რატომ არის გამართლებული ნულოვანი ტოლერანტობა? - კვირის პალიტრა

რატომ არის გამართლებული ნულოვანი ტოლერანტობა?

ძალაუფლება, რომ მქონდეს თითქმის მეოთხედ ქვეყანას ძელზე გავსვამდი. სწორედ ისე, როგორც აღმაშენებელმა გააკეთა, რათა ქვეყანა "ნაგვისგან" გაეწმინდა. რადიკალური ფაქტები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმეა და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით...

ვიდრე ჩემი ბლოგის სათაურს განვმარტავ, ახლავე გეტყვით, რომ არ ვიღებ თქვენს პრიმიტიულ "იარლიყს"ან ბრალდებას, რომ "ვიღაცისიანი" ვარ.. მით უფრო იმათგან, ვინც შევარდნაძიდან მოყოლებული დღემდე კარგად ყვლეფს ქვეყანას და მერე მორალს უკითხვას ხალხს. იმათგან, ვინც თავგადაკლული "ნაციონალი" იყო. მათი ნაკლოვანებების გამმართლებელიც კი, მერე დიდძალი ფული აიღო და უდრტვინველად გადმობარგდა "ოცნებაში". იმათგან, ვისაც მხოლოდ წინა ხელისუფლებების ლანძღვა ჰგონია ვაჟკაცობა და დღეს მართებული აზროვნების დეფიციტი აქვს...

რა თქმა უნდა, უმრავლესობას გიჭირთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება. ურთულესი პროცესები მიდის ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ პიარზე გათვლილია! ვერ ვეშვებით იმ მანკიერ წრეს, რომელიც ქვეყანას წრეზე აბრუნებს. ვერ ვეშვებით მხოლოდ წინა ხელისუფლებების კრიტიკას. მხოლოდ მათი დანაშაულებების აღიარებას. როდის დადგება საკუთარი თავის დანახვის ჟამი?!

შესაძლოა რთული მოსასმენია, მაგრამ უნდა ვთქვა: ნულოვანი ტოლერანტობა იყო სწორი! იმ ტოტალიტარული და საბჭოურ-ქურდული მენტალიტედიდან ვერ გამოვიდოდით, რომ არა რადიკალური მიდგომა. ციხეები გაივსო იმიტომ, რომ ყოველი მეორე იყო კორუმპირებული, ქურდი, მოჩალიჩე პირი. მახსოვს, რა ხდებოდა ყოველ საღამოს სხვადასხვა უბნებში, როცა სახლისკენ მიმავალ გზაზე გძარცვავდნენ. და, ეს ადამიანები დღეს საუბრობენ, რომ დემოკრატიის შელახვა ყოფილა, როცა ორ კვირაში ერთხელ პოლიციაში უნდა ჩასულიყვნენ ხელმოსაწერად...

"ვაიმე, ვაკეს გვართმევენ"- არის დეფორმირებული აზროვნების ბრალი! უბნების მიხედვით "სასტავების" გადანაწილება არის შეცდომა. "ჩემიანია და მოსულა" არის შეცდომა. ეს ყველაფერი უნდა მოშლილიყო. ამისგან ქვეყნის გაწმენდა ნულოვანი ტოლერანტობის გარეშე იყო შეუძლებელი! თუ გვინდა ცივილურად ვიცხოვროთ, არანაირი შეღავათი არ უნდა არსებობდეს ქურდობასთან, მამაძაღლობასთან, აფერისტობასთან მიმართებაში.

ჩვენი მენტალიტეტი სავარაუდოდ ახლაც დეფორმირებულია. მესმის, ბევრს გვიჭირს, მაგრამ ის, რომ ვიღაც შვილების მამაა და ამის გამო მოიპარა, და ჩვენ უნდა გავუგოთ, ეს არის საბჭოურ-ტოტალიტარული აზროვნების ბრალი! ყველა ამ "ერთმანეთის გაგების" წრეში ცხოვრობს.

ჩვენ გვჭირდება გავთავისუფლდეთ არა იმპერიიგან ან რუსეთისგან, არამედ ჩვენი შინაგანი პრინციპებისგან.

"ნაციონალებმა" დააშავეს ის, რომ მოგვიანებით ქუჩაში დაიწყეს ადამიანების ხოცვა. როცა საკუთარი გუნდის მაღალჩინოსანმა დააშავა (გირგვლიანის საქმეს ვგულისხმობ) და ეს იყო ღიად არასწორი მსვლელობა, მათ გაუჭირდათ საკუთარი დანაშაულის აღიარება, საკუთარი ჩინოვნიკის დასჯა.

მათაც და მოქმედ ხელისუფლებასაც ავიწყდება, რომ სიმართლე ზოგჯერ შენი სოციალური მდგომარეობის, ან შენი ცხოვრების საწინააღმდეგოდ მოდის და თუ შენ მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის და ძალაუფლებისთვის არ იბრძვი, ამისთვის მზად უნდა იყო. ეს იყო მარცხი და მათგან კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის გამოვლინება.

