რატომ ვადანაშაულებთ ღმერთს და არა ღორს? - კვირის პალიტრა

რატომ ვადანაშაულებთ ღმერთს და არა ღორს?

რა სავალალოა, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ავედრებენ ღორს და არა ღმერთს. გახვალ გარეთ და აღმოაჩენ, რომ სახლის კარზე ღორის თავი აქვთ ადამიანებს მიკრული და არა ჯვარი. როგორც ყოველთვის წლის ამ პერიოდში, უამრავს ჰგონია, რომ მის ცხოვრებას თუ ბედისწერას განაგებს ცხოველი და არა ის ძალა, ვისი შეწევნითაც ეს სამყარო აბსოლუტური ჭეშმარიტებით არის მოწყობილი. გადაცემებიდან ბევრჯერ მოვისმინე ცნობილი თუ უცნობი ადამიანების დიალოგები, - საახალწლო სუფრაზე გოჭს არ დადებს, რადგან ღორს ეწყინება, თუმც არც ერთს არ უთქვამს, - გოჭს არ შეჭამს, რადგან მარხულობს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სულიერი სიძლიერით სურს შეხვდეს.

არავის განვიკითხავ, მაპატიეთ, ფაქტებს ვწერ მხოლოდ. თავისუფალი ნებელობა ამ სამყაროში ყველას აქვს მინიჭებული და მე ეს მშვენივრად მესმის. ღმერთს ყველა ვერ იწამებს და ეს აბსოლუტურად მისაღებია. მაგრამ, მე ვწერ ფაქტებს ხან ქრისტიანებად რომ აცხადებენ თავს, ხან წარმართებივით იქცევიან. ეს საოცრად მაბნევს და მათ მიმართ უნდობლობას მიჩენს.

გახსოვთ, ამასწინათ საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოკითხვა ჩაატარა რამდენიმე ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ქრისტიანულ ქვეყნად საქართველო დაასახელა. იცით რატომ? მოსახლეობის 99 პროცენტმა უპასუხა, რომ მას ღმერთის სწამს. კითხვარში შეკითხვის ფორმულირება სავარაუდოდ ასე იყო მითითებული: „გწამთ თუ არა ღმერთის?“ მაშინ ბევრმა სიამაყით გააზიარა კიდეც ეს შედეგები.

მე კი გაკვირვებული დავრჩი. ქრისტიანულ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 99 პროცენტი აცხადებს, რომ ღმერთის სწამს, ამდენი წარმართული ქცევების მიმდევარი საიდან?! ამდენი არაქრისტიანული დამოკიდებულების ადამიანი საიდან? ამდენი სიხარბე, კორუფცია, შური, ადამიანების მოტყუება, თანამდებობისთვის ბილწი გზით ბრძოლა და ბოლოს, ღორის თუ რაღაც ცხოველის კულტად ქცევა, საიდან?

ვიცი, მავანი შემომედავება ასტროლოგია უძველესი მეცნიერებაა, თავი დაგვანებე რას გაგვიჭირე საქმეო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ის ადამიანები არიან, ვინც სიღრმისეულად საერთოდ არ იცის საგანი, ან შეგნებულად ატყუებს სხვას. სამწუხაროდ.

ასირიელების მთავარი ღმერთი, მითრა წარმოდგენილი იყო ხარის სახით. ებრალებმა ვერძის სიმბოლო აღმოაჩინეს. ქრისტიანებმა - თევზის და ასე შემდეგ. თითოეული ამ სიმბოლოთაგანი წარმოადგენს ერთ ერას, ერთ ცივილიზაციას და პირიქით. ამასთან დაკავშირებით არსებობს ლიტერატურა და მოიძიეთ. გამოიკვლიეთ გლეხი კაცის მიერ ახალმთვარეობის დროს დათესილ მოსავალს რა მნიშვნელობა ჰქონდა. რა ძალა აქვს ვარსკვლავების მოძრაობას და თუნდაც ყოველი დღის გათენებას, ეს მთელი მეცნიერებაა, მესმის, მაგრამ მას არანაირი კავშირი არა აქვს იმ „შარლატანობასთან“ რომელიც ახლაა ხალხში გავრცელებული.

აი, ამ მყიფე სიმართლეზე ცდილობენ თავისი ინდივიდუალური წონასწორობის დაყრდნობას ადამიანები. ეს უბრალოდ შეუძლებელია!

ადამიანები, რომლებიც ვერ ერკვევიან საკუთარ გრძნობებში და ქაოსით ცხოვრობენ, ასეთივე ქაოსს ქმნიან ქვეყანაშიც და მერე ადანაშაულებენ ღმერთს. რატომ? დაადანაშაულეთ მაგალითად ღორი! ამიტომ არის, - ხშირად ადამიანი ფიქრობს, რომ მავანი მასზე უმიზეზოდაა ნაწყენი და ის თვითონ არასოდეს არის დამნაშავე.

ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მოყვასისთვის პატიების თხოვნა არ არის საჭირო. ან, მისი გაფუჭებული საქმე სხვამ უნდა გამოასწოროს. ან კორუმპირებულად იცხოვროს ხელისუფლებაში და მერე ეს შერჩეს. გაჭირვებულთა უმრავლესობა საახალწლო დღეებში ცდილობს უცებ „გამდიდრდეს“ (ერთ კილოში 400 გრამი მოგატყუოს), სიმართლე კი მხოლოდ მაშინ არის სიმართლე რაც თვითონ ჰგონია და თუ მის კეთილდღეობას რამე დაემუქრა მტერი ხდები მისი. ხან ღორის თავს ჰკიდებს სახლის კარზე და ხან 10 სანთელს ანთებს ეკლესიაში...

არ მინდა ძალიან გავართულო. შობა მოდის და მინდოდა შობაზე დამეწერა. მეთქვა, რა ქაოსურადაც ვცხოვრობთ ასეთივე ქაოსია ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქაოსურად უმართლებთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს. შეუძლებელია „ორ ღმერთს მსახურებდე“.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ გამუდმებით მიწიერ საზრუნავში ვართ ჩაფლულნი და სულზე ფიქრი ზედმეტი ბარგია. სინამდვილეში კი დროს ფუჭად ვკარგავთ, მიუხედავად წვალებისა და შრომისა სიცარიელე გვტანჯავს და ვდრტვივანთ.

ნება თქვენია, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვრებს, მაგრამ ზუსტად ვიცი ჩვენს სიცოცხლეს ფასი არ აქვს სიყვარულისა და ჭეშმარიტების გარეშე. მხოლოდ ღმერთთან თანაცხოვრებით, ანუ სიყვარულისა და ჭეშმარიტების ძიებით ხვდები, რომ სიცოცხლე მარადიულია და ამ ეჭვშეუვალ ჭეშმარიტებას ყოველი ახალი არსების მოვლინება კიდევ უფრო აშკარას ხდის.

ფოთოლცვენას ყვავილობა მოსდევს, ღამის წყვდიადს განთიადის ნათელი, სიბერეს - სიყმაწვილე, სიკვდილს - სიცოცხლე... მიუხედავად იმისა ხედავს ამას ადამიანი თუ ვერა.

ჰოდა, შობა მინდოდა მომელოცა. აი, რომ იღვიძებ და სიყვარულს რომ გრძნობ გულში, ყოველის სიხარბისა და ტვირთისაგან რომ თავისუფალი ხარ. სიცოცხლეს რომ გრძნობ გულში და რომ ხვდები, რომ ეს სიხარული არასოდეს არ დასრულდება.

იხილეთ ასევე: საქართველო წარმართული ქვეყანაა, ყალბი ფიქრებით

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს