რა უფლებით ეძახით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს ბრბოს?! - პასუხი ოპოზიციას! - კვირის პალიტრა

რა უფლებით ეძახით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს ბრბოს?! - პასუხი ოპოზიციას!

"ხმაური არაფერს ამტკიცებს. ქათამი ისე კრიახობს

თითქოს კვერცხი კი არა, პლანეტა დაედოს"

მარკ ტვენი

რევოლუციების დრო დასრულდა, ოპოზიციავ! მიტინგების ენაც გაუგებარია, მით უფრო თქვენგან, როცა ხალხს ქვეყნის განვითარების და პრობლემებიდან გამოსვლის არანაირ გეგმას არ სთავაზობთ. უბრალოდ, ახლა თქვენ გინდათ ძალაუფლება და მორჩა!

მოკლედ, მიშა ფორმაშია. ერთადერთი რესურსი, რაც მას ამ ეტაპზე გააჩნია ეს არის, არიოს სიტუაცია ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება, შეძლებისდაგვარად. ოპოზიცია კი, როგორც ჩანს, ისევ პროვოკაციებით ცხოვრებას აპირებს და არა სიტუაციის გაანალიზებით და ხელისუფლებისადმი სათანადო ოპოზიციონირებით.

მე, 9 წელს არ შეგახსენებდით, რადგან ვთვლი, რომ ამ 9 წელში ბევრი კარგი გაკეთდა. ის რაც ხალხმა არ გაპატიათ, უსამართლო მკვლელობები იყო და ეს მიზანმიმართული დანაშაულებები თქვენ არ გიღიარებიათ.

ცხრა კი არა, რა გააკეთეთ ამ ექვსი წელის განმავლობაში? ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესიდან გამომდინარე დააყენეთ და იბრძოლეთ. 6 წლის განმავლობაში საერთოდ არ გვიგრძნია, რომ ქვეყანას ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ოპოზიციის აქცია 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე

რა უფლებით ეძახით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს ბრბოს?! იმ ნაწილს, ვინც ხმა არ მოგცათ. ბრბოს ძახილი გაცილებით ადვილია, ვიდრე იმ სოციალურ-პოლიტიკური პროცესების შეფასება, რა გზითაც ხალხი დააჩაჩანაკეთ. ვიდრე რუსთაველის გამზირზე ხახვს და კარტოფილს გამოკიდებდეთ, კარგად დაფიქრდით, რა წვლილი მიგიძღვით ხალხის უკიდურეს გაჭირვებამდე მიყვანაში და აბუჩად აგდებაში.

სისტემატიურად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, რადგან მიმაჩნია, რომ ძირითადი პასუხისმგებლობები მოდის მასზე, მაგრამ სავალალოა,- იმის ხარჯზე, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა ოპოზიციის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ დღევანდელი აქციების მთავარი მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებების და მათი ლიდერების სრული გამართლებაა. სულ ეს არის! სხვა მიზანი თქვენ არ გაქვთ და არც ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანის გზები გადარდებთ.

სავალალოა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ხალხის სრული იგნორით იცხოვრა და ამას ხელი შეუწყო ოპოზიციამაც, რომელსაც თავი ქუდში ჰქონდა. ვგულისხმობ, კარგ ცხოვრებას, კარგ ხელფასებს, "კარგად ძოვას"(მაპატიეთ)

ბუდისტები ამბობენ, რომ ტვინი ჰგავს გაგიჟებულ მაიმუნებს, რომლებიც ტოტიდან ტოტზე დახტიან. ეს ტრიალი არის იმიტაცია აზროვნებისა. ნამდვილი აზროვნება კი გაწეული შრომითა და დაფიქრებით მიიღწევა. პროცესების ან საკუთარი თავის გვერდიდან შეხედვით.

მე მაინც მგონია, რომ ოპოზიცია დღეს იმიტირებულ აზროვნებას გვთავაზობს. ძალა, რომელმაც ხალხი მაპატიეთ და დანაყრების იმედით მიიყვანა მთავარ გამზირზე, მხოლოდ საკუთარი გადარჩენისა და ძალაუფლებისთვის იბრძვის.

იმიტირებული აზროვნებაა, როცა აქ გადასაწყვეტი საკითხები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვს, მუშტებს იქნევს, ქვეყნის იმიჯს აზიანებს და ქვეყნის შიგნით კი არაფერს აკეთებს. როცა პროევროპულობას იბრალებს და რიგ ნაბიჯებს პრორუსულად წყვეტს (ოჰ, რამდენ მაგალითს ჩამოვთვლიდი სიამოვნებით)...

ისე საუბრობს წინასაარჩევნო ზეწოლაზე თითქოს თავად იგივეს არ აკეთებდა სათავეში ყოფნის დროს, ან იგივეს არ გააკეთებს მომავალში ამის შანსი, რომ ჰქონდეს. სისტემის შეცვლა კი არაფრად უღირს.. იმ დროს, როცა ჩარკვიანი ქალია და თურმე ამის გამო არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა, ხოლო ზურაბიშვილი უსულო საგანი (ჩემს კოლეგას დავესესხები). აქვე ვიტყვი, რომ სააკაშვილი ოფიციალურად იყო საარჩევნო კამპანიაში ჩართული და ჩვენს "პროევროპულ" არასამთავრობოებს არასოდეს "გაუპროტესტებიათ". იმიტომ, რომ ყველაფერი ცალმხრივად და მოსყიდვით ხდება ამ ქვეყანაში.

დღესაც, რეალური პრობლემებისადმი თვალის გასწორება უჭირს ოპოზიციას და სურს თავისი ძალაუფლების მოპოვებას ქვეყანა გადააყოლოს. ყოველშემთხვევაში ამის იმიტაციას ქმნის. რა თქმა უნდა ასე ვერ მოხდება, რადგან არც რესურსი გააჩნია ამის და არც საკმარისი ლეგიტიმაცია. ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას თავად ხალხი არ აპატიებს.

ხალხი მიხვდა, რომ ძალაუფლება მის ხელშია. სწორედ ხალხის დაკვეთაა: "გვეყო ტყუილი და იგნორი". აღარ გვინდა ჭაობში ცხოვრება. აღარ გვინდა ორი გაურკვეველი ძალის პამპულები ვიყოთ!

სწორედ ხალხის დაკვეთაა პროევროპული მიდგომა, რაც კადრების, ბელადების და ძალაუფლების ცვლილებებში კი არ არის, არამედ სწორ მიდგომებში, სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაში.

მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა და იგნორისა, რასაც ის ორივე ძალისგან იღებს, მომავალი წლიდან ვფიქრობ, რომ სწორედ ხალხი გაზრდის გავლენებს პოლიტიკურ პროცესებზე.

პ.ს ასე, რომ ძალიან ნუ იჩქარებს ე.წ ოპოზიცია.