დღესაც ძალიან უჭირთ პოლიტიკოსებს წავიდნენ სიმართლის გზით და ეს სიმართლე უთხრან საკუთარი გუნდის წევრებს. ეს იმიტომ, რომ იდეებისა და ფასეულობების არქონამ მიგვიყვანა აქამდე, სადაც ვართ. ჩვენ თაობებია ვიბადებით ატმოსფეროში, რომელიც გაჟღენთილია სისხლით, ჭუჭყითა და ტყუილით. ჩვენში დალექილია ძალადობის და ამავე დროს უვიცობისა და სიბნელის ნარჩენები. მუდმივად ვებღაუჭებით იმას, რაც სინამდვილეში საზიანოა.

პოლიტიკაში ადამიანების მობილიზებაა საჭირო, რადგან სწორი აზროვნების დეფიციტია. პატიოსანი ადამიანების დეფიციტია. კანონის დეფიციტია. უნდა შევიგნოთ, რომ კანონები არ არის ერთი პოლიტიკოსის ან ერთი ხელისუფლების საკუთრება. ყველა სფეროში გვჭირდება თანმიმდევრული ნაბიჯები და არ ძალგვიძს, რადგან ისევ საბჭოთა მენტალიტეტით ვაზროვნებთ.

ნულოვანი ტოლერანტობა დღესაც იქნება გამართლებული, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც საკუთარი "ბარიგა" შვილისთვის ბრძოლა ეროვნული ბრძოლის რანგში გაგყავს და დღეს პარლამენტარი ხარ! რადგან პარლამენტარი ხარ შენს ძმას თავისუფლად შეუძლია მოატყუოს მოსახლეობა და ფული წაღლიტოს. ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში იმისთვის მოდიან, რომ გავლენები გაიფართოონ და საკუთარი ქონება დაიცვან, ამ ადამიანების მართვის პირობებში შეუძლებელია მსგავსი რამ.

ჩემი 4 წლის ძმისშვილი მეუბნება, ლილე გვექცევა ძალიან ცუდად ყველა ბავშვს. რომ ვკითხე რატომ, პასუხმა გამაოგნა: "ყველამ იცის, რომ სცემს ბავშვებს, მაგრამ მასწავლებლებიც არაფერს ეუბნებიან, რადგან დირექტორის შვილიაო..." ტყუილად ვწერ და ტყუილად ვიბრძვი მეგობრებო, თუ რაიმესთვის მიბრძოლია ამ ქვეყანაზე! გესმით, სრულიად ნორჩ თაობაშიც კი ასახულია საბჭოური აზროვნების დამანგრეველი ფესვები. მასწავლებლებმა იციან, რომ ხმა არ გასცენ რადგან დირექტორის შვილია და ამას აგებინებენ ბავშვებსაც. რომ ვიჩივლო, ზუსტად ვიცი ჩემს ძმისშვილს გამოაგდებენ, რადგან მსგავსი რამ გავბედეთ.

აღარ უნდა დასრულდეს ეს მიდგომები? კარგი ცხოვრების პრეტენზია რატომღა გვაქვს?

რამხელა სამუშაოა ჩასატარებელი და თქვენ გჯერათ, რომ ვიღაცეები თავისუფალი სასამართლოსთვის იბრძვიან დღეს?! რამდენჯერმე ვიგირავე ბინა. ყველა ცდილობდა გავეცურებინე, ფული წაეღლიტა... ამასთანვე უმეტესობას საბუთები წესრიგში არ ჰქონოდა. თავს ვერ ვიცავ! დღეს ძალზედ მიჭირს ადამიანის პოვნა, რომელიც არ "გიჩალიჩებს," არ "გიაფერისტებს," არ მოგატყუებს.

ძალაუფლება, რომ მქონდეს ავკრძალავდი საბჭოურ-ტოტალიტარულ მიდგომებსა და აზროვნებას. ისევე როგორც ტრიუდორებმა გააკეთეს, როცა შუაგულ ინგლისში მე-16 საუკუნეში ხალხი ქუჩაში ისაქმებდა. ყველაფერი ყარდა და ყველას ფეხებზე ეკიდა ქვეყნის განვითარება; როგორც 17-საუკუნეში იტალიაში "საიდუმლო ჯგუფმა" დაიწყო კორუმპირებული პოლიტიკოსებისგან ქვეყნის გაწმენდა. მაგრამ ამ წმენდის შემდეგ სათავეში მოვიდნენ პატიოსანი ადამიანები. რადიკალურად განსხვავებული აზროვნება შემოიტანეს...

ჩვენ გვჭირდება დაჭაობებული, საბჭოური მენტალიტეტისგან გათავისუფლება. ჩვენი ცხოვრების წესი არის საზოგადოებრივი მანკიერება. თუ განვითარება გვსურს ეს მანკიერება უნდა დავამარცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნუღარ გაგვიკვირდება, რომ ვცხოვრობთ დაბალგანვითარებულ, უსამართლო და ღარიბ ქვეყანაში!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს