რა გარანტია გვაქვს, რომ 20-25 წლის შემდეგ დაგროვილი თანხა არ დაგვეკარგება, ანუ რას გვიპირებს მთავრობა?!
16-01-2019
რა გარანტია გვაქვს, რომ 20-25 წლის შემდეგ დაგროვილი თანხა არ დაგვეკარგება, ანუ რას გვიპირებს მთავრობა?!
ხმაური დაგროვებითი საპენსიო სისტემის გარშემო გრძელდება. გამოვიდა რამდენიმე ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოსახლეობის ლეგალური ძარცვაა, მაგრამ ისინი პოლიტიკური სახეები იყვნენ და არ განუმარტავთ თუ რატომ? ასევე, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ფაქტობრივად კონკრეტულ პასუხებს ვერ იძლევა მოსახლეობისთვის აქტუალურ კითხვებზე.

თუნდაც ვერ გვპასუხობს ერთ მნიშვნელოვან შეკითხვაზე: რა გარანტია გვაქვს, რომ 20-25 წლის შემდეგ, ამ პერიოდში დაგროვილი თანხა არ დაგვეკარგება? სააგენტოს დირექტორს მართლაც საოცარი პასუხი აქვს: "გარწმუნებთ, ეს არის აბსოლუტურად პატიოსანი
ქმედება და გათვლილი სისტემა."(?)

ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში არ უყვართ დრო დაუთმონ პროფესიონალებს და მანამ არ "იძალადოს" ხელისუფლებამ, ვიდრე სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებს არ გავიგებთ, მე ვერაფერს დავამტკიცებ, არ ვარ ეკონომისტი, მე ვარ ერთი რიგითი მოქალაქე და დავწერ იმას, რაც თვალში მეჩოთირება.

ჯერ ერთი, მუდამ
ვწერ, რომ განვითარებული ქვეყნები ერთი ადამიანის მორალზე არ დგას. კანონი არის ყველასთვის ერთი და ყველა ხარვეზზე პასუხიმგებლობას იღებს ხელისუფლება. რის გაკეთებასაც ხელისუფლება განიზრახავს გამყარებულია კანონით. შეუძლებელია ერთი სააგენტოს ხელმძღვანელმა დედა დაიფიცოს, რომ ხალხს არ გაყვლეფენ და ჩვენ, ამ არასტაბილურ ქვეყანაში, მას სიტყვაზე ვენდოთ!
მაგალითისთვის ავიღებ ბრიტანეთს, სადაც კანონის გარდა უშუალოდ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ხელშეკრულებას დებს თითოეულ მოქალაქესთან. მასში პირდაპირ არის განსაზღვრული, თუკი 20-22 წლის მანძილზე ვაგროვე თანხა და 59-60 წლის ასაკში გარდავიცვალე ხელისუფლება ჩემს რიგით პირველ და მეორე მემკვიდრეებს მოძებნის და დაგროვილ თანხას ავტომატურად გადასცემს მათ.
ჩვენ იმის გარანტიაც არ გვაქვს 2-3 წლის მერე ხელისუფლება, რომ შეიცვალოს და ვინმე შეეხოს ამ სისტემას, ამ მცირე დროში დაგროვილი თანხა დაგვიბრუნდება თუ არა.

ბრიტანეთში პერიოდულად გეგზავნება მონაცემები, მაგალითად ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, იმ ეტაპისთვის რა თანხაა უკვე თქვენს სახელზე. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საათივით აწყობილი ქვეყანაა, ხელისუფლება ხალხს იმას კი არ ეუბნება მაგარი ქვეყანა ვართ და სიტყვაზე გვენდეთ, დედას გეფიცებითო. არამედ, კანონშივეა გაწერილი ვაითუ ქვეყნისთვის გაუთვალისწინებელი მოვლენა მოხდა (მაგალითად, რევოლუცია, ომი და სხვა) სად, როგორ და რა ფორმით გაძლევს სახელმწიფო უფლებას გაასაჩივრო, ან მოსთხოვო უკვე მოქმედ ხელისუფლებას შენი პენსია.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვიდრე საპენსიო ასაკამდე მივალთ, ვინ უნდა მართოს ეს თანხები? სად დაბანდდება? რამდენად დაზღვეულია რესურსი. მაგალითად, ხომ არ გამოიყენებენ მას სხვა მიზნებისთვის კრიზისულ ვითარებაში? ეს ჩვენი, მოქალაქეების უფლებაა!
დღევანდელი ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობები გაცილებით ნაკლებია, რათა ადამიანმა თან იცხოვროს, თან დაეხმაროს სხვებსაც და თან დააგროვოს.

მზარდი ინფლაციის პარალელურად საჭიროა მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებაც, თორემ წლების შემდეგ ჩემი სავარაუდო 380 ლარიანი პენსია არაფრად ეღირება.

იქ სხვა კითხვებიც არსებობს, მაგალითად ადამიანი, რომელიც სისტემის გარეთ არის, ანუ შრომით ბაზარზე არ ფიქსირდება, ინვალიდია, სოციალურად დაუცველი თუ თვითდასაქმებული, რა ფორმით ჩაერთვება დაგროვებით საპენსიო სისტემაში? ეს ბუნდოვნად არის განმარტებული.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ აწყობილ, დალაგებულ ქვეყანაში სწორად გათვლილი საპენსიო სისტემა უდაოდ საჭიროა, ის ითვალისწინებს წვლილს, რომელიც ადამიანმა შეიტანა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. რაც მთავარია, ადამიანის სიბერე ნაკლებად არის დამოკიდებული კონკრეტული მთავრობის ხედვასა და შეფასებაზე პენსიის ოდენობასთან დაკავშირებით. ასევე, მინისტრების ცვლილებებზე.

და უმთავრესი: როდესაც ხალხს ამ არასტაბილურ ქვეყანაში ნდობა დაკარგული აქვს ხელისუფლების მიმართ, ეს ხელისუფლების ბრალი და პრობლემაა და არა ხალხის! ზუსტად ხელისუფლება ცდილობდა წლების განმავლობაში სიღარიბით ხალხის მანიპულირებას და ახლაც ასეთი ასოციაცია გვიჩნდება.

ამ ეტაპზე კი გვეჩვენება, რომ გვპირდებით იმ სარგებელს, რომელიც ეკონომიკურად ფაქტობრივად შეუძლებელია.

და საერთოდ, თუ სახელმწიფო თითოეული მოქალაქის ღირსებას აღიარებს, ნებისმიერი ინიციატივა განვითარებულ ქვეყანაში გამყარებულია კანონით, რომელიც ინდივიდებზე მაღლა დგას და ყველა რისკი დაზღვეულია ნებისმიერ ეტაპზე, რასაც მოსახლეობა ჩვენთან ვერ გრძნობს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Truker
23 იანვარი 2019 05:14
ამ თემაზე ახნა განმარტებეჰიც არ შეიძლება. თუმცა სხვა ქვეყნებზე როცა ყვეჰა ავტორი ერთ რასეს შევასწორებ. სხვა ქვეყნებში ბანკი აწეყრიგებს მსგავს უმსგავსოეჰას და არა სახელმწიფო. გათვლილი აქვთ რომ ამ თანხებს დღეს მეტი შემსყიდვედობის უნარი აქვს ვიდრე 25 წლის მერე. ანუუ ძაან არ აინტერესებთ შენი პენსიაზე ცხოვრების დონე. ინტერესი აქვთ თავისი. გატყვილებს მაინც. რაც შეეხება საქართველოს. კომენტარიც არ შეიძლება. არაა სანდო. იმ გაუბედურნბულ ფულსაც დაკარგავს პენსიონერი. დახარჯეთ დღეს თუ არა 20 წლის მერე შეიძლება ერთი პურიც ვერ იყიდო იმ დაგროვილი პენსიით.
nk
21 იანვარი 2019 10:53
25 წლის მერე მოვა ვიღაც მთავრობა, რა თქმა უნდა სკამის და საკუთარი კეთილდღეობის მიზნით და... გაასავსავებს ხელებს - რა ფონდი, მე რა შუაში ვარო, მე არა ვცნობ იმ დადგენილებებსო
ია
18 იანვარი 2019 17:19
პრინციპში განვიტარებულ ქვეყნებში ასეთი სისტემაა, მაგრამ მაქ ქვეყნებშიც კი წყალი შეუდგა უკვე სტაბილურობას

რედაქტორის რჩევით