგორ მინდა ვადანაშაულებ, ლაფში ვსვრი და ოდნავ თუ შემეხებიან თავისუფლების შეზღუდვად ვაცხადებ. სწორედ ეს ასწავლა თაობებს საბჭოთა რუსეთმა. სრული განუკითხაობა და არა - კანონმორჩილება.

საინფორმაციო სააგენტოებიდან ვკითხულობ: "ოკუპანტი ქვეყნის მიმართ პროტესტის გამოხატვის შეზღუდვის ფაქტი შემაშფოთებელი იყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის". უკაცრავად, რომელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის? რომელმაც არ იცის რა არის კერძო საკუთრება? რომელმაც არ იცის სად როგორ მოიქცეს ან, თუნდაც სიბრაზე როგორ გამოხატოს?

ნებისმიერი სახის მაისურით შესაძლოა იარო ქუჩაში, თუნდაც შეხვიდე რესტორანში, მაგრამ ლოზუნგებით და პლაკატებით შეხვიდე ხინკლის საჭმელად და მერე კერძო მესაკუთრე თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულო გმირობის ტოლფასი ვერ არის! ვერც პატრიოტობას გამოხატავს მაინცდამაინც ჩემთვის!

ეს ისტერიული ქცევა ვუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ რუსეთი ოკუპანტია, ერთმანეთის მიმართ ბრძოლას და ერთმანეთში მოღალატის აღმოჩენის სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე გმირობას და "კაი ტიპობას".

აქვე განვმარტავ: ბუნებრივია ყველა ადამიანს, ვისაც პროტესტი უჩნდება უნდა გამოხატოს, მე ამის საწინააღმდეგოს არაფერს ვწერ, არც იმ უაზრო კამათში ვერთვები არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი და ვინ დაიწყო ომი, რაც პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას აზარალებს.

არამედ, ვწერ: პროტესტი უნდა იყოს თუკი ამის სურვილია, მაგრამ დადგენლი ნორმის ფარგლებში, კანონის დაცვით, სხვა ადამიანის პატივისცემით, საკუთარი ქალაქის პატივისცემით, გადაჭარბებული აგრესიის გარეშე, თუნდაც ასეთი გამაღიზიანებელი, რომ არ იყოს, აი ამას ვწერ!

რაც შეეხება ბოლო ფაქტს: სპორტსმენების მიერ რუსული მაისურების ჩაცმას, მეც ვფიქრობ, რომ მათ შეგნებულად შეეშალათ, ვითომ არ იცოდნენ, ვითომ უნებურად დაემართათ. გული დამწყვიტა სახელოვანი სპორტსმენებისგან ამგვარმა ქმედებამ. მით უფრო, რომ მათგან გულწრფელი პასუხი ვერ მოვისმინე. მაგრამ დაუსრულებლად მათთვის მოღალატის ძახება და ირიბად ყურება არ მესმის.

მოკლედ, ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში მაპატიეთ, მაგრამ ხელისუფლების ბრალია. ხელისუფლების კურსი უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი, რასაც ვერ ვხედავ! აქვე, ჩემთვის პირადად, მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც ამ ორიოდე დღის წინ კვლავ გაიმეორა ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ესეც პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ ერთმანეთს ვებრძვით და არა ქვეყანაზე ვზრუნავთ.

მახინჯი პოლიტიკური კულტურა გვაქვს! მოქმედი ხელისუფლების ყველა სიტყვა თუ ნაბიჯი წინა ხელისუფლების დემონიზაციისკენ არის მიმართული, რაც პრობლემებს ვერ წყვეტს. იმდენად ამაზრზენია ყველაფერში წინა ხელისუფლების დადანაშაულება, პრობლემებზე პასუხის არმიღება, რომ ეს საზოგადოებაშიც ქაოსს ქმნის.

სრული ქაოსის ფონზე ერთმანეთს დავუწყეთ ბრძოლა. ეს მოსაწონი ნამდვილად არ არის!

შეგახსენებთ, რომ ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა ნებაზე მიშვებულ ხალხზე, ქაოსსა და უწესრიგობაზე, სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს