ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ლტოლვილობისთვის ყველა პირობას უქმნის - კვირის პალიტრა

ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ლტოლვილობისთვის ყველა პირობას უქმნის

ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსების ცხოვრება და ქვეყნის მდგომარეობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის; ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ლტოლვილის პირობებს უქმნის; ქვეყანა, სადაც ხალხი ალალბედზე ცხოვრობს. ქვეყანა, სადაც ვისწავლეთ როგორ გავიტანოთ თავი თვიდან თვემდე, მაგრამ ისევ არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ. სადაც ცხოვრებას ვასრულებთ და ისევ ვერ ვსწავლობთ, როგორ დავიწყოთ... ამ ქვეყნის ხელისუფლება მოუწოდებს ხალხს წესრიგისკენ, არალეგალობისგან თავშეკავებისკენ, მიგრაციული ტალღის შეჩერებისკენ და ასევე გეგმავს არალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახადოს.

გასაგებია, სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ხდება ჩვენს ქვეყანაში განსახილველიც და საკამათოც, მაგრამ იცით რა, აღარ გვაინტერესებს! როცა მასიურად ადამიანები ცხოვრობენ ისე, რომ 21-ე საუკუნეში არათუ განვითარებაზე, არათუ უკეთეს განათლებაზე, არათუ უკეთეს მომსახურებასა თუ ზოგადად პირობებზე ვდაობთ, არამედ, უბრალოდ გვშია და ვფიქრობთ, ყოველ დღე როგორ გავიტანოთ თავი თვიდან თვემდე, აღარ გვაინტერესებს თქვენი ფიქტიური პოლიტიკა!

შეუძლებელი იყო ამ საკითხზე არ დამეწერა. თუ რამეში ვცდები მზად ვარ დისკუსიისთვის, მაგრამ ხელისუფალნო, პოლიტიკოსებო, პარლამენტში სკამებზე მყარად მსხდარნო, როცა საკუთარი ჯიბის ფულიდან გამომდინარე აფასებთ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ხალხს უნდა რცხვენოდეს თუ უკეთეს ცხოვრებას ეძებს?

ჩემთვის მთავარი ის არის, რამდენად სერიოზულად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებებს. ჰოდა, ვსვამ შეკითხვას: დაასახელეთ რა ტიპის ვალდებულებებს იღებთ აღნიშნული ინიციატივის პარალელურად თქვენ?

უცხოეთში მიდის ხალხი დაბალი ხელფასების, ან საერთოდ უმუშევრობის გამო. როცა პროფესია არ აქვთ, ან პროფესიის შეცვლა უწევთ ვარდებიან ცუდ სიტუაციაში. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მათ ვუშველოთ, პირიქით, გარკვეულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ.

აბა დაფიქრდით, სწორი ეკონომიკური-პოლიტიკური გათვლები რომ იყოს, ნებით არ ჩამოვლენ ჩვენი მოქალაქეები?

ისე არ გამომივიდეს, რომ მივესალმები ხალხის მასიურ გადინებას. თუნდაც ნებისმიერი გზით. ნამდვილად არა. ვისურვებდი, რომ მასიურად შეძლონ დაბრუნება და საკუთარი სამშობლო არჩიონ, საკუთარ ოჯახებში ყოფნა, მაგრამ რაღაც ინიციატივები ჩემთვის ღიმილის მომგვრელია.

ჯერ იყო მთავრობის სამარცხვინო გადაწყვეტილება რეადმისიის თანხებთან დაკავშირებით, გამოძევებულ, მშიერ საკუთარ მოქალაქეებს რომ აკისრებდნენ მას. ახლა კი ფიქრობენ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც უკანონო მიგრაციის საკითხს დაარეგულირებს. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

მოკლედ, გეტყვით ერთ ფაქტს, საერთოდ არ უხარიათ ევროპულ ქვეყნებს არც ემიგრანტები და არც ლტოლვილები, მაგრამ წლების განმავლობაში ისინი, საკუთარი სახელმწიფოს ჯიბიდან იხდიდნენ თანხებს ხალხის გაძევების შემთხვევაში. ეს ერთი, ახლა მეორე, რიგ ქვეყნებში ცდილობენ დაიწყონ საუბარი არალეგალად მომუშავე ადამიანების სამზეოზე გამოსაყვანად. არა იმიტომ, რომ ისინი უკლებლივ ყველა გამოყარონ, არამედ სახელმწიფომაც, რომ იხეიროს მათი შრომით და ემიგრანტსაც არ შეეშინდეს გარეთ გამოსვლა, რადგან ეს ადამიანის უფლებების დარღვევააო! გესმის, საქართველოს ხელისუფლებავ!

არც მე არ მინდა მასიურად ხალხის გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნისთვის მებრძოლი და მოაზროვნე ფენა აღარ დარჩა აქ, მაგრამ რადიკალური ცვლილებები საჭიროა ქვეყნის შიგნით და არა, ქვეყნის გარეთ მუშტების ქნევა.

არაერთ ადამიანს დავასახელებდი ქართველსაც და უცხოელსაც, ვინც სხვა ქვეყანაში დევნილებად დაიწყეს სულ სხვა ცხოვრება და მოგვიანებით, უდიდესი როლი შეიტანეს მსოფლიო კულტურასა და ცხოვრებაში. მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობ. ახლა ვსაუბრობ იმ არაადეკვატურ ინიციატივაზე, რომელიც ხელისუფლებას სურს მიიღოს.

თუ ქვეყნის იმიჯი გაწუხებთ, მიხედეთ არასწორ მომსახურებას, არასწორ ეკონომიკურ გათვლებს, არასწორ პოლიტიკურ სვლებს, არასწორ ცხოვრებას, არარსებულ ადამიანის ღირსებას, რომელიც მუდმივად უკან გვაბრუნებს.

ხელისუფლებავ, ვიცი ყოველ ჩემს სიტყვაზე პრობლემებს საკუთარ თავს ვუქმნი, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ: ჯერ იმას მიხედეთ პარლამენტში პრივილეგიისთვის, მცონარობისა და სახელისთვის, რომ მოდიხართ! რომელ ქვეყანაშია პარლამენტარი და ხალხი განსხვავებული პირობებით? თქვენს ელიტურ კორუფციას მიხედეთ, წინა ხელისუფლების მსგავსად ეს ქვეყანა საკუთარ შპს-დ რომ აქციეთ!

ის გაიხსენეთ, როგორი საბჭოური მენტალიტეტით მართავთ ქვეყანას და საჭიროა რადიკალური სისტემური ცვლილებები და არა ერთი ტიპის, მეორე ტიპით ჩანაცვლება, რადგან ერთიცა და მეორეც მოგვბეზრდით!

გაიხსენეთ, რომ სამართალი ვერ აღადგინეთ ქვეყანაში და ჩვენმა მოქალაქეებმა საერთოდ არ იციან, სამართლებრივი გზით თავის დაცვა რას ნიშნავს და მერე მოუწოდეთ ხალხს კანონის დაცვისკენ და წაუკითხეთ მორალი, როგორ არ შელახოს ქვეყნის იმიჯი..

ღმერთო, დაგვიფარე თვალთმაქცი ხელისუფლების, პოლიტიკოსებისა პროფესიონალებისგან!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს