მე სახელმწიფო უნდა მაძლევდეს სამსახურს და არა ის აქტი, თუ ვის შემოვხაზავ ბიულეტენზე, ანუ როცა არჩევნებზე არჩევანი არ გაქვს - კვირის პალიტრა

მე სახელმწიფო უნდა მაძლევდეს სამსახურს და არა ის აქტი, თუ ვის შემოვხაზავ ბიულეტენზე, ანუ როცა არჩევნებზე არჩევანი არ გაქვს

სინამდვილეში ხალხმა იმაზე მეტი თქვა თავისი არჩევანით, ვიდრე "ოცნება" ოპოზიციას ჯიბრში უდგას. სინამდვილეში, ის ერთი წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ითხოვა, ხალხმა აიღო ხელში და მალე ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ვაშაძისათვის ხმის მიცემით "ნაციონალებს" კი არ აღუდგინა ლეგიტიმაცია, არამედ "ოცნება" გაანეიტრალა. ხელისუფლებას დაანახა (თუ დაინახეს საერთოდ), რომ ის ბრიყვი არ არის!

"ოცნება" იმდენად დაბრმავებულია საარჩევნო შედეგების შოკით, რომ ისევ ვერ ხვდება ექვსი წლის მანძილზე როგორ ემიჯნებოდა საზოგადოებას. როგორ არაფრად უღირდა ქვეყნის პრობლემები. სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ძალადობრივი სისტემა, კორუმპირებული ჩინოვნიკები, ყველაზე დამნაშავე ნაციონალებთან მეგობრობა, შვილმკვდარი მშობლები, ხალხის სოციალური მდგომარება, არასწორი ეკონომიკური გათვლები, ხალხის დაბეჩავება და მერე ყველაფრის მასზე გადაბრალება. შერჩევითი სამართალი, ქუჩური გარჩევები ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ქვეყნის იმიჯს აზიანებდა...

რომელი ერთი ჩამოვთვალო? კითხვები იყო და ამ კითხვებზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობდა: კარგად გაიხსენეთ 9 წელი!?

აღნიშნულ პრობლემებზე ხალხი ხმამაღლა, უკვე ინტენსიურად წელიწადზე მეტია საუბრობს. თქვენ არ გესმოდათ, რადგან მოქალაქეებისგან დისტანცირებულები იყავით. რადგან, ყოველთვის ფიქრობდით, რომ ხალხი ბრიყვია. იცოდით, - ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი ყოველთვის იმარჯვებს.

ბოლოს იმდენი გააკეთეთ, "ნაცების" მიმართ "მტრად" ქცეულ ხალხსაც ათქმევინეთ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაღაც მაინც გააკეთა, წესრიგი იყო მთელ რიგ სფეროებში და ეს ემჩნეოდა ქვეყანას. ამათ კი თითი თითზე არ დაუდიათო". რაც "ნაცებმა" კარგი გააკეთეს ისიც კი ჯიბრით მოშალეთ. გეგონათ ხალხის გულს ამით მოიგებდით, სინამდვილეში კი თქვენს შეცდომებს მალავდით.

და თუ გააგრძელებთ იგნორს, გააგრძელებთ მხოლოდ სახეების ცვლას და არ შეცვლით დამოკიდებულებებს, მენეჯმენტს, არ იტყვით რა შეგეშალათ და რის გაკეთებას გეგმავთ, თუ ისევ სწორება გექმებათ წარსულზე, გარწმუნებთ, მეორე ტურზე სწორედ ამ იგნორირებული ხალხისგან დიდ სიურპრიზს მიიღებთ.

თქვენი რეაქცია არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ იყო ის, რომ თუ ვაშაძე გაიმარჯვებს ის სააკაშვილს მისცემს მოქალაქეობას და ამით ჩვენ ყველა დავიღუპებით. მაპატიეთ, მაგრამ ბევრნი ვერ მივხვდით ისევ ხალხის დაშინების ხაზს აგრძელებთ თუ თქვენ გეშინიათ?!

ახლა აქ დავწერ იმას, რაც ხალხმა უკვე იცის. ორგანული კანონის მიხედვით, პირს მოქალაქეობა იმ შემთხვევაში მიენიჭება თუ მასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა იუსტიციის სამინისტრომ თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს ხელმძღვანელობთ თქვენ, "ოცნების" წარმომადგენლები, თავისუფლად შეგიძლიათ გააჭიანუროთ ეს პროცესი.

მაგრამ, მთავარი შეკითხვაა, რატომ ვერ ჩამოდის სააკაშვილი საქართველოში? იმისთვის, რომ მოქალაქეობა არა აქვს თუ იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაა დაწყებული? ხალხმა იცის, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნაა, თორემ მოქალაქეობის არმქონე პირი ბევრი ჩამოდის ამ ქვეყანაში.

კიდევ ერთი: კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ახალ პრეზიდენტს არ აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა ბიუჯეტი და მთავრობის შემადგენლობა. ანდა, თუ თავად მმართველი გუნდი გადადგამს ამ ნაბიჯს და მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

თუნდაც გაიმარჯვოს გრიგოლ ვაშაძემ და თქვას, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემაკავებელი არის კალენდარი, მმართველი გუნდის სწორი ქმედება და ასე შემდეგ.

მოკლედ, ეს ხალხმა უკვე იცის და იმის მტკიცება, რომ ის მისი არჩევანით ქვეყანას საფრთხეში აგდებს, არასწორია! ჩვენ გვინდა ვგრძნობდეთ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მოძველებული სისტემის შეცვლა. რომელსაც შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა და დაშვებული შეცდომების აღიარება.

რომელ განვითარებულ ქვეყანაშია ასე, ერთი რიგითი ტელევიზია წლიდან წლამდე (როგორც ამას თქვენ ამბობთ) სიცრუეს ამბობდეს, ნიუსებს იგონებდეს, ცილისმწამებლურ ფაქტებს დებდეს და ხელისუფლება არ რეაგირებდეს, არაფერს იძიებდეს, პასუხისმგებლობას არ აკისრებდეს? თქვენ, ამდენი ხნის მანძილზე არასასურველ ტელევიზიას და ოპოზიციას უკეთეთ იგნორი. სინამდვილეში კი, ხალხი აიგდეთ აბუჩად. ჩვენ, დღემდე პასუხი არ გვაქვს დასმულ შეკითხვებზე და მიიღეთ ის რაც მიიღეთ.

როდესაც უაპელაციოდ ხალხს ბრალს სდებთ რატომ არ დადის არჩევნებზე, ისიც აღიარეთ, - რომ ხელისუფლება არასოდეს უდგას საკუთარ ამომრჩეველს მხარში, არასოდეს ინტერესდება რა სურს მას!

ჩემთვის გრიგოლ ვაშაძეც ოდიოზური პიროვნებაა და სხვა არჩევანს არც ერთი მხარე არ მიტოვებს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ მისი გამარჯვება კატასტროფა იქნება. ეს არ იქნება სხვა ოდიოზური პირების ხელისუფლებაში დაბრუნების, თუ რეინკარნაციის პროცესი. ეს არ იქნება უპირობოდ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში შემობრუნების შანსი.

ეს იქნება პირველ რიგში "ოცნების" ზედაბრმავების პროცესის განეიტრალება. მისი მოქმედებაში მოყვანა. ხელისუფლების დაბალანსება და შემდგომი საინტერესო პროცესების განვითარება.

და რაც მთავარია, ვასრულებ იმით რითაც დავიწყე. ხალხი არ არის ბრბო და ბრიყვი! წელს ერთ-ერთ სოფელში, რაიონის გამგეობის სსიპში მომუშავე ქალბატონმა მითხრა, ზუსტად არ ვიცი რა მევალება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, კვირაში ორჯერ მივდივარ სამსახურში და თვეში 1100 ლარი მერიცხებაო. ეს თანხა რაიონის კვალობაზე კარგი შემოსავალია და თუ მინდა სამსახური შევინარჩუნო, ვიცი სალომე ზურაბიშვილი უნდა შემოვხაზოო.

სრულიად შემთხვევით ვიგებ, რომ სწორედ ამ ქალბატონს საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილი არ შემოუხაზავს. ბუნებრივია არ მოვეშვი და ჩავეძიე რა მოხდა. იცით რა მიპასუხა: "მე სახელმწიფო უნდა მაძლევდეს სამსახურს და არა ის აქტი თუ ვის მოვხაზავ საარჩევნო ბიულეტენზეო". ჩემთვის ეს ერთობ საგულისხმო ფაქტია.

ამას დაემატა მეორე ამბავი. ტაქსის მძღოლმა მითხრა: "იცით რა, ჩემთვის სულერთია "ოცნება" მოვა ქურდული სამყაროთი და თავში ჩამარტყამს თუ "ნაციონალები" მოვლენ პოლიციური ძალებით და თავში ჩამარტყამენ. სხვა მოქმედებაა საჭიროო" არ ვიცი თქვენც გენიშნათ თუ არა, მაგრამ ფაქტია მოქალაქეები "გაიზარდნენ" და მათ სხვა მოთხოვნები აქვთ.

დიდი იმედი მაქვს, მიმდინარე პროცესებში იგნორირებული ხალხი დიდ პასუხისმგებლობას იკისრებს, რადგან ამ სისტემით ქვეყნის მართვა უკვე შეუძლებელია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს