მოდად ქცეული შენდობის კვირა! - კვირის პალიტრა

მოდად ქცეული შენდობის კვირა!

"მსოფლიოს სულიერ ცხოვრებას შეიძლება მართავდეს მხოლოდ სულიერი ხალხი. ასე იყო და იქნება, მაგრამ სულიერება დღეს თითქოს გარიყულია და ცხოვრების მდინარისაგან განზე გამდგარი. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. მე-19 საუკუნის მოაზროვნე ადამიანები უკვე გრძნობდნენ, რომ კაცობრიობას დაეუფლა ფსიქოფობია. "ფსიქოფობია" ბერძნული სიტყვაა და სულიერების შიშს და არა მარტო შიშს, სულერების სიძულვილსაც ნიშნავს". მე-20 საუკუნის მოაზროვნე და მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე

რა ამაზრზენია. "შენდობის დღეც" მოდად აქციეს. "შენდობა" რის შესახებაც არაერთ დეტალს ამოიკითხავთ წმ. წერილებიდან, გვეძლევა არა უპირობოდ, არამედ სინანულის (რასაკვირველია, გულწრფელი სინანულის) პირობით. როგორი გასაგები და ლოგიკურია ეს და რამდენად ემიჯნება მოჩვენებით ქრისტიანულ და ყოვლისმომცველ უპირობო ყოვლისმიმტევებლობას.

ეს ახლანდელი მოდური პროპაგანდაა.

მოდური, მოჩვენებითი "ქრისტიანობის" ამ ცრუმქადაგებლებს თავიანთი არამყარი პოზიციების გასამყარებლად უყვართ უფლის ცნობილი გამონათქვამის - " ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ" (მათე 7.1) გამოყენება. მათთვის განსაკუთრებით საყვარელი ეს გამონათქვამი ოდნავადაც არ უშლის მათ ხელს განიკითხონ და სასტიკად განსაჯონ ყველა, შენდობის მიღების მეორე წუთიდანვე მოიტყუონ, იგივე ცოდვაზე წავიდნენ. "იაფერისტონ", სამართალი დაგვიჩლუნდონ, ამპარტავნებით, ერთმანეთის ღალატითა და თვალთმაქცობით განაგრძონ ცხოვრება.

მაპატიეთ, მაგრამ ეს დღე საერთო სახალხო სიყალბის დღედ გადააქციეს. სიყალბედ რითაც ბევრს აბრკოლებენ და აბნევენ; უპირობო შენდობის მიღება, ანუ საკუთარი ცოდვების უპირობო გამართლება. შემდეგ გაგრძელება უზნეო ცხოვრებისა და ასე დაუსრულებლად.

ქვეყანას სიყალბე და პროვინციალიზმი მართავს. თუ, განსაკუთრებით საშიშად ჩაგთვალეს, ცრუქრისტიანებისა და ცრუნამდვილების ფრაზა მზად არის: "ნუ განიკითხვათ..."

მთავარეპისკოპოსი ამბერკი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა: "რა მიმზიდველი გამოთქმაა ნეოქრისტიანებისთვის, ანუ მე არ გიშლი ხელს ცოდვის ჩადენაში, შენ კი სამაგიეროდ მე ნუ შემიშლი ხელს ცოდვაში".

შემდეგ, ისევ საერთო სახალხო სიყალბის, ანუ "შენდობის" კვირა და გამართლება-გამყარება ჩვენი ცოდვებისა! ვინმეს მიმართ პატიების თხოვნა გულიდან უნდა მოდიოდეს და მერე, ცდილობდეს ადამიანი აღარ მიუბრუნდეს მსგავს ქმედებას. ასეთ ფაქტს ნაკლებად ნახავთ ჩვენს საზოგადოებაში. შენდობის კვირის მეორე დღესვე აღინიშნება მხილების კვირა. ეს დღე არავის ახსენდება. ბოლო დროს კი ქრისტიანულ ეკლესიაშიც აღარ აღინიშნება.

მსოფლიოს დღეს შიშველი და ტლანქი მატერიალური პრაგმატიზმი მართავს. წმინდა წერილების მიხედვით, უფალი არ კრძალავს ადამიანების ზნეობრივ შეფასებას, კეთილ და ბოროტ საქმეთა განსხვავებას (და არა ლანძღვას და ზიზღს). პირიქით გვავალებს კიდეც.

"ჩვენთვის ფრიად ყურადსაღებია, რომ დიდი მარხვის პირველი კვირიაკე წმინდა მართლმადიდებლობის დღესასწაულით მთავრდება. ახალ დროში ეს ნაკლებად აღინიშნება" (მთავარეპისკოპოსი ამბერკი).

ჭეშმარიტ ქრისტიანს არ შეუძლია, გულგრილი დარჩეს აშკარა ბოროტებისა და ცოდვისადმი. მით უმეტეს შეურიგდეს უზნეობას, უწმინდურობას, უსამართლობას! შეუძლებელია, არ ვთქვათ მათი საქმენი ხმამაღლა, ვინც თუნდაც ქვეყნის განვითარებას და ერის დეგრადირებას ხელს უშლის.

მხილების დღე, შენდობის კვირის დასასრულს აღინიშნება. გარანტირებულ შენდობას ვითხოვთ ერთმანეთისგან, ცოდვების აღიარება კი არავის უნდა.

ჩემს ბლოგებში ხშირად ვწერ პოსტსაბჭოური მენტალიტეტის შესახებ, ანუ ფორმალურად ვამბობთ და ვაკეთებთ ყველაფერს და ცუდ საქციელში კი ერთმანეთს "გაგების პოლიტიკით" ვეკიდებით. რაც ჩვენს, არა მხოლოდ სულიერ, არამედ მატერიალურ ცხოვრებაშიც არაფერს ცვლის!

დღეს ჭეშმარიტება ფეხქვეშ გათელილია. შენდობის კვირა კი მოდად ქცეული. შემდგომ კი, თითქოს ვალდებული ხარ, ყველას ყველა ცოდვა მიუტევო.

რა საშინელი სიბეცეა!

ჩვენთან ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ღმერთი იდევნება. ყველანაირად კომფორტულ სამყაროში ადამიანებს თანდათან სულიერების სიძულვილი ეუფლებათ. გულწრფელად გეუბნებით, დღეს არანაირი ფობია არ არსებობს დედამიწის ზურგზე ერთის გარდა, ეს არის სულიერების ზიზღი. ჩვენ ყველა ფსიქოფობიით დავაავადდით! ჩვენ სულიერების გვეშინია!

იხილეთ ასევე: საქართველო წარმართული ქვეყანაა, ყალბი ფიქრებით

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს