არ მგონია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაპატიათ და ერთი წელი მოგცათ! - კვირის პალიტრა

არ მგონია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაპატიათ და ერთი წელი მოგცათ!

28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პირველი ტურის შედეგებისგან განსხვავებით, რადიკალურად სხვა მონაცემები მივიღეთ, მაგრამ, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა ოდნავ მაინც გაპატიათ და კიდევ ერთი წელი უპირობოდ მოგცათ.

შედეგებს ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ. პოლიტიკური შეფასებები, დაე, არამიკერძოებულმა პოლიტოლოგებმა გააკეთონ. და, იმისათვის, რომ ეს უაზრო გახლეჩა, მოსყიდულობის გამო საკუთარ ცხოვრებაზე ქვეყნის ბედის გადაყოლების პროცესი დასრულდეს, უდიდესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე მოდის.

მან უნდა იგრძნოს ეს!

პირველ რიგში, პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდეს. თუკი ქვეყნის განვითარება გვინდა უნდა დავსხდეთ და ჩამოვაყალიბოთ ახალი სისტემა, ცივილური მიდგომებით და წესებით.

სალომე ზურაბიშვილის პირველი სიტყვები, შედეგების გამოცხადების შემდეგ, იყო: "ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოოდ და მტკიცედ უარი წარსულზე“ ვიჯერებ ამ ქალბატონის სიტყვებს და აქვე ვამბობ, როგორც კი აქცენტის გაკეთება დაიწყება კვლავ "ნაციონალების“ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ეს წამგებიანი აღმოჩნდება მმართველი ძალისთვის და პირდაპირ იქნება მანიშნებელი, რომ მომდევნო წლებშიც არაფრის შეცვლას აპირებენ.

თუკი ხელისუფლება რეპრესიულ პოლიტიკას დაადგება, რის მოლოდინიც ხალხს ახალი წლიდან აქვს, ორმაგად უარყოფითად დაუბრუნდება მას.

"ოცნება“ კი ზეიმობს, მაგრამ ზეიმი არაფერს ცვლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელიც უკიდურესად პოლარიზებულია. თუკი არ დაიწყება ხალხთან საუბარი, ხალხთან ურთიერთობა, მისი პრობლემების გაანალიზება და გაგრძელდება საზოგადოების იგნორი ეს იქნება უკურეაქცია "ოცნების“ მიმართ.

ყური მოვკარი, რომ გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში იგეგმება მასიური საკადრო ცვლილებები, რაც, ჩემი აზრით, გამოსავალი საერთოდ არ არის. ამ მოძველებულ სისტემაზე ახალი პირის მორგება არაფერს შეცვლის. პეტრე გეყოლება თანამდებობაზე თუ პავლე, თუკი რადიკალურად არ იცვლება მიდგომები სიტუაციას ქაოტურს და არასაიმედოს დატოვებს ქვეყანაში.

ვგულისხმობ, რომ ძირფესვიანად შესაცვლელია ქვეყნის მმართველობის ფორმა, რაზეც მუდმივად ვწერ ჩემს ბლოგებში არის ის, რომ გადავდგათ ნაბიჯი და ყველასთვის გავხადოთ კანონი უზენაესი. ქვეყნის საერთო ინტერესს უნდა მოვერგოთ ყველა. როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია.

ერთი ძალიან ყურადსაღები ფაქტი უნდა მოვყვე. გთხოვთ წაიკითხეთ და მიხვდებით რამხელა განსხვავებაა ევროპული ქვეყნის მმართველობასა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ მმართველობას შორის.

ჩემი მეგობარი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს "Kings College-ში" ლონდონში. მეოთხე კურსიდან ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მისაღები პრაქტიკისთვის, მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ იურიდიულ სამსახურში ასისტენტად. ერთი თვე გარკვეული ჯგუფი დასდევდა უკან (ლეგალურად) და იკვლევდა: ოდესმე უბილეთოდ მაინც თუ ჩამოსულა ავტობუსიდან, ოდესმე სოც.ქსელში თუ გამოუთქვამს რასისტული ან ადამიანისადმი შეურაცხმყოფელი აზრები და ა.შ

ჩემთვის ეს არის ძალიან საგულისხმო ფაქტი და არ მაქვს იმედი, რომ ამ დონემდე ჩვენი პოლიტიკოსები განვითარდნენ. ვაზუსტებ: საუბარია მათთვის მესამე ტიპის ქვეყნიდან ჩასულ, ერთ-ერთ რიგით სტუდენტზე, რომელიც წლების შემდეგ შესაძლოა კვლავ თავის ქვეყანას დაუბრუნდეს, მაგრამ აქ და ახლა ის ითხოვს გახდეს ადამიანის უფლებების დამცველი იქ.

ფეხდაფეხ მივდიე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ამბავს. შენ ვერასოდეს გახდები: უფლებადამცველი, ადვოკატი, იურისტი, პროკურორი და მსგავსი პროფესიის ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა დარღვევებით და თან ამ პროფესიაზე ფიქრობდა. თუკი, თუნდაც სტუდენტობისას ავტობუსიდან უბილეთოდ იპარებოდი, ეს ნიშნავს შენს სახელმწიფოს ატყუებდი. ასევე, თუ ადამიანის დამამცირებელი განცხადებები გიკეთებია, ან სოც.ქსელში რასისტული აზრები გამოგითქვამს, შენ ვერასოდეს გახდები სამართლიანი იურისტი ან ადვოკატი. მერე, ფეხდაფეხ მოგყვება აბსოლუტურად სწორად აწყობილი სახელმწიფო სისტემა, რომ ფულის გულისთვის კი არა, კანონიდან გამომდინარე მიიღო სწორი გადაწყევტილება ნებისმიერ ეტაპზე.

მახსოვს, ერთი ახალგაზრდა ქალის ამბავი. საუკეთესო იურისტი, მოგვიანებით ერთ-ერთ მსხვილ საქმეში რომ ჩაერთო. ზუსტად ერთ წელიწადში დისკვალიფიკაცია მისცეს და იცით რატომ? ერთ დღეს პროკურატურაში დარეკა და დედამისის ამბავი იკითხა ჩაეშვა თუ არა მისი საქმე წარმოებაში? ქალბატონს ეს ზარი გავლენის მოხდენის სურვილად ჩაუთვალეს.

რამდენი მსგავსი ამბავი შემიძლია მოვყვე და სულ არ მინდა გადმოვიდე საქართველოს მაგალითზე, რომელიც გულს მიხეთქავს.

სიამოვნებით ჩამოვამწკრივებდი იმ პარლამენტარების გვარებს აქ, რომლებმაც თავის დროზე ისე "იღვაწეს“, სადაც ფული იყო, სიმართლის შედეგიც იქ დააყენეს და ეს ხალხი დღეს პარლამენტშია. ქვეყნის კანონმდებლობას ხელმძღვანელობს. ჩვენ კი გვიკვირს რატომ არ ვცხოვრობთ კარგად? რამდენი დარღვევა ჰქონდათ და დღესაც აქვთ და არანაირი სახელმწიფო სტრუქტურა მომკითხავი არ არის. ისინი გავლენებით და "საბჭოთა მიდგომებით“ ცხოვრებას კვლავ ახერხებენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში რეალურად არაფერი იცვლება. რამდენი არასამთავრობო გვყავს არაერთ საკითხს მხოლოდ ცალმხრივად, რომ განიხილავს, პროევროპულობის იარლიყს ძალით იკრავს და ამის შემდეგ ჩვენ გვინდა ადამიანის უფლებები დაცული იყოს?

მაპატიეთ, რა ვქნა, ჩემი გულწრფელობით ვცდილობ ყოველ ჯერზე დაგანახოთ რა განსხვავებაა ნებისმიერ სფეროში ჩვენსა და ცივილურ სამყაროს შორის. გთხოვთ, დაფიქრდით, ერთხელ და სამუდამოდ იგრძენით, რომ ეს პროცესები ქვეყანის ბედს და მის იმიჯს ეხება და არა მხოლოდ თქვენს ჯიბეებს, ფულს და დივიდენდებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს