ვინც არ უნდა ავირჩიოთ, ის იქნება სისტემის "ნაბიჭვარი" - ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც არ აქვს - კვირის პალიტრა

ვინც არ უნდა ავირჩიოთ, ის იქნება სისტემის "ნაბიჭვარი" - ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც არ აქვს

"როცა ქვეყნიდან მიდის გონიერთა უდიდესი ნაწილი, ხელისუფალნი ხდებიან - ბიზნესმენები, პოლიტიკოსები - ქუჩაში მოსიარულე პირები"

წინასაარჩევნო პროცესს რომ ვაკვირდები, ჩვენი ძმა და მეგობარის მიშელ უელბეკის სიტყვები მახსენდება: "ყოველთვის მიყვარდა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ თამაშებს თუ არ ჩავთვლით, არჩევნების საღამოს საინფორმაციო გამოშვება ჩემი საყვარელი პროგრამა გახლდათ. არჩვენები ემორჩილება ისტორიის იმ განსაკუთრებულ ნარატიულ მექანიზმს, რომლის თანახმად პირველივე წუთებიდან ცნობილია როგორ გაიხსნება კვანძი; მაგრამ საქმეში ჩართულია უკიდურესი მრავალფეროვნება: პოლიტოლოგები, "პირველი რიგის" სარედაქციო პირები, მიმომხილველები... მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას გიქმნის, თითქოს მართლაც რაღაცის შეცვლა შეგიძლია..."

იქნებ აღარ გავაგრძელო? ყველაფერი ნათქვამია! ვიცით კვანძი, როგორ გაიხსნება. არ დამიწყოთ ეხლა, თუ გინდა რამე შეცვალო ამისთვის არჩევნები არსებობსო. ამ ფრაზასაც ყოველთვის იმიტომ ამბობთ, რომ ბოლოს ისევ ხალხს დააბრალოთ, რა გადაუწყვეტლობა გჭირთ, ყველაფერი თქვენი ბრალიაო...

ეს ბრალდებაც წინასწარ ვიცით, ისევე, როგორც ვიცოდით საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე საპრეზიდენტო კანდიდატებს გაგახსენდებოდათ, რომ საქართველოს აქვს უკიდურესად გაჭირვებული და გაპარტახებული რეგიონები და ერთმანეთის ჯიბრით დაიწყებდით ამ პრობლემის ვითომ გულისტკივილით "გაპიარებას".

არა ჩემი თავის მიკვირს, ეს ხომ ვიცი, მაგრამ რამდენჯერმე გადავახვევ ხოლმე ზოგიერთ სინქრონს და დაკვირვებით ვკითხულობ თარიღს, ხომ არაფერი მეშლება. "გაგიზრდით პენსიას 50 ლარით", იმდენად ერთი და იმავე თანმიმდევრობით მეორდება სამი ათეული წელია ეს დაპირებები, - ცოტა შოკში მაგდებს, ჩემს ფსიქოლოგიას ხომ არ ჭირს რამე.

ერთი გლეხის არ იყოს: "ოდნავ რეალობასთან დაახლოებული წინადადებები რომ თქვან, არ ურჩევნიათო?" ნუთუ დემოკრატიულად წოდებულ დღევანდელ საქართველოშიც კი გიჭირთ უთხრათ ხალხს პრეზიდენტის რეალური ფუნქციების შესახებ და არ დაპირდეთ იმას, რისი არათუ შესრულება არ შეგიძლიათ, არამედ გეგმაშიც არ გაქვთ.

ჩვენი ქვეყნის რეალურად მოწესრიგების პოლიტიკური ნების დეფიციტის ფონზე, ყოველი არჩევნების წინ ხალხში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა, საბჭოთა დროიდან მოყოლებული მოსახლეობის ცნობიერებაში მარჩენალის ფსიქოლოგიის დანერგვა, უკვე ქვეყნის ღალატის ტოლფასია!

თუ სალომე ზურაბიშვილმა თქვა ის, რაც არ უნდა ეთქვა," ნაციონალებს" ბევრჯერ გაუტანიათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ სერიოზული პრობლემები, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში შიდა განხილვის ფარგლებს არ სცდება და საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფით შეფასებებითა და დასკვნებით აღტაცებულები და გახარებულები ყოფილან.

ასე რომ, ჩემთვის ზღვარი ამ ორ ძალას შორის კარგა ხანია წაშლილია. აქ საქმე მხოლოდ იმაშია, ვინ იქნება ახლა სათავეში და ვინ "მოძოვს"უფრო მეტს; ვისთვის იქნება კორუფცია ნებადართული, ვის ექნება უფლებამოსილება ხალხის თავზე ბოგინის... საარჩევნო კამპანიაც ამიტომაა აგებული, ერთმანეთის დამცირებასა და გალანძღვაზე და არა იმაზე, როგორ განვავითაროთ ქვეყანა.

არა ჭეშმარიტების, არამედ სიცრუის კონკურენციაა ქვეყანაში და ჩვენმა ხალხმაც სიცრუის დევნაში დახარჯა თავისი ძალისხმევის დიდი ნაწილი.

ჯოჯოხეთი არის მუდმივი ღეჭვა ერთი და იმავესი ან შეუძლებელი სიკვდილი, მარადიული სიკვდილი იმ გაგებით, რომ კვდები, კვდები და ვერ კვდები.

ზოგადად, ადამიანის მოვალეობაა გამოცდილების გამოტანა ნებისმიერი პროცესიდან, ანუ წერტილის დასმა. ჩვენ, დღესაც არ გვაქვს არანაირი შანსი და ძალა წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს.

ეს არის არჩევანი, რომელიც არ გაგვაჩნია!

რომელი კანდიდატიც არ უნდა ავირჩიოთ, ის იქნება იმ სისტემის "ნაბიჭვარი", რომელსაც სამი ათეული წელია ველოლიავებით.

პარლამენტარებს საკუთარი ხელფასი-დანამატის ხელშეუხებლობა უფრო აწუხებთ, ვიდრე ამ სისტემის დანგრევის ჟინი, ქვეყნის მოწყობის ჟინი. ამიტომ ბევრი ფიქრობს ან იმას მიეტმასნოს ვინც სათავეშია, ან ქვეყნიდან გაიქცეს.

მესმის, - არაფერს ვამბობ ახალს. ისევე როგორც არაფერი ხდება ახალი პოლიტიკაში უკვე მერამდენე წელია, არ ცვლით დამოკიდებულებებს, დაპირებებს, ფეხებზე გკიდიათ ხალხი, მაგრამ მაინც ატყუებთ.

ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის განვითარების მწყობრი პოლიტიკა და ნუღარ გაგიკვირდებათ "გადაუწყვეტელი" მოსახლეობის მზარდი რაოდენობა. რას ავალდებულებთ მათ? იმაზე იფიქრონ ზურაბიშვილს სჭირდება "მოფერიანება", ვაშაძეს თუ ბაქრაძეს...?

დღეს, ჰანს იენსენს ვკითხულობდი და ერთი აბზაცი ძალიან მომხვდა ყურში:

"როდესაც ქვეყნიდან მიდიან სწავლულები გამოდის, რომ ქვეყნიდან მიდის გონიერთა უდიდესი ნაწილი. ამიტომ, ასეთ ქვეყანაში ხელისუფალნი ხდებიან - ბიზნესმენები. პოლიტიკოსები - ქუჩაში მოსიარულე პირები და დეპუტატები კი სპორტსმენები და მსახიობები"

აი, ჩვენი პარლამენტი! ბურთი და მოედანი კვლავაც თქვენია, ბატონებო!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს