ჩემი ხალხი უნდა გავაკრიტიკო. ის საზოგადოება, რომელიც საერთოდ არ არის ორიენტირებული განვითარებაზე - კვირის პალიტრა

ჩემი ხალხი უნდა გავაკრიტიკო. ის საზოგადოება, რომელიც საერთოდ არ არის ორიენტირებული განვითარებაზე

ყველას კარგად ცხოვრება უნდა. ყველა წუწუნებს. ყველა გაქცევაზე ფიქრობს. მესმის, კარგად ცხოვრება გვინდა, მაგრამ რა არის ეს კარგი ცხოვრება? - ჰკითხეთ ადამიანებს და უმრავლესობა ვერ გეტყვით რა არის ეს კარგი ცხოვრება. გასაგებია, შესაძლოა თქვან ფული და იშვიათად ვინმემ თქვას - ნორმალური პირობები. ვინ ქმნის ამ ცხოვრებას, გიფიქრიათ ამაზე? ვერ გამოდის ასე ბატონებო, რომ მხოლოდ ერთს ჰქონდეს გავლენები, ფული და ყველა დანაშაული შერჩეს... იყოს ხელშეუხებელი და რასაც უნდა იმას აკეთებდეს. კანონი მასზე არ ვრცელდებოდეს. კარგი ცხოვრება ბევრს ეს ჰგონია.

მოკლედ, დღეს ჩემი ხალხი უნდა გავაკრიტიკო. ის საზოგადოება, რომელიც საერთოდ არ არის ორიენტირებული განვითარებაზე. ასეთი, ქვეყანაში 98 პროცენტია.

და საერთოდ, იმ მაგალითებს, რომლებსაც აქ დავწერ, ვეღარ ვიტან უკვე. შეუძლებელია, აი, ასე ვცხოვრობდეთ და თან, კარგ ცხოვრებაზე ვფიქრობდეთ.

მაგალითი პირველი: როცა მარკეტში შევედი, ორი იქ მომუშავე ქალბატონი ზუსტად ამ თემაზე საუბრობდა. ერთი ამბობს: როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში გაჩერება, თუ შანსი გაქვს უნდა წახვიდე. ამ თვეში ამაზე მეტი ვერ ვიშოვე. მორჩილად მივმართავ: ბოდიშს გიხდით, რომ გაწყვეტინებთ, დახმარება მჭირდება თუ შეიძლება?

21-ე საუკუნეში აღარსად ემსახურებიან ისე ცუდად, როგორც საქართველოში. ვერ ნახავთ მომსახურების ობიექტს, მარკეტს თუ სხვას, სადაც მომხმარებელს სათანადო დონეზე უყურებენ. ამავე დროს უკვირთ, რატომ არ ჰყავთ მეტი კლიენტი. რატომ ვერ შოულობს მეტ თანხას. რა თქმა უნდა, ვერ ვითმენ და ვეუბნები: დამოკიდებულებები უნდა შეცვალოთ. ცუდ პროდუქტს "ატენით" ადამიანს, ცუდად ემსახურებით, შესაძლოა იპარავთ კიდეც, ეს სამივე დასჯადია თქვენთვის მოწონებულ ქვეყნებში და ვერ იცხოვრებთ. რა თქმა უნდა, შენიშვნას არ იღებს.

აშკარაა, გონება არ ჰყოფნით მენეჯერებს, რომ კონკურენციის პირობებში უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს მომხმარებლებისთვის.

მაგალითი მეორე: მგონი, ერთხელ დავწერე, რომ შეძლებისდაგვარად ჩემი ქვეყანა ფეხით მაქვს მოვლილი. ყოველთვის მაინტერესებდა ცხოვრება სოფელში. ჰოდა, ამასწინათ ერთი ნაცნობი წუწუნებს, ვინც დარჩა სოფელში იმასაც გაქცევაზე უჭირავს თვალიო. ამ დროს კარგად მახსოვს ამ ადამიანების ცხოვრება წლების წინ. ახალგაზრდა ბიჭები დილიდან საღამომდე ე. წ ბირჟაზე იდგნენ. მთელი დღე სვამდნენ, კარტს თამაშობდნენ, რიგ შემთხვევებში "იბოლებოდნენ" და მათ დედებს, მიუხედავად ნერვიულობისა და ჩხუბისა, უხდებოდათ მძიმე სამუშაოს შესრულებაც კი. მითხარით ასეთ არაფრის მკეთებლებს, როგორ შეიძლება დღეს დანაზოგი ჰქონდეთ და მომავალს გეგმავდნენ?!

ძველი თაობა ისევ ძველ დროს მისტირის. ფულზე "ჩალიჩობდნენ" ხელფასების გარდა, რაც და როგორც მიჰქონდათ სახლში ყველამ ვიცით. მუქთად ცხოვრება მოსწონდათ. მოისპო ეს და აღარანაირი იდეა და შრომა. დღეს სახნავ-სათესი მიწების 800 ათასი ჰექტარიდან 550 ათასი დაუმუშავებელია. თუკი ინვესტორი გამოჩნდება, იმდენად ჰარი-ჰარალოზეა ქართველი კაცი მიშვებული ვერანაირ სამუშაო დღის რეჟიმში ვერ ჯდება. თავის ჭკუაზე მუშაობს, ლოთობს, იპარავს, როცა უნდა მაშინ მიდის სამუშაოდ და კიდევ მენეჯერს ეჭიმება და მერე, ქართულ მიწებს გვართმევენო ისევ ასეთი გაჰყვირის.

მაგალითი მესამე: გადავინაცვლოთ სახელმწიფო სამსახურებში. თითქმის ყველგან არასწორი მენეჯმენტია. "აუწყობელი" სიტუაცია. სპონტანურად, რომ ხდება გადაწყვეტილებები და ყველა ყველას უფროსია. ბევრისგან ვიცი, ჭირს ისეთი ადამიანის მონახვა, რომელიც მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს, ინტრიგებს არ ჩახლართავს, განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვს და პროფესიონალია. ეს არ მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე?

მაგალითი მეოთხე: გთხოვთ გადით გარეთ! რას ჰგავს ჩვენი ბაზრობები?! თითქმის საღორედ ქცეულია. მაპატიეთ, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რას გვანან გამყიდველები? ლამის ჩანთაზე გეცენ, 1 კილოში 200 გრამს გატყუებენ, გლანძღავენ, გეუხეშებიან. რაც არ უნდა გიჭირდეს, შეუძლებელია პირუტყვის დონემდე დავიდეს ადამიანი! და მერე, ეს გაამართლო! ჰო, რა თქმა უნდა, კარგი ცხოვრება უნდათ. ჰკითხეთ ერთი რას ნიშნავს კარგი ცხოვრება? ეს არ მოქმედებს ქვეყნის განვითარებასა და იმიჯზე?

საერთოდ, რომ ვაკვირდები, საქართველოში მცხოვრებთ არა აქვთ გეგმა, გათვლები ან ფიქრი, რას ელის გარკვეული წლების შემდეგ, რა სურს მომავალში, რისთვის ცხოვრობს დღეს... ვიცი, ბევრი მეცემა ახლა იმდენს რას ვშოულობთ, რომ მომავალი დავგეგმოთო, მაგრამ უამრავ მაგალითს დავწერდი მასიურად ვისაც მცირე შემოსავალი მაინც აქვს, რის გამკეთებელია.

მაგალითი მეხუთე: ტურისტებისგან სოლიდურ შემოსავალს იღებდა გარკვეული ჯგუფი. კონკრეტული კომპანია, რომელიც მათზე მუშაობდა ძალით ასწავლა ამ ადამიანებს, რომ მომსახურების დროს გაეღიმათ ხოლმე. მთელი ომი დასჭირდა ამისთვის. ისწავლეს გაღიმება და მერე წინა კბილები ძლივს გააკეთებინეს, ტურისტებს ეშინოდათ, ზღაპრებიდან გადმოსულ დევგმირებს ადარებდნენ...

არ მეღიმება, გული მისკდება ისე ვწერ! გესმით? განა ფული არ ჰქონდათ, არ გეგმავდნენ თავის ცხოვრებას და არც თვლიდნენ საჭიროდ, რომ გაიღიმო, პირად ჰიგიენას მიხედო, სწორი მენეჯმენტი გქონდეს, კარგად მოექცე უცხოელს თუ შინაურს და მერე ათმაგად დაგიბრუნდება ეს. პრინციპულად არ უნდათ ქართველებს ამის დანახვა. აბა, სხვას რას ნიშნავს კარგი ცხოვრება. რასაც იშოვი სულ მუცელი ამოივსო და არასოდეს არ განვითარდე? მაპატიეთ, განა, ამად ღირს ეს სიცოცხლე?!

რადგან გავბრაზდი, აქვე დავწერ, არც ღირს სალაპარაკოდ აბსოლუტურად ინფანტილური ქართველი კაცები -  "2 კაპიკს" რომ იშოვნიან და სმას იწყებენ. ცოლებს ღამეებს ათენებინებენ. გაუგებარ სადღეგრძელოებში იხრჩობიან, რომლის ნახევარზე მეტის გამკეთებლებიც არ არიან. ხშირად მთელ თავის ნაშოვნ თანხას ერთიანი გამდიდრების სურვილით აზარტულ თამაშებში დებენ... რომელი ერთი ვთქვა კაცებზე, რომლებსაც სიბერემდე ბავშვის ჭკუა მიჰყვებათ.

ხალხო, გადით გარეთ, გაჩერდით და დააკვირდით საკუთარ თავებს, როგორ ცხოვრობთ. ელემენტარულ წესს თქვენ არ იცავთ. რაღაც შემთხვევით რომ დაგემართებათ, ბოდიშს არ იხდით. მადლობა გავიწყდებათ. მომსახურება არ იცით. საკუთარი ქალაქის თუ სოფლის მიხედვას თქვენ საქმედ არ თვლით. ყველაფრის წაგლეჯაზე ან მოპარვაზე ხართ. დღეს საქართველოში მცხოვრებს ვერ ვენდობი, შანსი მოგეცემათ თუ არა ეგრევე აფერისტობთ...

გეკითხებით, როგორღა დადგება ეს კარგი ცხოვრება??? ერთი მოაზროვნის არ იყოს: "ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანმა აღარ იცის სად არის ვარსკვლავი და საკუთარი თავის ზიზღის უნარიც კი დაკარგა! მერე კი ითხოვენ კარგ ცხოვრებას!"

კონტროლის საიმედო მექანიზმი გვჭირდება, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, რადგან ეს ჩვენი პოლიტიკოსებიც თავად ტკბებიან ფულის კეთებითა და სახელმწიფოსთვის მოპარული თანხებით ნაშოვნი ქონებით.

რეალობის დანახვა უნდა გავბედოთ. მესმის, მოწოდებასავით ჟღერს, მაგრამ ცოტა ხანს მაინც უნდა გავჩერდეთ, დავინახოთ და აღმოვფხვრათ დაჭაობებული მენტალიტეტი, თუნდაც ჩვევები, რომლებიც ქვეყანას ერთ წრეზე ატრიალებს.

მერაბ მამარდაშვილის არ იყოს: "თუ დავაკვირდებით ტოტალიტარულ ფენომენს დავინახავთ, რომ აზროვნებისა და ცნობიერების გარყვნა და ნგრევა მოდის შიგნიდან. ეს რაღაცნაირი სითხეა, რომელიც თავის ქალაში აღწევს და ანგრევს აზროვნებას, განსაკუთრებით სოციალური და მოქალაქეობრივი აზროვნების წყაროებს"

ამ ტოტალიტარული, გარყვნილი აზროვნებით კარგ ცხოვრებას ვერ მოვიპოვებთ და სულ სხვა იქნება დამნაშავე. მუდმივი მიტინგის სიტუაციაში ვართ ჩავარდნილები. ჩართავ ტელევიზორს და ეს არაფრისმთქმელი, მყვირალა გადაცემები, ჩართავ პარლამენტს და მხოლოდ მოქმედი მთავრობის წასვლაზე ყვირილი... ხოლო, რა უნდა გაკეთდეს, ამაზე არავინ საუბრობს. ჩვენ გვიყვარს ეს მორგების ჯაჭვი, "ჩემიანობა" ყველასთან რომ კარგად ხარ, ოღონდ ფული იშოვო. ეს ჯაჭვი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავწყვიტოთ. გადმოვინაცვლოთ სინამდვილეში და ვისწავლოთ როგორ ვიცხოვროთ კარგად. მე და ქვეყნის პირველ პირს ერთი კანონი და ერთი უფლება უნდა გვმართავდეს. ამაზე ათასჯერ ვწერ....წინააღმდეგ შემთხვევაში ნუღარ დასვამთ შეკითხვას - გვეშველება რამე?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს