რეგულაციები უნდა განხორციელდეს, მაგრამ ჯერ "ზევით" და მერე "ქვევით" - კვირის პალიტრა

რეგულაციები უნდა განხორციელდეს, მაგრამ ჯერ "ზევით" და მერე "ქვევით"

არაფერი გვეშველება! არ გვინდა და იმიტომ! ადამიანები იხოცებიან და ჩვენ გამოცდილებას ვერ ვსწავლობთ! ერთი და იმავე ადგილს ვტკეპნით და არაფერს ვცვლით. არ გვინდა განვითარება. გვინდა მხოლოდ სპექტაკლების მოწყობა. "ლამაზი" კომენტარები. ერთმანეთზე გადაბრალება. გასაცოდავებული ადამიანების პოპულიზმით გულისმოგება, რაც შეიძლება ბნელი წარსულის ამოქექვა, მუშტების ქნევა და მერე ისევ მივიწყება ყველაფრის, ვიდრე ახალ მსხვერპლამდე.

არ იფიქროთ "ყაზტრანსგაზზე" ვლაპარაკობ მხოლოდ, ბოლო დროს გახშირებული სიკვდილების გამო. რა თქმა უნდა მოქალაქეები ტყუიან კუსტარულად, რომ აკეთებენ გამათბობლებს და სხვა ადამიანების ბედსაც სიკვდილ-სიცოცხლის სასწორზე დებენ, მაგრამ წესრიგი იწყება ზემოდან. კი, ჩემთვის ასეა, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ვერ ნახავთ უწყებას, ჯარიმა ან პასუხისმგებლობა დააკისროს მოქალაქეს თუ სისტემური პრობლემებია.

მე ვეკუთვნი იმ ადამიანების ჯგუფს, რომელიც ფიქრობს რომ ცვლილებები იწყება ზე-მო-დან! თუ ეს არ გავაანალიზეთ ვინ ვის გაეჭიმება ტრაგედიის ადგილზე ჩემთვის ეს უკვე ამაზრზენია.

ისევ დაიწყო საუბარი, რომ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა უმკაცრესი ჯარიმით უნდა ისჯებოდეს. არ ვაპირებ გამოვესარჩლო უპასუხისმგებლო მოქალაქეებს, მაგრამ თხოვნა მაქვს მეგობრებო, გადახედოთ მენეჯმენტს და კონტროლი დაიწყოს ზემოდან. ჭკუას კი არ ვასწავლი ვინმეს, კარგად ვიცი, რომ ეს არის ურთულესი ქსელი და სჭირდება მაღალკვალიფიციური პირები! ნებისმიერ უწყებაში, რომელმა თანამშრომლემა იცის რა უფლებები აქვს ან როდის ირღვევა მათი უფლებები? რომელი კომპანიის რომელმა თანამშრომელმა იცის თავისი მოვალობების შესახებ? ჰოდა, არ გინდათ მივბაძოთ ცივილურ ქვეყნებს?

რადგან გაზის გაჟონვით გამოწვეულ სიკვდილზე ვსაუბრობ, უნდა იცოდეს ყველა მოქალაქემ მშენებლობის დროს გაყვანილობაზე ვინ იღებს ვალდებულებას. რა პასუხისმგებლობა ეკისრება მობინადრეს და რა კომპანიის თანამშრომელს? რატომ არ ვიცით ამა თუ იმ ორგანიზაციის ფუნქცია-ვალდებულებების ჩამონათვალი? ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადარბაზოებშიც კი უნდა იყოს გამოკრული გაფრთხილებები და ვალდებულებები.

თავად კომპანიის თანამშრომლებმა იციან, რა ევალებათ და რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ?

რომელ კომპანიაშია ასე დაწვრილებით გაწერილი ყველაფერი? არსად! შემომედავეთ თუ სადმეა ასე.

როცა დარღვევა ხდება და მსხვერპლი სახეზეა, რომელ ქვეყანაში იწყება პოლიტიკური ქულების დაწერა? თავის არიდებისა და ერთმანეთზე გადაბრალების კასკადი?

ბოლოს და ბოლოს რატომ გამრავლდა კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლები საცხოვრებლებში? თუ დავწერ, რომ ესეც ხელისუფლების უპასუხისმგებლობის ბრალია, მეტყვიან ამისიანი ვარ თუ იმისიანი და ამით დასრულდება ყველაფერი, არადა მოქალაქის მორალზე არ დგას ცივილური ქვეყნები. იქნებ შევეშვათ ამ საბჭოთა აზროვნებას ყველაფერში ხალხი, რომ იყო დამნაშავე, თან ნებაზე მიშვებული და მთავრობა ყველაფრისმკადრებელი. მოქალაქე იმ დროს იწყებს საკუთარი თავის "მიხედვას" როცა არ არის მკაცრად გაანალიზებული ვინ არის გაჭირვებული და რას სთავაზობს მას სახელმწიფო, მთელი რიგი გათვლებია სხვადასხვა ტიპის მოქალაქეებზე განვითარებულ ქვეყნებში.

როცა, თუნდაც "ყაზტრანსგაზის" ორი დაკავებული თანამშრომელი ვერ ასახელებს მისამართზე გამოძახების დროს რა ევალება, რა ითვლება სიზარმაცედ ან გადაცდომად, მოქალაქეების დაჯარიმების გამკაცრება სულ ცოტა უხერხულია.

გამოდის, რომ ქვემოდან ვიწყებთ სიტუაციის დალაგებას, რაც ისევ წრეზე წაგვიყვანს. შესაძლოა მორალურ მოწოდებებად ჩამითვალოთ, მაგრამ დროა რომ განვითარება დავიწყოთ. უნდა დაჯდეს რამდენიმე ადამიანი ამ სფეროში და გაწეროს სტანდარტი, რა არის საჭირო კონკრეტული კომპანიისთვის და ქვეყნისთვის. თუ მკაცრად გაწერილი სისტემა არ გვაქვს ყველა სტრუქტურაში, მაშინ რატომ ისჯებიან რიგი ადამიანები? მიზეზი რა არის? ის, რომ კეთილი ნება არ გამოიჩინეს და თავისი სურვილით არ გააკეთეს რაღაც? ეს ხომ სასაცილოა. რეგულაციები უნდა განხორციელდეს მაგრამ ჯერ "ზევით" და მერე ქვევით".

კიდევ ერთი: ყველაზე მეტად მაღიზიანებს, რომ არც ერთი გადაწყვეტილება თუ ქმედება არ არის გათვლილი რეალურად გამოსწორებისკენ, ან გრძელვადიან მოქმედებაზე. დღეს ასე ითქმევა, ხვალ არავის ემახსოვრება. ზეგ გაიხედავ და ისევ იქ ვართ.

ეს გგონიათ მხოლოდ გაზიფიცირების ამბავში ხდება? ნამდვილად არა, საშინლად მეჩოთირება რაღაცეები. ამაზე სხვა დროს დავწერ. უბრალოდ, უშუალოდ ამ ქსელში უამრავი ხარვეზია, რომლის გამოსწორებაც და შესაძლებლობების გეგმის გაწერა დღესვე უნდა მოხდეს, თორემ ვინმეს ჯიბრი კი არა მაქვს. ამასთანავე, ასეტი ფაქტები ღიად გვაჩვენებს, რომ კონკურენცია და კვალიფიკაცია ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

როდესაც ევროპისკენ სიტყვიერად მივდივართ და არა საქმით, ევროპელობა კი 25 "მანეთად" ევროპაში ფრენა გვგონია, განვითარებულობა და ადამიანის ღირსების დაცვა სწორედ ასეთ ფაქტებში ვლინდება ხოლმე. არაერთხელ დამიწერია და ახლაც ვიტყვი: თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია, ეს ნიშნავს ზედმიწევნით კანონის დაცვას, პირველ რიგში "ზემოდან". ყველა ადამიანის წესებში მოქცევას და ამასთანავე, თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვას და არა ლობირებას, ზეწოლას, გავლენების გაზრდას ან "ეროვნული მენტალიტეტის" შეცვლის მოლოდინს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს