ხელისუფლება ხალხს სთხოვს ყველაფერზე შეგუებას და ამას არქმევს გაერთიანებას!
ხელისუფლება ხალხს სთხოვს ყველაფერზე შეგუებას და ამას არქმევს გაერთიანებას!
3 წელი შესრულდა, რაც kvirispalitra.ge-ს ბლოგერი ვარ. ამ ხნის მანძილზე არაერთი ნაკლოვანების წინ წამოწევა ვცადე, უბრალოდ, ხელისუფლების შემდეგ ძალზედ მაკვირვებს ჩემი ხალხის "დეფორმირებული აზროვნება", მიდგომები საგნებისა და კანონის მიმართ. დღეს ერთ-ერთი ბლოგის ინტერპრეტირებას შემოგთავაზებთ, იმით რითაც ფაქტობრივად დავიწყე... მაგრამ, დღემდე არსებითად არაფერი შეცვლილა.

ილია ჭავჭავაძეს 1907 წლის შემდეგ რომ ეცხოვრა, არასოდეს იტყოდა ფრაზას: ჩვენი ისტორია მხოლოდ მეფეების ისტორიაა და მასში ხალხის როლს ვერ ვხედავო. ან, თუ უკვე ნათქვამი ექნებოდა, აუცილებლად
შეცვლიდა მას. რადგან ბოლო რამდენიმე ათეული წელი მოწმობს, რომ ჩვენ არ გვყოლია მთავრობა, რომელსაც ქვეყნის მართვაზე გული შესტკივა. აბსოლუტურად სწორია ხალხის განწყობა იმასთან მიმართებაში, რომ ძალაუფლება სჭირდებათ საკუთარი კეთილდღეობისთვის.

ყველაფერს ხალხი მართავს. ხალხს არწმუნებენ, რომ მას უნდა ჰქონდეს რეაქცია ყველაფერზე და ჩვენს ქვეყანას რომ შეხედავთ
ასეც არის. ხალხს სთხოვენ პოლიტიკურ პროცესებზე რეაგირებას. კანონების მიღებაში ცხვირის ჩაყოფას. თუ ცუდი მმართველი გვყავს ხალხის ბრალია, თურმე ჩვენ არ დავიმსახურეთ უკეთესი. ვინმე ვინმეს მოკლავს ხალხის ბრალია. ვინმე ქუჩაში დედას შეიგინება და მთელი საზოგადოება ილანძღება. ვიღაც პარკში სკამს დაამტვრევს მრავლობით ფორმაში იწყება საზოგადოების ლანძღვა: "ესეც ვიკადრეთ!?" ვიღაც ქუჩაში ნაგავს დაყრის მეორე მოქალაქეს ბრალდება, რატომ მიდიოდა მშვიდად და მისთვის უცნობს ერთი მაგრად რატომ არ უთავაზა.

რადგან პოლიტიკოსებს არ ესმით, როგორ გამოასწორონ სიტუაცია, ხალხი მაინც არ უნდა აჰყვეს ამ ქაოსს, რადგან ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ მცდარია. ცოტა მცდარი კი არა ბატონებო, ძალიან მცდარია. ეს პირდაპირ ფსიქოლოგიურ ზეწოლად აღიქმება და ანადგურებს მას. ამიტომ დადიან ჩვენს ქვეყანაში ადამიანები დათრგუნულები და გაღიზიანებულები. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველა ეტაპზე იყოს დაცული ჩვენი უფლება.

ნებისმიერ დალაგებულ ქვეყანაში ნებისმიერ წვრილმან პრობლემას თუ დანაშაულს შესაბამისი ორგანოები და კანონი აგვარებს და მე, როგორც მოქალაქე, თავისუფალი ვარ, არავინ მლანძღავს იმის გამო, რომ ვიღაც ცუდია. ჩვენთან კი ყველგან და ყველაფერი ხალხია. თუ საზოგადოება ხმას არ იღებს და დაიღალა, მაშინ უუნარობაში ვადანაშაულებთ. თუ ხმას ამოიღებს მაინც ილანძღება რატომ არ გააკეთა ერთმა ისეთი შეფასება, რომ დანარჩენ 3 მილიონს მოწონებოდა.

მოკლედ, დაანებეთ ჩემს ხალხს თავი! მიეცით მას თავისი საქმე, თქვენ კი ისწავლეთ ქვეყნის მართვა!

როგორ ფიქრობთ ევროპულ ქვეყნებში ყველა ადამიანი ადამიანია? არ კლავენ? სკამებს არ ამტვრევენ? კანონს არ არღვევენ? არ იპარავენ? ნაგავს არ ყრიან?... დამისახელეთ სახელმწიფოები და ქვეყნები, სადაც მორალი და ზნეობა მართავს ქვეყანას და არა მთავრობა და კანონი!
ჩვენსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის განსხვავება ის არის, რომ რეაგირების ფორმებია ერთობ განვითარებული, რადგან ხელისუფლება მუშაობს!

როცა ხდება დანაშაული, კანონის დარღვევა, გადაცდომა ერსაც და ბერსაც ერთნაირად მოეკითხება. ჩვენთან კი, რა ხდება? თუ გყავს გავლენიანი პირი ზურგს უკან, არ მოგეკითხება. და, თუ ხარ უბრალო ადამიანი მაშინ მოგეკითხება!

ხელისუფლება კი რა მდგომარეობაშია? ქვეყანა საკუთარ შპს-დ აქცია, ხალხს სთხოვს ყველაფერზე შეგუებას, და ამას არქმევს გაერთიანებას! შეუძლებელია წლების მანძილზე პოლიტიკაში იყო და ნეიტრალური საქმე აკეთო და ყოველი არჩევნების შემდეგ ქვეყანა თავიდან იწყებდეს ცხოვრებას. შენ კი კარგად გრძნობდე თავს, რადგან ყოველთვის "თავი ქუდში გაქვს". შეუძლებელია 21-ე საუკუნეში ისევ "კლანურ" გადაჯგუფებებზე საუბრობდეთ და ხალხს იგნორს უკეთებდე. და, საერთოდ ამბობდე, მაგრამ არ იცოდე რას ნიშნავს ადამიანის ღირსება.
ვფიქრობ, - პოლიტიკოსების ცხოვრება, მათი კომენტარები და ქვეყნის მდგომარეობა ერთმანეთთან თანხვედრაში საერთოდ არ არის!
თუ გვინდა ცივილური სახელმწიფო ავაშენოთ, გაათავისუფლეთ ხალხი ზედმეტი პასუხისმგებლობებისა და წნეხისაგან! მიეცით მას შესაბამისი ასპარეზი და მიხვდებით, რომ მას უდიდესი პოტენციალი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყნისას. როცა გვეცოდინება, რომ არსებობს ერთი კანონი ყველასთვის, ჩვენ დავდგებით კანონის მხარეს.

ჩვენ ევროპელებზე ნაკლები კულტურა და ქვეყანა არ გვაქვს, არც არაფერი გვაქვს სახვეწარი, მაგრამ მხოლოდ ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში გაწევრება, საქმეს არ შველის. ჩვენ გვაქვს კარგი ქვეყანა, რომელსაც სწორი მიდგომა და მართვა სჭირდება.
მე ვითხოვ ჩემი ადამიანური უფლებების დაცვას: მომსახურების ცენტრებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო სამსახურებში და ეს არის ხელისუფლების მოსაწესრიგებელი.. ყველა რაიონში, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანაში, უნდა იყოს უფასო იურიდიული კონსულტაცია და ამის, მასიური რეკლამირება ხდებოდეს. სასამართლომდე უნდა მუშაობდეს არაერთი შესაბამისი ინსტანცია და თუ არ იცით რა ნიშნავს ეს, გადახედეთ ცივილურ ქვეყნებს. ადამიანები უნდა მოერგონ კანონებს და წესებს, მკაცრად უნდა იყოს მათი ქცევის ნორმებიც კი გაწერილი და არა თავად ჩხუბით აგვარებდნენ ყველაფერს, ისე, როგორც მათ საქმეს წაადგება.

ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას.

თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია, ეს ნიშნავს ზედმიწევნით კანონის დაცვას. ყველა ადამიანის წესებში მოქცევას და ამასთანავე, თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვას და არა "ეროვნული მენტალიტეტის" შეცვლის მოლოდინს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ლევანი
22 აპრილი 2019 14:35
როგორც ყოველთვის, ჭკვიანურად წერ,მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები