რის მიღწევას ჩქარობთ, საით გარბიხართ, რატომ ეჯიბრებით ერთმანეთს, ადამიანებო?! - კვირის პალიტრა

რის მიღწევას ჩქარობთ, საით გარბიხართ, რატომ ეჯიბრებით ერთმანეთს, ადამიანებო?!

როცა სიკვდილი ხანდახან გვაჯანჯღარებს...

როგორ არ ვეჭიდავე ჩემს თავს დამეწერა პრობლემაზე, რომელიც მე და ჩემს თანამოქალაქეებს გვაწუხებს და არაფერი გამომივიდა. რამდენჯერმე დავწერე და ისევ წავშალე. თემა მწვავეა, მაგრამ არის რაღაც, რომელიც სიცოცხლის კალაპოტიდან გაგდებს, ზოგჯერ მაინც. ვგრძნობდი, რომ სულ სხვაგან ვიყავი და პრობლემების განხილვის დრო არ იყო. ვგრძნობდი, რომ ეს პოლიტიკა ილუზიას ემსგავსება , ზოგჯერ ის პრობლემებიც, რომელიც გვაყოვნებს და გვანერვიულებს. ჰოდა, იქნებ ცოტა ხანს გავჩერდეთ და დავფიქრდეთ. იქნებ რამე შევცვალოთ სიცოცხლისათვის. ძალიან ხომ არ ვფილოსოფოსობ? არადა, მტკივა.

ჰო, როგორც ფილოსოფოსები იტყოდნენ გამოცდილების გამოტანა ხდება აქ და ახლა, წინააღმდეგ შემთხვევაში დროს ტყუილად ვკარგავთ. სიცოცხლის კალაპოტიდან მაგდებს, მაგალითად, როცა ახალგაზრდა სიცოცხლე ტოვებს დედამიწას. რა გამოცდილება გამოგვაქვს ჩვენ ამით? ხშირ შემთხვევაში არანაირი. ორი დღე კიდევ ვივიშვიშებთ და ისევ შევიკეტებით ვირტუალურ სამყაროში. ვირტუალური სიხარულის გაზიარებით, ვირტუალური ღიმილით... სულ ეს არის. მეც, ბოლო დროს რამდენჯერ დამემართა, აი ახლა მოვიკითხავ, ახლა ჩავეხუტები, ახლა მოვინახულებ და მერე აღმოვაჩენ, რომ მთელი კვირა თუ არა, მთელი თვე გასულა.

და რა დამრჩა იმ ერთი კვირისგან? თითქმის არაფერი, რადგან რეალური ურთიერთობების გარეშე არაფერი ფასობს.

უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ არც იმ პოლიტიკაში და არც ადამიანურ ყოფაში ხარვეზების გაანალიზება არ ხდება. დადგება ორშაბათი და ერთმანეთის მიმართ, სიძულვილის ენით სიმართლეს ვამტკიცებთ და რას ვცვლით? არაფერს! არადა, ძალისხმევის გარეშე სიკეთე ვერ გვექნება, ხოლო სადაც ძალისხმევა არ არის იქ ყოველთვის ბოროტება იმკვიდრებს ადგილს.

ისევ არ გამომდის. რაღაც მასევდიანებს. მადარდებს გათითოკაცება, აგრესია, ინერტულობა, გულგრილობა, უსიყვარულობა, სიზარმაცე... და ეს მახსენდება მაშინ, როცა ახალგაზრდა კაცი ტოვებს სიცოცხლეს. ხო, ხანდახან სიკვდილი შეგვანჯღევს ხოლმე, მერე ისევ კალაპოტს ვუბრუნდებით და იგივეს ვაგრძელებთ.

არადა, ადამიანებო, როცა ვაკვირდები თქვენი თმის ფერისა და წამწამის ფორმას, ვხვდები, რომ ფორმა და ფერი სიცოცხლის საზრისია. ყოველივე არსებობს იმისათვის, რომ იარსებობს . სიცოცხლის საზრისი თავად სიცოცხლეა და არ სჭირდება კირკიტი.

თან როგორ იოლია ამის გაგება. მაგრამ, ადამიანები მაინც პანიკაში ვარდებიან და ჩქარობენ. ნეტავ გამაგებინა რის მიღწევას ჩქარობთ? საით გარბიხართ? რატომ ეჯიბრებით ერთმანეთს, ვითომ სხვაზე მეტი იყოთ. იცით რა სასაცილოა ცდილობდეთ მიაღწიო იმას, რაც თქვენს მიღმაა? სიხარულის გარეშე ხომ, ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ წინ. სიცოცხლე კი ბინადრობს აქვე, თქვენსავე სხეულის შიგნით, თქვენს სულში.

ის, რაც ალამაზებს ჩვენს სამყაროს არის რეალური ურთიერთობები, გულიდან წამოსული სიტყვების ცხოვრებაში განხორციელება. რეალური ჩახუტება, თანადგომა და გრნობით ნათქვამი სიტყვები: მონატრებასა და სიყვარულზე. ეს ხომ ისედაც ყველამ ვიცით. პატარა მოსწავლეს ვემსგავსები არა? არადა, მტკივა, რადგან ვცხოვრობთ სხვაგვარად.

ამ ტკივილზე მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რაღაც მეთქვა და მგონი არ გამომივიდა... იმ ტკივილზე, როცა სიკვდილი ხანდახან გვაჯანჯღარებს და ახალგაზრდა სიცოცხლე ტოვებს დედამიწას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს