ნაცვლად იმისა, რომ ჩამოსულები გაქალაქელდნენ, თბილისი ხდება პროვინციული - კვირის პალიტრა

ნაცვლად იმისა, რომ ჩამოსულები გაქალაქელდნენ, თბილისი ხდება პროვინციული

ჩემი ქალაქი სამარცხვინოდ გვიან იღვიძებს. და ეს ქალაქი გაღვიძებისთანავე გაბრაზებულია. სახლიდან გამოსვლისთანავე უცხო თვალები გაკვირდებიან და ზოგჯერ ისეთი "ჩაბჟირებით" გიყურებენ ფიქრობ ან მტერია, ან რაღაც გაქვს არასწორად. უცხოელი პირდაპირ გკითხავდათ: "რა გნებავთ?" "რატომ მაკვირდებით?" აქ ჯობს არ ჰკითხო, რადგან დილიდანვე გაბრაზებულია და იმის კულტურა არ აქვს, რომ უცნობს არ აკვირდებოდეს...

ჯობს არ დაგეგმო მშვიდად გაუყვე გზას სამსახურისკენ და გზად ცხელი ყავა ან ცხელი შოკოლადის ყიდვა გადაწყვიტო. აი, ისე "Take a way" რომ აწერია უცხოეთში. ღიმილით გემსახურებიან, მერე წრუპავ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ერთჯერადი ჭიქიდან და ხარ ბედნიერი. ეს გეგმა აქ განუხორციელებელი დაგრჩებათ.

ერთმანეთის მიყოლებით შეიძლება აღმოაჩინოთ: "საშაურმე", "საშაურმე", "საშაურმე" მაგრამ არავითარ შემთხვევაში ცხელი სასმელები: "Take a way".

ამ "საშაურმეშიც" ჯობს არ შეიხედოთ. ჩვენთან მომსახურება კვლავ უცუდესია. მთავარია გაასაღო, თორემ მომხმარებელი ვინ არის საერთოდ?! ხომ, შეიძლება ერთხელ მაინც დაფიქრდე, რით შეიძლება ჩემი ჯიხური, მაღაზია თუ რესტორანი მომგებიანი იყოს? ორი აზრი არ არსებობს ეს არის, მომხმარებლის უკეთ და უკეთ მომსახურება და სისუფთავე.

როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში საცხობში ნაყიდი ღვეზელით იწამლებოდე და ის საცხობი კვლავ და კვლავ ფუნქციონირებდეს? ოღონდ "შეგაძლიო" რამე-ს (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის) პრინციპი კონკურენციას ასამარებს.

მერე ადიხარ ტრანსპორტში. არაფერს ვამბობ, თუ როგორი შეურაცხმყოფელია ქართული ტრანსპორტით მგზავრობა. მით უმეტეს, თუ სამარშრუტო ტაქსიში ფეხზე დგახარ. მაგრამ, ამაზე ახლა არ ვწერ.

ჰო, ადიხარ ტრანსპორტში და თითქმის ყოველი მეორე ადამიანი აქცენტით ლაპარაკობს (არავის ჩრდილს არ ვაყენებ, სრულად წაიკითხეთ სათქმელი). ხშირად მგზავრების უმრავლესობა, ტელეფონზე, ერთმანეთში ან მძღოლთან საუბრისას საშინელ გრამატიკულ შეცდომებს უშვებს. აქცენტს, რომ თავი დავანებოთ აბსოლუტურად არაქართული წინადადებებით ლაპარაკობენ.

და ამათი შემხედვარე უკვე მერამდენედ ვფიქრობ, ამ ხალხს სურს აქ, მაინცდამაინც დედაქალაქში სამსახური?! თან მაღალი თუ არა საშუალო ხელფასით მაინც? გგონიათ, თუნდაც თვეების მერე ხალხი ვითარდება? ნურას უკაცრავად! წლების მერეც იგივე განვითარების დონეა.

და მერე, რას ჰგავს ჩვენი ურბანიზაცია?! რომელ ქვეყანაშია ასე, ერთი პოლიტიკური ძალა ხიდს ააშენებს, მეორე პოლიტიკური ძალა პოლიტიკური ანგარიშსწორებით ანგრევს ამ ხიდს და სხვაგან რაღაცას აშენებს?! ერთი, რომელიღაც უბანში ასფალტს აგებს, მეორე მოდის და ზუსტად იმავე ქუჩას თხრის ახალი ასფალტის სახელით... რომელი ერთი ჩამოვთვალო? სად არის დედაქალაქის იერსახე? გადმოხედეთ ზემოდან თბილისს, ბეტონის ჯუნგლების გარდა რამე სანახავი არის?

პრაქტიკულად, არც ერთი ქვეყანა არ იძლევა იმის მაგალითს, რომ ზრდა და კეთილდღეობა განვითარებული ურბანიზაციის გარეშე შეიძლება! გვავიწყდება, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის მოსვლა-წასვლაზე არ დგას ურბანიზაცია. ისევე, როგორც განვითარებული ქვეყნები არ დგას მორალზე და ვიღაცის ხასიათზე!

დედაქალაქები ყოველთვის იზიდავდა რაიონებიდან ადამიანებს. იმ რეგიონებიდანაც, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებს ეკუთვნით. აქ მიზეზებს არ მიმოვიხილავ, შორს წამიყვანს.

მთავარი ის არის, რომ სწორი სისტემით მოწყობილი მეგაპოლისები განიტვირთავს და იტანს ამდენ ადამიანს. ასეთი მეგაპოლისები ადამიანების გაქალაქელებას უზრუნველყოფს და ახლავე დავწერ როგორ. თუ არ ვითარდები, თუ ვერ ერგები სტრუქტურას, იქ დადგენილ წესებს, მეგაპოლისი განგრევს და ბრუნდები იქ, სადაც შენი ადგილია.

ჩვენს შემთხვევაში კი თვითონ დედაქალაქი დგას გამოწვევის წინაშე. ეს განვითარებად ან გულცივი პოლიტიკოსების ხელში ჩავარდნილ ქალაქებს ახასიათებს. ოჰ, დამავიწყდა, ჩვენი პოლიტიკოსები ხომ სიყვარულის სახელით ანგრევენ ქვეყანას უკვე რამდენი წელია.

ჰოდა, ეს ჩვენ დაგვემართა! იმის ნაცვლად, რომ ქალაქში ჩამოსახლებული მოსახლეობა გაქალაქელდეს, თავად თბილისმა შეიძინა (იმედს ვიტოვებ დროებით) სასოფლო ადგილებისათვის დამახასიათებელი თვისებები. ახალი მიგრანტები ქალაქის ტერიტორიაზე სოფლურ ქცევასა და რურალურ კულტურას ავრცელებენ. და, როგორც კი იწყებ წუხილს, საქმის არსს კი არ ხვდებიან, ეგრევე მზად აქვთ ფრაზა: "თვითონ ხობობს ხომ არ ჩამოჰყვა ამ ქალაქში?" და მაშინვე ხვდები, რომ ამის მთქმელს არანაირი სურვილი არა აქვს განვითარდეს და პატივი სცეს იმ ქალაქს, რომელმაც მიიღო!

მაგალითისთვის ავიღოთ ნიუ-იორკი და ლონდონი - მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქები. ათასობით ადამიანი ჩადის იქ ყოველწლიურად და მერე ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი. რა თქმა უნდა, შენ გაქვს უფლება სადაც გინდა იქ იცხოვრო, მაგრამ ვალდებული ხარ იმ ქალაქის წესები ისწავლო და კანონს დაემორჩილო.

თუ უცხოელი ხარ სულ ცოტა იმ დონეზე მაინც უნდა ისწავლო ენა, რომ მენეჯერს შენი ესმოდეს და შენ მისი. თუ იმ ქვეყნის მოქალაქე ხარ, დაუშვებელია მშობლიური ენის გრამატიკულ შეცდომებს უშვებდე და შენ სამსახურში მიგიღონ.

შეუძლებელია შესავსებ აპლიკაციაში თუნდაც უცხოელი და მით უფრო ადგილობრივი წერდე: "უშვალოდ" "უყიდე" და სხვა მსგავსი ფორმები (მარტივ სიტყვებს ვწერ) და აგიყვანონ სამსახურში.

სულ რომ მაღაზიის ვიტრინის მწმენდავი იყო, მენეჯერი გეუბნება, როგორ უნდა გეცვას, როგორ დაფარო პირადი პრობლემები, რა თქმა უნდა, გარკვევს საქმეში რა გევალება, მაგრამ გასწავლის კანონსაც რისი უფლება გაქვს და რა შემთხვევაში არღვევ მას.

მაპატიეთ, მაგრამ მე მომხრე ვარ, როცა მძღოლი ვერ ხვდება, რომ დილით დაბანილი გამოვიდეს, რათა პატივი სცეს ჯერ თავის თავს და მერე მგზავრებს, მაშინ კომპანიის ხელმძღვანელმა უნდა უთხრას. წარმოდგენაც არ მინდა აქ, ჩვენთან ვინ შეიძლება იყოს ასეთი, "ყვითელი მარშუტკების" კომპანიის ხელმძღვანელი??? ღმერთო, რომელსაც არათუ ღირსება, არამედ ადამიანების სიცოცხლეც ფეხებზე ჰკიდია!?

თუ გამყიდველი ვერ გრძნობს, რომ ღიმილით თუ არა ზრდილობიანად გპასუხობდეს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით გიმასპინძლდებოდეს, ვიღაცამ მას უნდა უთხრას ეს. უნდა ჩამოყალიბდეს ყველაგან და ყველაფერში სტანდარტი, თუ პატიოსანი და ინოვაციებზე ორიენტირებული ადამიანი დარჩა ამ ქვეყანაში საერთოდ!

კულტურას უნდა ვამჟღავნებდეთ ქუჩაშიც და ვიცოდეთ, როგორ ვცეთ უცნობ თანამგზავრს პატივი და მერე ოღონდ ფული ვაკეთო და ვინმეს "შევაძლიო" რამეზე კი არ იქნება გათვლილი ქვეყანა, არამედ დაიწყება მუდმივი კონკურენცია. ქალაქი უფრო და უფრო განვითარდება.

ციცერონისეული სენტენციაა ასეთი: " თავისუფალი რომ იყო, კანონებს უნდა დაემორჩილო!"

ჩვენთან არანაირი კანონი და წესი არ არსებობს. ყველა საკუთარ მორალს ან უზნეობას გახვევს თავზე და საერთოდ ჩვენი ქალაქი არ არის ორიენტირებული განვითარებაზე (ღმერთმანი, კონკრეტულ მთავრობას და მერს არ ვგულისხმობ, არაფერში გამომედავოთ) ვამბობ იმას, რომ პროვინციულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით! პროვინციელები პროვინციელებს ქაჩავენ და მორჩა ქვეყანა წინ ვერ მიდის!

პროვინციალიზმი გაბატონებულია მიმართულების ყველა დონეზე და აქ არა მხოლოდ არაპროფესიონალიზმი, არამედ დამოკიდებულების ხარისხიც იგულისხმება. რუტინული სერვისები გვაქვს.

საბჭოთა მიდგომაა: სისტემა იმსახურებდეს და "საკუთარ თავზე ივლებდეს" მომხმარებელს და მოქალაქე, როგორც ინდივიდი არაფრად ღირდეს!

ევროპული მიდგომაა: სისტემა თავად ემსახურებოდეს მომხმარებელს, უქმნიდეს მაქსიმალურ პირობებს და მოქალაქე, როგორც ინდივიდი ყველაფრად ღირდეს!

ჩვენს ტვინებში უნდა შევცვალოთ სისტემა თუ გვინდა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა! უნდა გვსურდეს ინოვაციების ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა! არ გვინდა! გესმით?! ჭაობში გვირჩევნია!

და არის ჩემი ქალაქი "ფსევდოურბანული", ყალბი და პროვინციული!

და ვზივარ ახლა ყვითელ სამარშრუტო ტაქსიში, რომელსაც მოუწესრიგებელი მძღოლი მართავს საშინელი აგრესიით, მე ვერ ვიცავ ჩემს უფლებებს. რეალობას რომ გავექცე, ცხვირს ფანჯარაზე ვადებ და ქალაქის თვალიერებას ვიწყებ. ფანჯრიდან რეგრესულ ურბანიზაციას ვხედავ და დილიდან ვბრაზდები. ზუსტად ისე, როგორც ჩემი ქალაქი, რომელიც სამარცხვინოდ გვიან იღვიძებს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს