საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, როცა 21-ე საუკუნის საქართველოში ოფიციალური პირებისგან ღიად ისმის "კლანი", "გავლენა" და "გარიგება" - კვირის პალიტრა

საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, როცა 21-ე საუკუნის საქართველოში ოფიციალური პირებისგან ღიად ისმის "კლანი", "გავლენა" და "გარიგება"

მურუსიძის "დაცვით" უნდა დავიწყო. მამაღმერთი, რომ ჩამოიყვანონ ზეციდან და დასვან მურუსიძე-ჩინძალაძის ადგილზე, იგივე დაემართება, რადგან სისტემაა ამის საფუძველი. თავის დროზე ჩინჩალაძის, როგორც კლანის ლიდერის შექმნა პირდაპირ პარლამენტთან იყო დაკავშირებული და ეს იურიდიული კომიტეტის გარეშე ვერ მოხდებოდა. ისევე, როგორც საკანონმდებლო ორგანომ გახადა მურუსიძე "ხელიხელსაგოგმანებელი." მათ უკონტროლობას და თავგასულობას სწორედ აღნიშნულმა ორგანომ შეუქმნა საკანონმდებლო საფუძველი! ჰოდა ახია ჩვენზე! ახლა უკვე თავად მურუსიძე იწვევს საზოგადოებას სამართლებრივ დებატებში, თავისი პატიოსნების დასამტკიცებლად.

ჩვენ, რომ სახელმწიფო ვიყოთ ჩინჩალაძე, მურუსიძე, ბესელია, ზარდიაშვილი და ყველა დანარჩენი ვინც პარლამენტში მხოლოდ ვაჭრობისა და გარიგებებისთვის ზის, ციხეში უნდა იყვნენ და რა ვქნათ თავს ზევით ძალა, რომ არ არის? ვიღაცა კარის პოლიტოლოგები "გვატენიან" გული აგვიჩუყდეს რომელიმეზე, თითქოს ერთი მათგანი მაინც იყოს სიმართლისათვის მებრძოლი! თითქოს არ გვახსოვდეს, ხელისუფლებამ, რომ შეუწყო ხელი იმ ხალხის გაძლიერებას, ვის გამოც მართლმსაჯულების სისტემა აღარ გვაქვს წლების მანძილზე!

ბოლო დროს მგონია, რომ საქართველოში არავისზე აღარ ახდენენ ზეწოლას. ამ ქვეყანაში უკვე თავისთავად იბადებიან ასეთი ფსიქოლოგიის ადამიანები, მორჩილები. არა კანონმორჩილები, არამედ მორჩილები ცუდი გაგებით, ვიდრე ვინმე რამეს დაავალდებულებს, შინაგანად რომ იციან ვისი საქმე როგორ გადაწყვიტონ. ვისთან როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ. როგორ "ივაჭრონ." სამართალი და კანონმდებლობა ჩვენს ქვეყანაში რა შუაშია?! მთავარია იყო კლანის წევრი!

ეს ხალხი არ იყო პოლიტიკური მოტივებით და ერთგულებით რომ ნიშნავდა და ხსნიდა მოსამართლეებს? ესენი არ გვარწმუნებდნენ ბესელიას თაოსნობით, რომ რამდენიმე ეტაპად გაიარა სასამართლომ რეფორმა! სინამდვილეში კი ის საბოლოოდ მოშალეს.

აჰ, აჰ არ გამაგონოთ, ვინ როგორ, მაგრამ ბესელიას გაიგივება პრინციპულ და თანაც სამართლებრივ პოზიციებთან ძალიან მიმძიმს. უბრალოდ, ის მოთამაშეა და ამ იდიოტურ წესებს კარგად ერგება. მაპატიეთ, ზიზღის გრძნობასაც კი იწვევს ჩემში, ზოგიერთებს მსხვერპლის როლში რომ წარმოვიდგენ...

აქვე, "ოცნების" დაშლის არანაირი მოლოდინი არ მაქვს. იბრძვიან ძალების ახალი გადანაწილებისთვის. როგორც თავად იტყოდნენ, ე.წ გავლენებისთვის. სხვა პოზაში სურთ დაგვენახონ და იქნებ ცოტა კიდევ "გაართონ" ხალხი, გაწელონ დრო.

ხალხი კი თავის პრობლემებშია ჩაფლული და ზუსტად იცის, ქვეყანას რაა???... პასუხი ადვილი მისახვედრია.

საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? 21-ე საუკუნის საქართველოში, როცა სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალური პირებისგან ღიად ისმის "კლანი", "გავლენა" და "გარიგება," არაფრის იმედი აღარ მრჩება. ამ ჩასვრილ პოლიტიკურ გარემოში ვინ იქნება დომინანტი ამაზე დაობენ. ვაი ჩვენს პატრონს, უბედურს! მათ იდეების, ფასეულობების და ღირებულებების დეფიციტი აქვთ და ჯოგივით მხოლოდ გავლენებისთვის იბრძვიან. ეს არის სულ!

აი, ამ ბინძურ და არაფრისმთქმელ "თამაშებს" სიმართლისათვის ბრძოლას, რომ არქმევენ, ეგ მაგიჟებს კიდევ. რეალურად არაფერი შეიცვლება, სულ ტყუილად გვარწმუნებენ რაღაცას კარის პოლიტოლოგები. სასამართლო ისევ უსამართლო გარიგებების ბუდე იქნება. ქვეყანა ისევ ჭაობში. უბრალოდ კლანის წევრები ითამაშებენ ცოტა ხნით, ვიდრე მოსწყინდებათ.

ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა პოლიტიკაა რა. რა გენაღვლებათ ატრიალეთ წრეზე ქვეყანა სანამ შეგრჩებათ.

და კიდევ, რა მარტივია იყო ხელისუფლებაში დღეს. ამისათვის უნდა იყო: უიდეო და მორჩილი, შესაძლოა შეგეძლოს ვაჭრობა და ეს საკმარისია იმისათვის, რომ მაქსიმუმ 6 წელიწადში 4 ბინა და ერთი უზარმაზარი მიწის ნაკვეთი მოიპოვო. ან, მინიმუმ მილიონი დააგროვო პირად ანგარიშზე. აი, მათი ხედვები და განვითარება. სულ ეს არის!

ხალხმა კი ვიცით, ქვეყანას რაა? ... პასუხი ადვილი მისახვედრია!

მაპატიეთ, ცოტაოდენი აღშფოთებისთვის, მაგრამ თქვენ ეგ არ გაგიკვირდებათ კლანური მმართველობის ეპოქაში.

პ.ს კლანი - გვაროვნული თემის სახელწოდება ძველ შოტლანდიაში კელტების დროს. არ იყო აუცილებელი სისხლით მონათესავეები ყოფილიყვნენ, მთავარია კლანის წევრები ყოფილიყვნენ. უფრთხოდნენ ახალ ადამიანებს.

პ.ს კლანი (ავტ) - მარადიული ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კრიზისის უმთავრესი მიზეზი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს