რა "მუღამი" აქვს საფლავზე ქეიფს? - კვირის პალიტრა

რა "მუღამი" აქვს საფლავზე ქეიფს?

ნაცნობი მეკითხება, იყავი სასაფლაოზე? ვპასუხობ, რომ არა. ნელ-ნელა თვალები უფართოვდება ცნობისმოყვარეობის ნიშნად და წარბებს ზემოთ ქაჩავს. ვიდრე მკითხავს- რატომ? ვპასუხობ: ჩვენ საფლავზე გავდივართ აღდგომიდან ერთი კვირის თავზე. სანთელს ვანთებთ, ნაკურთ წყალს ვასხამთ, თუ გასაწმენდია სასაფლაო, ვწმენდთ და მოვდივართ. წარბები თავის ადგილს უბრუნდება, მაგრამ თვალებში გაკვირვების ნაპერწკალი მაინც უციმციმებს. მე ვაგრძელებ, აღდგომა ცოცხლებისთვისაა და არა მკვდრებისთვის.

ჩვენი პატრიარქი წლების განმავლობაში ერთი და იმავეს გვიჩიჩინებდა, - საფლავთა კურთხევა აღდგომიდან ერთ კვირაშიაო და ხალხმა თავისი გაიტანა. არ დაუჯერა პატრიარქს, არ მოეშვა აღდგომის დღეს საფლავებზე "ქეიფს". პატრიარქიც იძულებული გახდა საფლავებზე გასვლის დღედ აღდგომის მეორე დღე, ანუ ორშაბათი ეკურთხა.

ხანდახან, ვფიქრობ, რა ძალისხმევა შეიძლება დასჭირდეს ჩვენს ეკლესიას, რომ დავუშვათ ჩვენს შეგნებაში, -სასაფლაოზე გაგორებული კვერცხი არ ვჭამოთ. რა უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რომ ეს მავნე, ერთობ არაქრისტიანული რიტუალი, სასაფლაოებზე სმა-ჭამა დაივიწყოს ხალხმა. მიცვალებულებს კი მიაგოს შესაბამისი პატივი?!

ამ ღრეობის შედეგები განსაკუთრებით შემაწუხებელია ჩემთვის, ერთი კვირის თავზე. როცა კუკიის სასაფლაოზე მივაბიჯებ და ვხედავ, საფლავებზე დატოვილ ნაგავს, გაფუჭებულ კვერცხებს, დამჭკნარ ყვავილებს და ზოგან ცარიელ ბოთლებს.

ვფიქრობ, ნუთუ მკვდრებს რაიმე მიუვიდათ, თუნდაც ერთი ჩახოხბილთაგანი? იქნებ თავად მიცვალებულებმა იქეიფეს, სვეს, ჭამეს, მუცელი ამოიყორეს (უკაცრავად) და ყველაფერი ასე დატოვეს?

2000 წლიანი ქრისტიანული ქვეყანა, წარმართული რიტუალებით არის გაჯერებული. სასაფლაოებზე ქეიფი და მკვდრებისთვის მირთმეული საკვების ჭამა, არ გახლავთ ქრისტიანული ტრადიცია. რა საკვები იკურთხება და რატომ, გთხოვთ მოიძიოთ და იქნებ შეეშვათ ასეთ რიტუალს.

ჩემს ღრმა ბავშვობაში, ჩვენს დიდ ბებიას ბავშვები გავყევით სასაფლაოზე. ვიდექი და მახსოვს ბებო, როგორ მაძალებდა შემწვარი ქათმის ხორცი მეჭამა. მერე ერთი დიდ არყის ბოთლს პირი მოხადა და მთელს საფლავზე "მოაპკურა". გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა. დღეს, საფლავზე სხვების ჭამა-სმას, რომ ვუყურებ, იგივე გრძნობა მიმძაფრდება.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და როგორც კი ჩემი სულის ძებნა დავიწყე, ყველაფერი თავისით დალაგდა. მივხვდი, რამხელა სიბრმავეა ასეთი რაღაცეების კეთება.

ჰო, ერთი ამბავიც გამახსენდა. ერთ-ერთ მონასტერში ვიყავი. მეუფეს ახლადგარდაცვლილის სახელზე საკვები მოუტანეს და სთხოვეს ეკურთხებინა. როცა ყველაფერი მოვამზადეთ და მონასტრის წინამძღვარი მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ტაძარში ვიდექით სამი დედაო და ერთი მე. არც ერთი ჩვენგანი მიცვალებულის ოჯახს არ ვიცნობდით. წინამძღვარი აღშფოთდა: მიცვალებულს საჭმელ-სასმელი კი არა, ახლობლის მხრიდან ხსოვნა-მოხსენიება სჭირდება, პერიოდულად მსახურების აღსრულება, თვითონ კი მოსვლაც არ იკადრა. დაუბრუნეთ ეს ყველაფერი მას, თქვა და პანაშვიდი გააუქმა. აბსოლუტურად მესმის ამ სასულიერო პირის.

წარმოიდგინეთ რამდენი ასეთია ქვეყანაზე, როცა საკუთარი მიცვალებულის მოსაგონრად წლიდან წლამდე ვერ იცლის, საფლავი მოუვლელია, მშიერთათვის პურს არ გაიღებს და აღდგომა დღეს მის საფლავზე ერთი კარგად იქეიფებს.

გთხოვთ, არ მითხრათ რა შენი საქმეა, შევეშვათ ერთმანეთსო. მე არ გაკრიტიკებთ, უბრალოდ, გამოვთქვამ დიდ სურვილს, რომ ამ მახინჯ ჩვეულებას შეეშვას ხალხი, თუმცა მშვენივრად ვიცი ისიც, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც საკუთარი სულის დაღუპვისთვის, აქვს თავისუფალი ნება.

ერთი რამ კარგად მესმის, ჩვენი წინაპრები ცრუ ქრისტიანობას, ცრუ ქვეყანას, ცრუ იდეალებს აშენებდნენ. 70 წელი ილუზიაში იცხოვრეს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მოხდეს წარსულის შესწავლა, რაღაცეების გადაფასება, საღი გონებით ცხოვრების დაწყება. არ მეთანხმებით?

არაო- მეტყოდა ჩემი მეზობელი მარინა. ეს ტრადიციაა და შენ ტრადიციის წინააღმდეგ რატომ ხარო? ზუსტად ეს მარინა ალბათ "გამოენთება" ოდესმე, ქრისტიანობას და ქვეყანას მართმევენო. მაგრამ, კითხვა, რომ შეუბრუნოთ, დარწმუნებული ვარ ვერ გიპასუხებთ ვინ რას ართმევს იმაზე მეტს, ვიდრე საკუთარ სულებს ძარცვავენ.

მეზობელი მარინა, რომელიც უკვე მერამდენედ, ლამის ჩხუბის ტონით მეუბნება, რომ აღდგომიდან ერთი კვირის თავზე კვერცხის შეღებვა აუცილებელია და ამას აღდგომის განახლება ჰქვიაო. ღმერთო, გინდა წლის ბოლოს შეღებე, თუ წითლადშეღებილი კვერცხის ჭამა გახარებს, ვინ გიშლის, მაგრამ მას რა კავშირი აქვს რელიგიასთან?!

აღარ გავაგრძელებ. დაგღალეთ უკვე არა?

მოკლედ, დასრულდა სასურსათო მაღაზიებში დაუსრულებელი რიგები, ერთმანეთთან ჩხუბი, სააღდგომოდ გაზრდილი ფასები, მოტყუება წონაში, ქაოსი ქუჩებში, დღესასწაულზე უცებ გამდიდრების სურვილი, "ჩიტის რძე, რომ არ უნდა აკლდეს აღდგომის სუფრას"- იმაზე ფიქრი, "იმდენი პასკა ვჭამე, პასკის დანახვა აღარ შემიძლიაზე" ლაპარაკი და ბოლოს ჩვენი მამა-პაპური, თუ ტრადიციული ქეიფი საფლავებზე.

ვუბრუნდებით ჩვენს ყოველდღიურ ყოფას. აი, ასეთი ხალხის მიერ აწეწილ პოლიტიკურ ცხოვრებას, სადაც ალბათ ასევე "ფურორის" მოხდენას შევძლებთ.

2019 წლის აღდგომაც ნელ-ნელა ისტორიას ბარდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს