...და რა ვქნათ ჩვენ "უბრალოებმა", როცა ერთი მკვლელი ხელისუფლება მეორე მკვლელ ხელისუფლებას მორალს ასწავლის?!
...და რა ვქნათ ჩვენ "უბრალოებმა", როცა ერთი მკვლელი ხელისუფლება მეორე მკვლელ ხელისუფლებას მორალს ასწავლის?!
ყველა პოლიტიკური ძალა ზუსტად ერთსა და იმავე სისტემურ დანაშაულს სჩადის

"ცხოვრება იყო ასეთი: გაცნობიერებული უნდა გქონოდა მთელი სიმართლე და თან გამართული სიცრუე გელაპარაკა"
ჯორჯ ორუელი, "1984"

მიშას უთქვამს: "ნაციონალებს" და "ქოცებს" ერთ ტაფაში ნუ ხრაკავთ თორემ, რომ ჩამოვალ მე ვიცი, რასაც გიზამთო. ნურას უკაცრავად, ბატონო მიშა, თქვენს შორის განსხვავებასაც მივაგენით.
"უბრალო მოქალაქეებმა" (როგორც პოლიტიკოსები ეძახით ხალხს) მითხრეს: "კაცო, ეს "ნაციონალები" იგივე სისტემით არ ცხოვრობდნენ? განა მაგათი მოგონილი არ არის ეს ფარული
ჩანაწერების მომზადება და ხალხის გაფუჭება? მაგრამ, მათგან ინფორმაცია არ ჟონავდა, "სუფთად მუშაობდნენ" და ესენი რა უნიათოები არიანო".

გესმით?!
"უბრალოები", რომელთაც არარად აგდებთ, ყველაფერს ხედავენ და ესმით. მიუხედავად იმისა, რომ წლებია გაუცხოების პროცესი მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ვიცით, რომ კვლავაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე
მაღლა დგანან.

და თუ ასეა, მაშ მე/ჩვენ/ "რიგითები" როგორ ვიქნებით დაცული ამ ქვეყანაში? ამ "ჩვეულებრივი", "რიგითი" თუ "უბრალო" ადამიანების საუბრებიდან გრძნობ, რომ საბჭოთა სისტემა ისევ ძალაშია.

შესაძლოა ამ სიბინძურეზე წერა აღარც ღირს, რადგან ერთი "რიგითი" მოქალაქის თქმის არ იყოს, "ამათზე კამათი, ამათსავე ლეგიტიმაციას ნიშნავს და შეეშვიო".
...და ვართ მოქალაქეები ჩვენთვის. ხელისუფლებას კი საერთოდ არ ახსენდება, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსების გარდა ხალხიც ცხოვრობს.

"ოცნება" ამბობს, - სწორი მიმართულებით ვითარდებითო, ეკონომიკაც გაიზარდაო, ესა თუ ის სტრუქტურა პატიოსან ადამიანს ჩავაბარეთო.

მაგრამ დღე ერთია და მინიმუმ ათჯერ მაინც "გვსტრესავს":
სისტემური კორუფცია;
სისტემური გავლენები;
სისტემური ბიზნესახევა;
სისტემური ძალადობა;
სისტემური უსამართლობა...

ხელისუფლება კი გელაპარაკება, როგორც ოპოზიცია, როგორც ვიღაც სხვა, გეგონება სხვა ხელისუფლებაა დამნაშავე და თვითონ მისხალიც არ შეშლია. თითქოს არანაირი პასუხისმგებლობა მასზე არ მოდის.

ზაზა სარალიძის ერთ-ერთ ბოლო აქციაზე, გამწარებულმა "ნაციონალმა" პოლიციელს მიაძახა, ორი გვამის ისტორია კი არა, მეტის ღირსები იყავით. მოვიდეს მიშა ყველას დაგხვრეტთო.

...და რა ვქნათ ჩვენ "უბრალოებმა" როცა ერთი მკვლელი ხელისუფლება მეორე მკვლელ ხელისუფლებას მორალს ასწავლის. ერთი ძალადობა მეორეთი ნაცვლდება და სისტემა მართლდება, სისტემა ხელშეუხებელი რჩება!

კარგად წაიკითხეთ მონაცემები: ხუთნახევარი წლის განმავლობაში ოთხჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, ოთხჯერ თავდაცვის მინისტრი, ხუთჯერ განათლების მინისტრი, ამდენჯერვე ფინანსთა, ეკონომიკის და შს მინისტრები. ყოველი ცვლილების დროს აქცენტი კეთდებოდა პიროვნების სახელსა და გვარზე, პიროვნულ თვისებებზე.

ჩემთვის ეს არის შოკი! ამ მიდგომით არ იმართება არც ერთი განვითარებული ქვეყანა! ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოზე მორგებული სისტემაა, რაც გულისხმობს ეფექტურ მმართველობას, სწორ რეგულაციებს, კანონის უზენაესობას და ამ ყველაფერს ერგება პიროვნების სახელიც და ხასიათიც.

ჩვენთან პირიქით, გვაქვს დაჭაობებული სისტემა და ვიღაცის პიროვნულ თვისებებზე ვამყარებთ იმედებს.

ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში შოკია, რადგან მიუხედავად მინისტრების ამდენჯერ ცვლილებისა ხელისუფლებას არც ერთხელ არ წარმოუდგენია ხედვა ცოდნის გაღრმავებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, არასოდეს შეუფასებია სისტემა რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორები განვითარების გზაზე, არასოდეს დაუყენებია პრინციპულად ბიზნესინტერესზე წინ სახელმწიფო ინტერესი. არასოდეს ჩამოუყალიბებია რა სჭირდება ქვეყანას.

იმის ნაცვლად, პოლიტიკოსები თავს იმტვრევდნენ როგორ ავაშენოთ მდგრადი, თანამედროვე სახელმწიფო სისტემა, ერთმანეთს უმტკიცებენ ვინ უფრო ცუდია, ვის აქვს კორუფციის უფლება. ბიზნესის საკეთებლად ქუჩიდან პოლიტიკაში მოდიან, ეს ქვეყანა საკუთარ შპს ხოლო პოლიტიკა მონოპოლიურ ბიზნესად აქციეს.

და აგერ უკვე 6 წელია 9 წლიანი გამოცდილებით ვცხოვრობთ!
არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის მართალი საკუთარ ხალხთან, როდესაც მიდგომის რადიკალიზებას ახდენს ვიწრო პარტიული ნიშის დასაკავებლად.

ჩვენს ხალხს დღეს არ აქვს არაფერი! არც პერსპექტივა, არც განვითარების შანსი, არც გამდიდრების, არც გადარჩენის...

სხვადასხვა პოლიტიკური ძალა კი ზუსტად ერთსა და იმავე სისტემურ დანაშაულს ჩადის.

"და კვლავ გვაქვს რწმენა იმისა, რომ დემოკრატია არსებობს, თუმც გულში ვფიქრობთ, რომ დემოკრატია შეუძლებელია. ამასთანავე გვწამს, რომ პარტია დემოკრატიის მცველია".
ჯორჯ ორუელი ,"1984"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
პოლიტროლოგი
17 ოქტომბერი 2018 14:07
საქართველოს ,,დამოუკიდებლობის,, მოპოვების დღიდან, რამდენი ,,დემოკრატიული,, არჩევნები ჩატარდა და ამან საბოლოოდ რა შედეგები მოიტანა, გარდა იმისა რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ერთგვარ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს ეს სისტემები, ახალი სახეებით, ახალი დაპირებებით და ძველი პოლიტიკური გზის გაგრძელებით, რომელიც მიდის სულ სხვა გზით, მოსახლეობაში კი ნიჰილიზმის გაძლიერებით კიდევ უფრო მძიმდება ვითარება.
კოტე
12 ოქტომბერი 2018 12:07
ადამიანების საკმაო ნაწილი მთელ მსოფლიოში ხელისუფლების უკმაყოფილოა. საქართველოში ეს კიდევ მეტად იკვეთება, თუმცა არ უნდათ გაითავისონ, რომ ხელისუფლებაში მათნაირები არიან და არა უცხოპლანეტელები. სხვისკენ რომ იშვერენ ხელს, თავადაც იგივეს, ან უარესს იზამდნენ. ასეთი ფაქტებით სავსეა ისტორია და ხშირად ცვლილებას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ეს ვითომ "უბრალოებიც" სიტყვის მასალაა. რა ვქნა, "პატარა კაცი" ვარ, მე რა შემიძლიაო ამბობენ. თუ ეს "უბრალოები" გადიდკაცდნენ, წინამორბედის ქმედებებს აგრძელებენ, ან უარესს ჩადიან. ასე რომ, უკმაყოფილოების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელისუფლება იმიტომ არ მოწონს, თავად ვერ მიუწვდება ხელი ჩრდილოვანი გზით შემოსავლის მიღებაზე, თორემ, როგორც კი შანსი მიეცემათ, მყისიერად ეფლობიან კორუფციაში. ასე რომ, გირჩევნიათ კონკრეტული საქმის კეთება კარგად ისწავლოთ და ამ საქმით მიიღოთ შემოსავალი, ან თავად მოხვდეთ მთავრობაში, თორემ არასოდეს მოვა ხელისუფლება, რომელიც უსაქმურ, უვიც, ზარმაც და უხერხემლო ადამიანებს ფული და თანამდებობები დაურიგოს.
ნინო ცხვარაშვილი
11 ოქტომბერი 2018 14:56
გიგი: გარჩევას ვერ ვისწავლით ვიდრე არ დასრულდება საბჭოთა მიდგომები.

აქ არ არის ლაპარაკი ეს ხელისუფლება არ მომწონს თუ ის არ მომწონს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ საერთოდ დამოკიდებულებები, მიდგომები, სისტემები არის აბსოლუტურად შეცდომა. ესენი ვინც გადაყოლილია კორუფციას და ყველაფერი ის ეპატიებოდა რაც წინა ხელისუფლებას ეპატია უნდა წავიდნენ.

ჩვენ ქვეყანას სჭირდება სრულიად ახალი ხედვა, ახალი მიდგოები ესე გავლენებით რუსეთში ცხოვრობენ მგონი რა უბედურებაა. არასოდეს არ ვმსჯელობ იმაზე, რომელი მთავრობა ჯობს, საერთოდ არ მაინტერესებს. გამოვდივარ გარეთ და აბსოლუტურად მცადი დამოკიდებულებებია ყველგან და პატრონი არ გვყავს, სათავეში მსხდომთ ის აინტერესებთ მხოლოდ იყვნენ მართლები, ხელშეუხებლები და ფული ჰქონდეთ. საზიზღრობაა(((

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები