ჯერ საკუთარი ქვეყანა გაიცანით, საკუთარი ხალხი შეიგრძენით და მერე იფრინეთ ევროპაში იაფად
22-02-2019
ჯერ საკუთარი ქვეყანა გაიცანით, საკუთარი ხალხი შეიგრძენით და მერე იფრინეთ ევროპაში იაფად
"ლექსის წერის დროს თითქოს ტკივილი მეხსნება. სხეულიდან მოწყენის სიმძიმე მშორდება. ლექსი, როგორც იარაღი ისეთია. როცა გაგიჭირდება, იარაღის იმედი გაქვს", - ნიკო არდოტელის წლების წინ ნათქვამი გამახსენდა, მაშინ რადიოში ვმუშაობდი.

მახსოვს რა აღფრთოვანებით ვწერდი, როგორი ლამაზია ხევსურეთისკენ მიმავალი ჭაუხები. ვამაყობდი, რომ ზამთრის პირს, სამყაროსგან ეულად დარჩენილი შატილელებისთვის ზურგით საჭმელი აგვქონდა. მერე, გზას ფეხით მივუყვებოდით. არდოტში მხოლოდ ნიკო გვხვდებოდა. მარტო კაცი, მარტო ოჯახით, მცირეწლოვანი ბავშვებით. მერე, არაერთ სადღეგრძელოს ვამბობდით, მასთან ვმუსაიფობდით და
ნიკოს და მისნაირებს ყოფას ვუმსუბუქებდით...

ნიკო და მისი ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში გმირულად იცავდა საზღვარს, არდოტის ერთადერთი მუდმივი მცხოვრები გახლდათ, მხარდაჭერას და მეგობრობას ვუცხადებდით, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო. ვერაფერს ვცვლიდით მათ ურთულეს ყოფით ცხოვრებაში.
ნიკო არდოტელი
წამოსვლისას კი მეგონა, მთები გადავდგით, სამშობლოს წინაშე ვალი მოვიხადეთ.
არდოტიდან ჩეჩნეთის საზღვრამდე რამდენჯერმე ვარ ასული, მაგრამ შენ ვის დაკარგვიხარ, სულელო ჩემო თავო? რა გიკეთებია? როგორ "რომანტიკულად" ვწერდი ამ მხარის შესახებ, არადა, სინამდვილეში ბოლო ხმაზე უნდა მეყვირა.

ჰო, ისიც გამახსენდა, მერე, ოდესღაც, "სხვებმა", რომ "აღმოაჩინეს" ხევსურეთი. ისე სტუმრობდნენ ამ მხარეს თითქოს უფრო ცივილურები იყვნენ და არქაულ პირებს ხვდებოდნენ. რაღაც "გაურკვეველ" ღონისძიებებს მართავდნენ, ხევსურებისთვის გაუგებარს და მერე, პრობლემები ისევ პრობლემებად რჩებოდა. წლების განმავლობაში ყველა ივიწყებდა მათ.

დღეს ნიკო და ხევსურეთი გამახსენდა. ამ ბინძურ პოლიტიკასა და ქვეყანაში რა დასაწერი იყო, მაგრამ ყურადღება მინდა გადავიტანო იქიდან, რასაც ხალხი ვეღარ იტანს და გაგახსენოთ ის, რაც თქვენი მოვალეობა არ გგონიათ საერთოდ. მაშინ მთავარი უგზოობა იყო. შატილში მასწავლებლების არ არსებობა. ხიდების პრობლემა.. დღეს, ნიკოს სიტყვებით, რომ ვთქვა: "ქვეყანა იქითაა, შენ აქეთა ხარ. არაფერი გესმის, გზა არა, ხიდი არა, საკომუნიკაციო საშუალებები არა. გთხოვთ ნუ მოკლავთ ამ ხეობას, ნუ მიატოვებთ!"

იმის თქმა მინდა, რომ 17 წლის ვიყავი პირველად ხევსურეთი რომ დავლაშქრე, მას შემდეგ არც ხალხის მოთხოვნები და არც ხელისუფლების დამოკიდებულებები არ შეცვლილა. ერთადერთი გაცილებით მეტი ტერიტორია დავკარგეთ.

ანატორის ციხემდე ფეხით, ყოველგვარი გუშაგის კონტროლის გარეშე ვარ არაერთხელ მისული. ეს ის ადგილია, სადაც დღეს სულიერი აღარ ცხოვრობს და მიმდებარე ტერიტორიას რუსი გუშაგები აკონტროლებენ. არ ვიცი, ვინ იცის ამბავი, რომ სოფელ ანატორის მცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისგან გადაარჩინეს. როდესაც სოფელი ანატორი ჭირის ეპიდემიით დაავადდა, სოფლიდან გასვლა თავად აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო. სოფლიდან 100 მეტრში ააგეს აკლდამა და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა და აკლდამაში სიკვდილის მოლოდინით წვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოშკზე თოფიანი კაცი იდგა, თოფი არც ერთხელ არ გასროლილა. არც ერთ დაავადებულს გაპარვა არ უცდია...

წლების განმავლობაში სოფელსაც თავად აცოცხლებდნენ. საზღვრებსაც თავად იცავდნენ, ქვეყანასაც თავად აძლიერებდნენ...
ეი, თქვენ, ვიღაცეებო, სამშობლოს სახელით მოლაპარაკე ცრუპენტელებო, პოლიტიკით გაბრუებულებო, ფულის შოვნით დაბრმავებულებო, აი, თქვენი სამშობლო და თქვენი ხალხი! ნიკო და მისნაირები ის ადამიანები არიან, კარგად რომ იციან საზღვრისა და მიწის ნამდვილი ფასი! იქნებ, მისგან გესწავლათ, იქნებ.... ამ მხარის პრობლემების მოგვარებას 120 ათასი ლარი დასჭირდებოდა, მაგრამ ვიდრე ერთმანეთის ლოგინს ათვალიერებთ, ქვეყნის ძარცვას ბიზნესს არქმევთ და მთელი პოლიტიკა აქამდე დაგყავთ, ჩვენ კიდევ ერთი სოფელი ხალხისგან გვეცლება და კიდევ მეტ ტერიტორიას ვკარგავთ.
დღეს ნიკო გამახსენდა და ასეთი გმირები, რომლისგანაც დაიცალა ქვეყანა! იქნებ თქვათ გსურთ თუ არა მთა და ტერიტორიების შენარჩუნება?! სად არის თქვენს მიერ დაპირებული მთის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა?! ტერიტორიების დაკარგვის საკითხზე მსჯელობა, რომ იწყება, გამოწკეპილები სამაჩაბლოსკენ გარბიხართ. ნეტავ, იცით ქვეყნის სხვა კუთხეებში რა რაოდენობის მიწას ვკარგავთ?!

ნიკო და ჩემი სამშობლო გამახსენდა დღეს, როდესაც მხოლოდ ზამთრის პირს კი არ ვსტუმრობდით, თებერვლიდან ვიწყებდით ფიქრს, გაზაფხულზე, როგორც კი თოვლი და ზამთარი გადაიდარებდა გზას დავდგომოდით... ნიკო თავის ოჯახთან ერთად ბოლო წლებია ბარში იზამთრებს.

მეცინება, ევროპისკენ ვისწრაფვითო, რომ ამბობთ. ხელისუფლებავ და პოლიტიკოსებო, ჯერ საკუთარი ქვეყანა გაიცანით, საკუთარი ხალხი შეიგრძენით და მერე იფრინეთ ევროპაში იაფად! თან დააკვირდით ყოველ წელს კარგავენ თუ არა მიწებს და რომელ მთიან სოფელში არა აქვთ გზა და კომუნიკაცია?! ხევსურები: ანატორიელები, არდაქელები, ხახაბოელები, არდოტელები და სხვები გმირები არიან.

ხევსურეთში ფრენას ვიზა არ სჭირდება. არც საქართველოს სხვა რეგიონებში. ნიკო არდოტელის სიტყვების ინტერპრეტირებას გავაკეთებ და დავწერ: ქვეყანა აქეთაა, თქვენ იქითა ხართ. ხალხი აქეთაა, თქვენ იქითა ხართ, არც არაფერი გესმით... გთხოვთ ნუ მოკლავთ ქვეყანას!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ნაია
02 მაისი 2019 12:51
..და საკუთარი ქვეყნის მონახულება გაცილებით ძვირი რომ ჯდება, ვიდრე ევროპის, იქნებ ამაზეც დაწეროთ რამე...
ია
27 თებერვალი 2019 10:51
ძალიან კარგი სტსტიაა ყოჩაღ ნინო!
aburjga
24 თებერვალი 2019 22:25
მე ჩემს გურიას ვერ მივატოვებ, მაგრამ ახალგაზრდებო ვისაც გესმით საკუთარ ძარღვში ქართული სისხილს ყივილი, ითავეთ გაუკეთეთ ორგანიზება, მთავრობას მოთხოვეთ და ააღორძინეთ საქართველო, დაიწყეთ ხევსურეთიდან!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?