მძიმე პოლიტიკური წლის შემდეგ ქართული სუფრა და... - კვირის პალიტრა

მძიმე პოლიტიკური წლის შემდეგ ქართული სუფრა და...

წლის მიწურულს შეიძლება ითქვას, რომ მძიმე პოლიტიკური წელი გადავიტანეთ. საწერი და სათქმელი ბევრია, მაგრამ მოდით ცოტა განვიტვირთოთ და მეც განსხვავებულ თემას შემოგთავაზებთ ჩემს დღევანდელ ბლოგში. ვინაიდან ქართველებისთვის ქართული სუფრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, თქვენთან ერთად ფეხდაფეხ გავყვები და სხვადასხვა წყაროების საფუძველზე მოგიყვებით ქართული სუფრის საინტერესო დეტალებს.

ძველი რომაელების თქმით, სუფრის წევრები გრაციების რიცხვზე ანუ სამზე ნაკლები არ უნდა იყვნენ და მუზების რიცხვს, ანუ ცხრას არ უნდა აღემატებოდნენ. სამზე ნაკლები ვერ ქმნის სუფრის განწყობას, ხოლო ცხრაზე მეტი, რომაელთა ფიქრით, ძნელად სამართავია.

მაგრამ ქართული სუფრის რიცხოვნობას, შეიძლება ითქვას, საზღვარი არა აქვს. ქართული სუფრა თავისი არსით ერთობ საინტერესოა. მათ შორის ღვინის სმისა და ღვინის დაყენების ისტორია.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსად იმდენ და ისეთ ძვირფას ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში" -წერდა შარდენი.

ქართული სუფრა შეიძლება ითქვას სულიერი და კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით იგი ქართველების ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია. მთავარი ის არის, - დღესდღეობით ეს ტრადიცია არსებობს და მიუხედავად მრავალი მატერიალური გასაჭირისა იგი განაგრძობს არსებობას.

მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია: ღვინო, პური, სადღეგრძელო და სიმღერა. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცველობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას.

ქართველები სხდებიან სუფრის გარშემო არა მხოლოდ ჭამისთვის და სმისთვის- ეს არ არის თვითმიზანი, არამედ მათი მონაწილეობით სრულდება რიტუალი, რომლის მიზანი ადამიანთა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარება-განმტკიცებაა.

სხვადასხვა წყაროებში გაფანტული ღვინოსთან დაკავშირებული ბევრი ძველი ამბავი, უმეტეს შემთხვევაში, ლეგენდა უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, თითქმის ყველა ძველი ისტორიკოსი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ამა თუ იმ მეფის ცხოვრების აღწერისა და საერთოდ მათ ეპოქაზე საუბრისას, იმდროინდელი ნადიმის სცენებიც აღეწერათ და თითქმის ყველგან ჩანს, რომ მემატიანის მიერ ამ ამბების თხრობის მთავარი მიზანი, ნადიმებზე არსებული ღვინის ქებათაქებაა.

ერთი ლეგენდის თანახმად, კახეთის პირველ მეფეს გიორგი მერვეს, სატახტო ქალაქიდან ახლოს მდებარე სოფლამდე თიხის მილი გაუყვანია, საიდანაც ნადიმების დროს ღვინო მოედინებოდა და მოქეიფეები ეგრევე მილიდან ივსებდნენ ჭიქებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ თუკი ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, ღვინოსთან დაკავშირებით ამაზე ბევრად საინტერესო ლეგენდებსაც წავაწყდებით.

საქართველოში ჩამოსული ბევრი უცხოელი გაკვირვებით იხსენებს იმას, რომ ქართველები ძალიან ბევრ ღვინოს სვამენ და ისეთ უზარმაზარ სასმისებს ეძალებიან, ერთი შეხედვით ვერა კაცი რომ ვერ გამოცლის.

ძნელია იპოვოთ ისეთი ქართული ოჯახი, სადაც გამოსაჩენ ადგილას არ ინახება განსხვავებული სასმისები. ეს სასმისები, როგორც წესი, განკუთვნილია განსაკუთრებული დღეებისთვის და განსაკუთრებული სტუმრებისთვის. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ლეგენდად ქცეული სასმისები. ასეთ სასმისებს უკვე საკუთარი, საინტერესო ისტორია აქვთ.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დგინდება, რომ ჩვენი წინაპრები განსხვავებულ სასმისებს ჯერ კიდევ ლეგენდარული კოლხეთისა და იბერიის სამეფოების არსებობის პერიოდიდან იყენებდნენ. ვანის გათხრების დროს აღმოჩნდა მრავალი სხვადასხვა მოცულობისა და ფორმის სასმისი, რომელთა დანიშნულება საღვინედ გამოყენება იყო და ეს ქართულ არქეოლოგიაში ეჭვს არ იწვევს.

როდესაც ღვინოსა და განსხვავებულ სასმისებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის ლეგენდარული ყანწი არ ვახსენოთ. ზუგდიდის მუზეუმში ბევრს უნახავს ეს უზარმაზარი სასმისი და ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ ამხელა ყანწს აწერია: "ვინც დამლიოს იმისი ვარ".

რადგან ქართულ სუფრაზე ვსაუბრობთ, ეს სადღეგრძელოების გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია. სადღეგრძელოთა თანმიმდევრობა განსაზღვრულია, თუმცა დაშვებულია ვარიაციები, ყოველ თამადას თავისი ინდივიდუალობა, თამადის საკუთარი სტილი აქვს, რაც გავლენას ახდენს თანამესუფრეთა განწყობაზე, ატმოსფეროზე.

იშვიათია ქართული სუფრა, სადაც მეინახეთა შორის თუნდაც ორი-სამი სიმღერის მცოდნე არ აღმოჩნდეს. უსიმღერო სუფრა ნაკლული სუფრაა - ამბობდნენ ჩვენი წინაპრები. სიმღერაც კი არსებობს, სადაც გაკიცხულია უსიმღერო "პურის ჭამა". "პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ,/ სიმღერას არ იტყვიანო,/ არ ვიცი, ვისმე გლოვობენ/ არ ვიცი, არ იციანო|.

გადამეტებული არაფერი ვარგა ჩვენს ცხოვრებაში, არც ზედმეტი ჭამა და მით უფრო სმა. ქართულ სუფრასაც მაშინ აქვს ფასი, თუკი ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ჯდება.

ღმერთმა მშვიდობიან შობა-ახალ წელს შეგახვედროთ მეგობრებო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს