კარგი ცხოვრება ყველას გვინდა, მაგრამ მანკიერი მენტალიტეტი და მიდგომები არ გვეთმობა, ანუ კლანური კოლექტივიზმი დღევანდელ საქართველოში - კვირის პალიტრა

კარგი ცხოვრება ყველას გვინდა, მაგრამ მანკიერი მენტალიტეტი და მიდგომები არ გვეთმობა, ანუ კლანური კოლექტივიზმი დღევანდელ საქართველოში

"სიმდიდრე და პრივილეგია ყველაზე კარგად მაშინ არის დაცული, როცა მათ გაერთიანებული ძალები ფლობენ. აქვე მთავარია კერძო საკუთრების მოსპობა" "1984"-ში გადმოცემული ეს წინადადება, ვფიქრობ, ზუსტად ასახავს ჩვენს რეალობას. ისიც ვიფიქრე ორუელს ხომ არ დავესესხო და დავწერო: "კლანური კოლექტივიზმის თეორია და პრაქტიკა".

როდესაც ხალხს შენიშვნას აძლევთ, ყველამ თავის საქმე აკეთოს და ყველაფერი კარგად იქნებაო. მე გეკითხებით: როგორ? ყველგან ეს უფერული და არაფრისმთქმელი პოლიტიკაა. ყველგან აუწყობელი სისტემაა. კანონი მხოლოდ დაბალი ფენებისთვის კანონობს და გვინდა ეს თუ არა, ჩვენს ცხოვრებაში აღარფერი დარჩა საინტერესო, არც ინიციატივა, არც პერსპექტივა, არც შემოქმედება, ხალხს გასაქანი არ აქვს. ეს უფერული პოლიტიკა კი ყველგანაა, მედიაში, სახლში, ყველა კუნჭულში, რომელიც კლანების ბრძოლას გვთავაზობს მხოლოდ.

პოლიტიკური პარტიების ნაწილი სინამდვილეში კლანური დაჯგუფებებია. ზოგ მათგანს რამდენიმე ადამიანი წლების განმავლობაში მართავს. ქართულ სინამდვილეში თითქმის შეუძლებელია, რომ პოლიტიკაში ან პარტიაში გარედან მისულმა ადამიანმა, რაიმე კარიერულ წინსვლას მიაღწიოს. ამის საშუალებას კლანი არ აძლევს.

ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში იმისთვის მოდიან, რომ გავლენები გაიფართოვონ და საკუთარი ქონება დაიცვან, შეუძლებელია რაიმე ახალი შესთავაზონ ჩვენს ქვეყანას. ეს არის პირველი მიზეზი ჩვენი ქვეყნის ვერ განვითარებისა.

შეუძლებელია ასეთმა ჯგუფებმა დაძლიონ პოლიტიკური უკულტურობა, დაეუფლონ დიალოგის კულტურას, ან მოერგონ კანონს და ქვეყანას.

ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის გასაღები აქ არის, ქვეყნის შიგნით და არა ევროპასა და დასავლეთში, სადაც შიდა ამბები სირბილ-სირბილით გაგაქვთ. თუმც, იმათი სიკეთეების გადმოღება, ჩანს, დიდად არ გხიბლავთ.

ხშირად გაბრაზებული ვჩანვარ ჩემს ბლოგებში, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, ყელში ამოვიდა ის მიდგომები, დამოკიდებულებები, მმართველობები, რომელიც შედეგად სტაგნაციას იძლევა.

თითოეული თქვენთაგანი არაკვალიფიციურ ან ზოგ შემთხვევაში უნიჭო ნაცნობ-მეგობარსა და მაღალკვალიფიციურ პირს შორის არჩევანს, ნაცნობის სასარგებლოდ აკეთებს. ეს კიდევ უმთავრესი მიზეზია ჩვენი ქვეყნის ვერ განვითარებისა.

როგორ ფიქრობთ, საზღვარგარეთ არ გეკითხებიან ვინმე პატიოსანი ადამიანის მოძებნას? არაერთხელ უთქვამს უცხოელ მენეჯერს, თუ სადმე იცი შენსავით სანდო ადამიანი, მონდომებული და მშრომელი გთხოვ გასაუბრებაზე მოიყვანოო. ეს სულ სხვა თხოვნაა და არა ჩაწყობა. ეს არც იმ ფაქტს ჰგავს პოლიტიკური ფიგურები კანონდამრღვევებს ღიად, რომ ლობირებენ.

ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობა კი ასეთია:

პოლიტიკური პარტიები -კლანური დაჯგუფებებია.

მედია- კლანური დაჯგუფებებია.

საჯარო სამსახურები თუ საზოგადოებრივი ცხოვრება კლანური დაჯგუფებები არიან.

ყველა სფეროში უნდა გყავდეს "ზურგი" ან კლანი, რომ დაცულად იგრძნო თავი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუშვათ ჩვენს ტვინებში, რომ ეს არის საზოგადოებრივი მანკიერება და ვერასოდეს იქნება ჩვენი ქვეყანა განვითარებაზე ორიენტირებული.

მესმის, რომ საქართველო წლების მანძილზე იზოლირებული იყო ცივილური სამყაროსგან და ჩაკეტილი მხოლოდ საბჭოთა სისტემაში, მაგრამ სურვილი მაინც უნდა გაგვიჩნდეს, რომ ეს მანკიერი სისტემა შევცვალოთ.

იგივე სიტუაციაა მედიაში. მითხარით, ყველაზე მწვავე საკითხზეც კი როდის მოეწყო არსებითი განხილვა და დაისახა მოგვარების გზები? იძულებით ვისმენთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და წარსულის წამოძახებას?

არ დაგისვამთ შეკითხვა, მედიის უდიდესი ნაწილი რატომ არის შინაარსისგან დაცლილი და უფერული. რატომ არის ქვეყანაში შემოქმედებითი იდეების დეფიციტი?

მგონია, რომ კარგი ცხოვრება ყველას გვინდა, მაგრამ მანკიერი მენტალიტეტი და მიდგომები არ გვეთმობა.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე ის, რაც ყველაზე მეტად მტკივა, მაგრამ ჩემთვის უკვე ნონსენსია 21-ე საუკუნეში, როცა ადამიანს უჩნდება პრობლემა, ან სურს იწყებდეს ნაცნობის ან გავლენიანი პირის მოძებნას და არა, იცოდეს რის შანსს აძლევს მას კანონი და სახელმწიფო. თანამედროვე საქართველოში ყველას კანონის უნდა ეშინოდეს და არა ერთ ადამიანს მეორისა.

ჩვენი ცხოვრების წესი არის საზოგადოებრივი მანკიერება. თუ გვსურს განვითარება, ეს მანკიერება უნდა დავამარცხოთ წინააღმდეგ შემთხვევაში ნუღარ გაგვიკვიდრება, რომ ვცხოვრობთ დაბალგანვითარებულ, უსამართლო და ღარიბ ქვეყანაში. რამდენი რამაა ჩვენს აზროვნებაში ისეთი, რასაც ვებღაუჭებით, რადგან გვგონია რომ უიმისოდ დავიღუპებით, ახლობლების წრეში მაგრები არ ვიქნებით, აი მე გაგირკვევ, ვინ გაგიბედა, მე მყავს გავლენიანი პირი და ასე შემდეგ. ადამიანებო, სინამდვილეში ამის გადახდა, როგორც ვალის ადრე თუ გვიან მოგვიწევს სიცოცხლისათვის!

თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია, ეს ნიშნავს ზედმიწევნით გამართულ კანონს ყველა სფეროში და ამ კანონის დაცვას. ყველა ადამიანის წესებში მოქცევას, ყველა სტრუქტურაში სტანდარტის ჩამოყალიბებას და ამასთანავე, თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვას და არა ლობირების, ზეწოლების და გავლენების გაზრდას !

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს