რატომ არ გვიყვარს ქართველებს კანონი?! - კვირის პალიტრა

რატომ არ გვიყვარს ქართველებს კანონი?!

არ დაიღალეთ ილუზორული პოლიტიკით, მოჩვენებითი ამოცანებით, ფიქტიური საკითხებით, მხოლოდ პირადი კეთილდღეობის დაცვით..?

თუ გადაწყვეტთ მეტი ადამიანი იპოვოთ კანონმორჩილი ან უკეთესი პირობების მომთხოვნი, გაგიჭირდებათ. თითქოს ვცდილობთ რაღაცეების შეცვლას, მაგრამ ხშირად კანონი თავისთვის არის და ხალხი თავისი "გაგებით" წყვეტს ყველაფერს. ჩვენ თაობებია ვცხოვრობთ ერთი და იმავე აზროვნების ყალიბში. მთელი რიგი ფაქტებია იმისა, როდესაც კანონმორჩილება უხერხულობას გვიქმნის და რიგ შემთხვევაში სირცხვილად მიგვაჩნია.

დღეს დავწერ რამდენიმე მაგალითს, ჩვენს გაუკუღმართებულ დამოკიდებულებაზე კანონთან მიმართებაში. ახლავე განვმარტავ რას ვგულისხმობ. მაგალითად, ავიღოთ კანონი ხმაურის შესახებ. გახსენებაც არ მინდა ჩემს ბავშვობაში საშინელი რია-რია, რომ ჰქონდათ მეზობლებს და სხვას, ყველას, ვისაც ძილი გვინდოდა ხმას არ ვიღებდით. თუნდაც, ღამეები გადაბმით გაგვეთენებინა ამ უდიერი ქცევის გამო. მეზობელია მერე რა, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთო. თუმცა, ასეთი ხმაურიანი მეზობლებისგან არასოდეს მახსოვს "მომთმენი" ადამიანებისთვის ნათქვამი მადლობა ან ბოდიში. მოკლედ, ასეთი დამოკიდებულება თავიდანვე არ მესმოდა.

დღეს, როგორც თანამედროვე ქვეყანას შეეფერება, გვაქვს კანონი ხმაურის შესახებ. მაგრამ ის, რაც ზემოთ მოვყევი, "ჩაციკლული" აზროვნების გამო, ვიღაცის შიშის თუ რიდის სახელით არაფერი თქვა, ისევ ძალაშია. ერთხელ "გავრისკე" რესტორნის, მეზობლისა თუ უცნობის ხმაურზე, რომელიც 3-4 საათამდე გრძელდებოდა ღამეების განმავლობაში, დავრეკე შესაბამის სამსახურში. გააფრთხილეს. კანონი გააცნეს. გამაოგნებელი შედეგი მოჰყვა "ვიღაცეები" ჩემზე არიან "აჭრილები", -  რატომ დარეკა, ეს ხომ ჩვენი უბანიაო და ასე შემდეგ.

ჯორჯ ორუელს ერთ-ერთ შესანიშნავ ნაწარმოებში აქვს ასეთი სიტყვა გამოყენებული: "აზრკრიმინალი", იქ ცოტა სხვა კონტექსტშია, მაგრამ ასეთ აზროვნებას ალბათ უნდა გადავეჩვიოთ და ვისწავლოთ კანონმორჩილება. ჩვენ მივეჩვიეთ ცუდ ცხოვრებას, არასწორ დამოკიდებულებებს, "ერთმანეთის გაგების პოლიტიკას", კანონის უპატივცემულობას.

მაგალითად, ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში, რითაც მგზავრობა უკვე უკიდურესად შეურაცხმყოფელია, რიგ შემთხვევებში მგზავრები იცავენ მძღოლს და არა იმას, ვინც ასეთ აგრესიულ თუ მოუწესრიგებელ მძღოლს აკრიტიკებს.

ასეთი თქვენს ცხოვრებაშიც ხომ უამრავი ფაქტია, არა? ასე იყო სწორედ ამასწინათ. ე.წ "მარშუტკის" სალონში 17 ადამიანი იდგა ფეხზე და ამ დროს არაერთი საავარიო სიტუაცია შექმნა მძღოლმა. როგორც კი ერთ-ერთი მგზავრი შეეპასუხა, სხვა მგზავრებმა ეს ქალბატონი გააკრიტიკეს... იმის ნაცვლად, რომ ხალხს ჰქონდეს რეაქცია ნებისმიერ ასეთ ცუდ მომსახურებაზე, იბრძოლოს საკუთარი უფლებების და პირობების გაუმჯობესებაზე. ხშირად დარეკოს ცხელ ხაზზე.

საერთოდ ეს ცხელი ხაზები ცალკე კრიტიკის საგანია. როგორ შეიძლება ყველაფერი ფორმალობა იყოს ამ ქვეყანაში?!

საზოგადოების სწორად ფიქრი და აქტივობა ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების და ცნობიერების წინაპირობაა. გესმით, რაზე ვდარდობ? აღარ მინდა, ეს ფიქტიური და მოჩვენებითი ამოცანები. აღარ მინდა, ეს გულგრილი დამოკიდებულებები. რაც გინდა მაგარი კანონები მივიღოთ, თუ ის მოქმედებაში და ყველასთვის თანაბარგავლენიანი არ იქნება, ვერ განვვითარდებით. რა შუაშია აქ პირადი ურთიერთობების გაფუჭება?!

ამ მხრივ ჩემთვის არმოსაწონი პოლიტიკური მოვლენები ცალკე მინდოდა შემეკრიბა, მაგრამ აქ ერთ მაგალითს მაინც დავწერ. როგორი სამარცხვინოა ოპოზიციის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, - მერე რა, ზვიად კუპრავამ მოსამართლეს თუ ადვოკატს პანჩური ამოარტყაო. ერთხელ მახსოვს დავწერე, ევროპულ ქვეყნებში, სტუდენტობისას უბილეთოდ რომ გაპარულიყავი ავტობუსიდან, ხელს შეგიშლიდა კარიერულ წინსვლაში გამხდარიყავი: იურისტი, ადვოკატი, მოსამართლე და ადამიანის უფლების დამცველი. რადგან, შენ ცალმხრივი და არასამართლიანი იქნებოდი - ასე თვლიან იქ და მართალიც არის!

ჩვენთან ყველა "მოხულიგნო ელემენტსაც" კი, თუნდაც გუშინ ადამიანებს, რომ ჩაგრავდა, დღეს მარტივად შეუძლია ადამიანის უფლებების დამცველი დაირქვას და მართლა ცალმხრივად დაიცვას ვიღაც. თუ "ჩემიანი" ხარ, წესებს ვიცავ, სამართლს ვიყენებ. თუ "სხვისიანი" ხარ, - არა. თუ ოპოზიცია აშავებს, არასოდეს ჰყოფნის კომპეტენტურობა თქვას სიმართლე, მეტიც, დამნაშავეს თუ ადამიანის უფლების დამრღვევს პოლიტიკურ დევნილად აცხადებს. ერთი მითხარით, როგორ უნდა გავყვე ასეთ პოლიტიკურ ძალას? იგივეა ხელისუფლებაშიც.

თუ არ შეგიძლიათ შეცდომა თუ გადაცდომა აღიარო ან დამნაშავე საკუთარ რიგებშივე ამხილო, მაშ, როგორღა მიიღებთ ხალხის ნდობას? ან ხალხი როგორ ისწავლის, რომ მთავარი კანონმორჩილებაა, რომელიც საერთოდ არ უნდა მოქმედებდეს ვიღაცასთან პირადი ურთიერთობის ქონაზე და საერთოდ, "გაგების პოლიტიკა" უნდა ვცადოთ, რომ ჩავანაცვლოთ კანონის უზენაესობით. თქვენ არ დაიღალეთ ილუზორული პოლიტიკით? ვაყენებთ მოჩვენებით ამოცანებს, განვიხილავთ ფიქტიურ საკითხებს, ვიცავთ მხოლოდ პირად ცხოვრებას, ვიყენებთ მხოლოდ ჩვენს მიერ გამოგონილ სამართალს და ხელისუფლებები უდისციპლინო ხალხით ივსება.

ჩვენს საზოგადოებაში, კულტურასა თუ ზნეობაში, როცა რამე რევოლუციური ხდებოდა, ამის უკან ყოველთვის ძლიერი სულიერი თუ ფიზიკური შრომა იყო ჩადებული.

არ გაქვთ სურვილი ოდესმე შევცვალოთ რამე?

იხილეთ ასევე: "მარშრუტკის" მძღოლების ფენომენი, ანუ როცა შენს ქვეყანაში ადამიანის ღირსება ნულის ტოლია

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს