"აჰა, შენ კიკუ ფული და გაიხადე" - კვირის პალიტრა

"აჰა, შენ კიკუ ფული და გაიხადე"

გახსოვთ, ცნობილი სცენა "დათა თუთაშხიადან", როდესაც  2 მანათის სანაცვლოდ კიკუ შიშვლდება, მერე სწრაფად სტაცებს ხელს ფულის მონეტას და ხარბად აკვირდება.

ასე უნდა დავსვა შეკითხვა: მადლიერების გრძნობა თუ მონური ფსიქოლოგია? ვფიქრობ, იშვიათ შემთხვევაში ერევა ჩვენს ხალხს რას ნიშნავს იყო მადლიერი და რას ნიშნავს მონურად ემსახურო იმას, ვინც ფული მოგცა. ხალხს მეორე განცდა უფრო აქვს. ხალხს ვწერ კრებითად, რადგან დღეს "2 მანათი" რომ მისცენ ვინმეს, დედას გაყიდის, ხმას გაყიდის, სიმართლეს გაყიდის, ადვილად გაიხდის, ბევრს იყვირებს. იყვირებს სიმართლის სახელით. იმ სიმართლის, რომელიც აგერ ახლა "2 მანათად" გაყიდა.

საქართველოში სამართალი ფულზე და შანტაჟზე იყიდება. არ ვაჭარბებ. სულ, რომ ყირაზე დადგე აქ კანონიერება და წესრიგი ვერ დამყარდება. ყველას თავისი კანონი აქვს. დღეში, რამდენჯერმე კი გავყვირივართ ევროპისკენ მივდივართო, მაგრამ ნუ დაიბნევით, ხელისუფალთაგანაც ბევრმა არ იცის რას ნიშნავს ეს. აქვე, "ცნობილ სახეს" კანონდამრღვევის შემთხვევაში პოლიციაში საქმის ჩაწყობა კიდევ შეუძლია. ეჰ, რას უზამ გავლენებით ტკბობას?

აბა, ვინმეს ჰკითხეთ, რა არის მადლიერების გრძნობა? ჰკითხეთ თუნდაც ე.წ ინტელიგენციას, ყოველი ახალი ხელისუფლების დროს იმის მიხედვით, რომ მოქმედებს და ლაპარაკობს რა გამორჩენაც იმ ძალისგან აქვს. რა თქმა უნდა იყვირებს სიმართლის სახელით.სინამდვილეში კი, მათი ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ტოლფასი იქნება მიღებული ბინებისა, აშენებული სახლებისა, უსასყიდლოდ გადაცემული მანქანებისა ან, ყოველთვე დარიცხული არაოფიციალური ხელფასისა. გეკითხებით თქვენ ყველას, ვიღაცის მორჩილებასა და "შნირობაში", რომ ატარებთ მთელ დარჩენილ ცხოვრებას და თავი პროგრესულები გგონიათ, არის თუ არა თქვენნაირების ბრალი, რომ ეს ქვეყანა წრეზე დადის?!

რა კავშირი აქვს მონურ ფსიქოლოგიას მადლიერების გრძნობასთან? ან, ხომ შეიძლება შენთვის იყო მადლიერების დამახინჯებული გრძნობით აღვსილი და სხვებს სიცრუე არ უტენო თავში?!

როგორ შეიძლება მთელი სიმართლე მიბმული იყოს იმაზე, რამდენად მოითბე შენ ხელი და სხვა ყველაფერი ფეხებზე გეკიდოს?

ახლა, ჰკითხეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის ნაკლოვანებების ანალიზით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ბინძური საარჩევნო კამპანიით წალეკეს ქვეყანა. სამართალი არ აინტერესებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ისე ჩაეარა ორი შვილმკვდარი მამის წინ აქციას, რომ მათთვის იგნორი გაეკეთებინათ და თან ძალადობის წინააღმდეგ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ელაპარაკათ.

არანაირი არჩევანი მედიაში აღარ გვაქვს, ეს უკვე ვიცით, მაგრამ მაინც ვწერ. გამახსენდა ჟურნალისტები, რომელებისთვისაც კოლეგიალობის გრძნობა, ან ნაცნობობა უფრო მთავარია, ვიდრე სიმართლის გარკვევა. გამახსენდა ჟურნალისტები, რომელთაც რეალობის დანახვა არ სურთ. მათთვის მიღებულია ადამიანების ორ კატეგორიად -მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა. არავინ ფიქრობს რა სჭირდება ქვეყანას. (ფული ბაბაია, ფული! აი, ეს არის მთავარი).

ხან ერთი ტელევიზიაა დევნილი, ხან მეორე, სიმართლე კი მონოპოლიზებულია. რამდენი ჟურნალისტი ვიცი, ალბათ თქვენც გაგახსენდათ, როგორც კი სიტუაცია "გადალაგდება", სხვა მედია საშუალება ხდება პრიორიტეტული, სხვა პოლიტიკური ძალა, ეგრევე ამბობენ: "ვიცოდი, რომ ის ტყუილი იყო, მაგრამ ვაკეთებდი, რადგან სხვა გზა არ მქონდა"- ვითომ ინანიებს. შეცდომაა ეს მეგობარო, თითქმის დანაშაულის ტოლფასი. როგორ შეუძლიათ ადამიანებს ყველაგან და ყველასთან კარგად იყვნენ. გაიხედავ და ისევ იგივე ადამიანები არიან პრივილეგირებული, მდიდრები, გავლენიანები. და, ამ გავლენებისა თუ სიმდიდრის ჭრილში აფასებენ ქვეყნის მდგომარეობას.

და არაფერი იცვლება. არასოდეს არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში!

სისტემა კვლავ დგება დამნაშავის სადარაჯოზე!

უცებ დავფიქრდი, სააკაშვილს ან ივანიშვილს ჩემთვის, რომ ბინა ეყიდა არ ვიქნებოდი მადლიერი? რა თქმა უნდა ვიქნებოდი. მაგრამ რა შუაშია ამისათვის ყველა ბოროტების გამართლება. ადამიანებო, მადლიერების გრძნობა სხვაგვრად გამოიხატება და მას კავშირი არ აქვს მონურ ფსიქოლოგიასთან. საქმე საქმეზე, რომ მიდგეს ყველაზე უმადლო ქვეყანა ვჩანვართ. ადამიანებს მადლობის თქმა უჭირთ.

არ გეცოდებათ კასტრირებული ჩემი თაობა, რომელსაც სინდისს ღალატად უთვლიან?

რადგან ვახსენე, ეხლა აიღეთ ხალხი. ეს არის ქვეყანა, რომელიც განუდგა საკუთარ ისტორიას, ითხოვს განსაკუთრებულს და საბოლოოდ ბანალურსა და იაფფასიანს ირჩევს... ცოტას ვინდობ ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც არ იცის რას ნიშნავს კარგ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც სწირავს სისტემა და ის ყიდის რაც შეუძლია და როგორც შეუძლია.

მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება დღეს ბევრად მზად არის გავლენა გაზარდოს პოლიტიკურ პროცესებზე, ვიდრე დღევანდელი ოპოზიცია, რომელსაც ნაცვლად იმისა, რომ „გაეყიდა“ თავისი თავი, ყველაფერი ნეგატივზე ააგო.

როგორი გულდასაწყვეტია, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ ძალებს, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოიგონ არჩევნები და რაც ყველას აკლია ეს არის ნება, რომ ეს ყველაფერი გაწიროს იდეისათვის.

როგორ შეიძლება ყველა და ყველაფერი იყიდებოდეს ამ ქვეყანაში. საკუთარი მიღებული ფულისა და დივიდენდების ჭრილში უყურებდე და აფასებდე ქვეყნის მომავალს. ნახევარი ქვეყნის პრეზიდენტი ხდებოდე. ნახევარ ქვეყანაზე მოქმედებდეს სამართალი ან, კანონი? სულს ვყიდით ქართველები უკვე. არ გვინდა განვითარებულ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ?!

ყველაზე კარგად მერაბ მამარდაშვილმა თქვა: „ ქართველმა ხალხმა ჯერ უნდა ყურადღებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში. შერცხვეს ტრაბახისა და უსაქმურობის, თავისი მონური სტერეოტიპების, შერცხვეს საკუთარი მკვდრების და დაფიქრდეს. ვინ ვიყავი, მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი? შეიძრას სირცხვილისა და ზიზღისაგან და მაშინ მისთვის გაიხსნება გზა თავისუფლებისაკენ. ასაშენებელი თავისუფლებისკენ, რადგან მხოლოდ განცდილი სირცხვილისაგან დაიბადება ენერგია ფერიცვალებისა...“

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს