"რომაელო" ემიგრანტებო, სააკაშვილი რომც არავინ დაიჭიროს და ქვეყნის სათავეში დასვათ, ის ახლა არაფრის გამკეთებელია! - კვირის პალიტრა

"რომაელო" ემიგრანტებო, სააკაშვილი რომც არავინ დაიჭიროს და ქვეყნის სათავეში დასვათ, ის ახლა არაფრის გამკეთებელია!

ეს ადამიანები არც ერთ საზოგადოებრივ აქტივობაზე არ მინახავს. "რომაელ" ემიგრანტებზე ვწერ, "მიშა, მიშას", რომ გაჰყვიროდნენ. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ყველა აქციაზე უნდა მდგარიყო. უბრალოდ, მართლა რა დანაშაულებებიც ჩაიდინეს "ნაციონალებმა" ამაზე ჩუმად იყვნენ. დევნად კი, თვლიდნენ ისეთ ქმედებას, რომელიც მართლა განვითარებაზე იყო ორიენტირებული.

აი, მაგალითად, რამდენიმე ადამიანი ამოვიცანი. მათ შორის ორი ყოფილი მასწავლებელი. ახლა მკითხველს გეკითხებით: 60-ს მიღწეული პედაგოგი რომ ხარ საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, არ უნდა იცოდე, როგორ უპასუხო მოსწავლის მშობელს იმეილით? და თუ რამე არ იცი, რა არის ამაში ცუდი, რომ ისწავლო, თანამედროვეობას არ ჩამორჩე. ჩვენი ხალხი, ხომ ზოგადად რეგრესზეა ორიენტირებული. დღესაც ხომ ასეა. 40-ს გადაცილებულებს ვერ ეტყვი, რომ გადაემზადონ, ახალი ისწავლონ, ტექნოლოგიები შეითვისონ, იმეილის გაგზავნა მაინც იცოდნენ...

ჰოდა, მიშამ ვერაფერი გააწყო, ამიტომაც ადგა და ხრიკი მოიგონა, ეხლავე შეგამცირებთ ყველას, ვინც ამას და ამას არ ისწავლითო. აი, მაშინ აქოთქოთდნენ. მიშა გვამცირებს და გვდევნისო!? როგორც ვიცი, არავის შემცირებას არ აპირებდა, ჩვენებურ ენაზე რომ ვთქვათ "ცოტა შეაფუცხუნა" და ზუსტად მიშას დამსახურებაა, რომ შუახნის ადამიანები, უნდოდათ ეს თუ არა, "რეალობას დაეწივნენ".

საერთოდ აქვე ვიტყვი, რომ მსგავსი მიდგომები რაც ზემოთ ვთქვი, ნულოვანი ტოლერანტობაც საბჭოურ- ქურდული მენტალიტეტის მიმართ და ბევრი სხვაც იყო სწორი! დაახლოებით 6 წელი პოლიტიკური სვლები იყო პროგრესზე ორიენტირებული და მე არ მეშინია, ამის თქმის. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვისაც თითქმის ყველა ციხე ჰქონდა შემოვლილი და იცოდა, იქ რა ხდებოდა. როცა ამას რადიო-ეთერით ხმამაღლა ვამბობდი, ზუსტად თქვენგან ვიღებდი ლანძღვას.

იმაზე, რა დანაშაულებებიც ჩაიდინეს "ნაციონალებმა", არასოდეს არ ვყოფილვარ ჩუმად და მე გავხდი დევნის ობიექტი მაშინ, როცა თქვენ ყველანი ჩუმად იყავით. რომში შეკრებილმა უმრავლესობამ კი, დარწმუნებული ვარ,  ზუსტად მიშასგან დევნის "ქეისით" მიიღეთ მოქალაქეობა რომსა და პარიზში.

რა თქმა უნდა, იქ მყოფთა აბსოლუტურ უმრავლესობაზე არ ვწერ. ბევრჯერ გამომიხატავს ზოგადად ჩემი მხარდაჭერა ემიგრანტული ცხოვრების მიმართ, მაგრამ, ვიცი, ზოგიერთი  რის გამკეთებელია. აქ კონკრეტულ ფაქტს ვაფასებ.

იმის თქმა მინდა, რომ თავისუფლება არის არჩევანი ცუდსა და კარგს შორის, რომელიც ჩვენ, ქართველებმა კარგა ხანია დავკარგეთ. შანსი იმისა, - ამ ორ პოლიტიკურ დაპირისპირებულ ძალას დაენახვებინა ხალხისთვის, რომ მთავარი სამართალია, ორივემ ხელიდან გაუშვა. ახლა მაინც უნდა შეიგნოთ, რომ შედარებას: ნაცები სჯობდნენ თუ ქოცები ყავლი გასდის. და, იქ შეკრებას და "მიშა" "მიშას" ძახილს, არანაირი ძალა აღარ აქვს.

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ კვლავ უკან ვიხედებით, კვლავ რეგრესზე ვართ ორიენტირებულები. იმ დროს როცა ნაკლოვანებების გამოსწორება არ გვინდა, უაზრო საგნებზე ვიხარჯებით.

არც "ოცნებას" უნდა გასჭირვებოდა ეღიარებინა "ნაციონალების" დადებითი მხარეები და საერთოდ, რაც სწორად იყო დაგეგმილი, არ მოეშალა, მაგრამ ჩვენ ხომ არასოდეს გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან. ჩვენ "ჯოგებად" დაყოფილი და ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ერი ვართ. ამ დაპირისპირების დროსაც კი რასაც ვუყურებდი რომში, ვიღაც გმირობას თამაშობდა, ვიღაც ვითომ - სიმართლისათვის დევნილს. ჩვენ ხშირად ვაგებთ ცხოვრებას, რადგან არაფერს არ ვარქმევთ თავის სახელს.

ამიტომ არ იქნება მესამე ძალა..

ჰო, ემიგრანტების ნაწილისთვის მინდოდა მეთქვა. "რომაელო" ემიგრანტებო, თქვენ ხომ იცით, რომ მიშას აქაც იმიტომ ელოდებიან, რომ ვიღაცებს პირადი ანგარიშსწორება სურთ და არა იმიტომ, რომ ქვეყნის მიმართ დააშავა და ამისთვის პასუხი აგოს, ამასთანავე, საკუთარი სამართალიც გამოასწოროს ხელისუფლებამ!

თქვენ ხომ იცით, რომც არავინ დაიჭიროს და ქვეყნის სათავეში დასვათ ის, ახლა არაფრის გამკეთებელია!

ხომ იცით, რომ "ნაციონალების" დეფორმირებული ჯგუფის დაბრუნება კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას..

ისიც ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ იდიოტობაა ფანატიზმი ერთი ადამიანის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის..

ისიც ხომ კარგად იცით, რომ ასი წელი არ დათმობთ თქვენს უცხოურ მოქალაქეობას, თუნდაც თქვენი შვილების ნახვის საფასურადაც კი. თუმცა სხვების შვილები უცხოეთში ქართულად ვეღარ მეტყველებენ უკვე.

ჰოდა, მიშასგან ვითომ დევნის "შეწევნით" რომ მიიღეთ უმრავლესობამ მოქალაქეობა რომსა და პარიზში. ირბინეთ ახლა და იძახეთ: "მიშა მაგარია!" ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს